Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად გამჭვირვალეა საქართველოს ბიუჯეტი


ანალიტიკოსი მარიამ ხოტენაშვილი პრესკონფერენციაზე
ანალიტიკოსი მარიამ ხოტენაშვილი პრესკონფერენციაზე
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველომ ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და შესრულების ანგარიშვალდებულების მაჩვენებლებით მაქსიმალური 100 ქულიდან 55 აიღო. ანგარიშის ავტორთა თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის რაოდენობისა და ადეკვატურობის დონე მაღალია დანარჩენი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს საზოგადოებას ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილზე მიუწვდება ხელი. რამდენად გამჭვირვალეა საქართველოს ბიუჯეტი?

საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო, რამდენიმე დღით ადრე კი ფინანსთა მინისტრმა მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. კახა ბაინდურაშვილმა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის დეტალებზე თითქმის ორი საათის განმავლობაში ილაპარაკა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსი მარიამ ხოტენაშვილი ამბობს, რომ საქართველოს „ღია ბიუჯეტის ინდექსი“ მთავრობის მიერ შედარებით ამომწურავი საბიუჯეტო კანონპროექტის გამოცემამ გააუმჯობესა:

„საქართველოს „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ ქულა უკანასკნელ წლებში შესამჩნევად გაუმჯობესდა. 2006 წელთან შედარებით, როდესაც საქართველომ მაქსიმალური 100 ქულიდან 34 ქულა დააგროვა, წელს ეს მაჩვენებელი 55–მდე გაიზარდა. საქართველოს „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ ქულის გაუმჯობესება უმეტესად მთავრობის მიერ გამოცემული შედარებით ამომწურავი საბიუჯეტო კანონპროექტის ხარჯზე მოხდა. ეს ნახტომი - 34-დან 55 ქულამდე - ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იყო, რომელიც მსოფლიოს რომელიმე ქვეყანას ჰქონია. ამ ნახტომის შედეგად, საქართველო საშუალოზე დაბალი დონიდან საშუალოზე მაღალ დონეზე ავიდა.“

შედეგად, საქართველო, „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ მიხედვით, ისეთი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, როგორიცაა იტალია, ხორვატია, თურქეთი, არგენტინა და სლოვაკეთი. მაინც რამ განაპირობა საქართველოს ამგვარი წინსვლა „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის“ მიერ შედგენილ რეიტინგში? აღმოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობა გამოსცემს ამომწურავ წინასაბიუჯეტო განაცხადს, დამტკიცებულ ბიუჯეტს, წლიურ კვარტალურ ანგარიშებსა და საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს. რაც შეეხება ხარვეზებს, „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის“ კვლევის მიხედვით, მთავრობა ხელმისაწვდომს ხდის მხოლოდ მინიმალური ინფორმაციის შემცველ წლიურ საბოლოო ანგარიშსა და აუდიტის შედეგებს. და კიდევ, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ანა შალამბერიძე ამბობს, ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება ბიუჯეტით გაწერილი ხარჯების დაზუსტება:

„ჩვენი პროექტი მოიცავდა თითოეული მოხელის ხელფასებისა და პრემიების გამჭვირვალობას. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია არ არის გამჭვირვალე. საჯარო დაწესებულებების უმეტესობა ამ მონაცემებს ასაიდუმლოებს და პერსონალურ ინფორმაციად მიიჩნევს“, უთხრა ანა შალამბერიძემ რადიო თავისუფლებას.

ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ბიუჯეტის მაკონტროლებელი ორგანოების - პარლამენტისა და კონტროლის პალატის - არაეფექტიანობა. მარიამ ხოტენაშვილის თქმით, „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობა“ საქართველოში საბიუჯეტო პროცესის ზედამხედველობის ამ ორგანოებს „საშუალო სიძლიერის“ ინსტიტუტებად მოიხსენიებს.

ეკონომიკის ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტის მაკონტროლებელი ორგანოების ეფექტიანობა ძალზე დაბალია, რის მიზეზადაც ყოფილი დეპუტატი და კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი დემურ გიორხელიძე მთავრობაზე დამოკიდებულებას ასახელებს.

კონტროლის პალატა, კანონის მიხედვით, პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული, თუმცა, როგორც ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე ამბობს, ეს ნიუანსი ვითარებას არსებითად ვერ ცვლის:

„დიდი განსხვავება პარლამენტსა და მთავრობას შორის არ არის, ამიტომ მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო, ასეთი სიტუაციაა.“

„ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობაც” საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს ბიუჯეტის კანონპროექტში ცვლილებების შეტანის თვალსაზრისით მეტი ძალაუფლება მიანიჭოს საკანონმდებლო ორგანოს, ხოლო კონტროლის პალატამ უფრო დახვეწილი აუდიტორული ანგარიშები გამოაქვეყნოს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG