Accessibility links

logo-print

მედიის კანონპროექტების თაობაზე მსჯელობა გრძელდება


მედიაექსპერტების შეხვედრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში

მედიაექსპერტების შეხვედრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში

მედიაექსპერტებისგან შემდგარი საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებათა კომპლექსური პაკეტი მოამზადა და საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტსაც მიმართა, კონსულტაციებს განაგრძობს. მათ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტებს მხარს უჭერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ხელისუფლებას მოუწოდებს ცვლილებები კანონებში სწორედ ამ პაკეტის გათვალისწინებით მიიღოს, რადგან, მათი აზრით, პარლამენტის 2 კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მედიაში არსებული პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილს გადაჭრის.

მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მედიის მფლობელთა ვინაობისა და ფინანსური გამჭვირვალობის იდეით გამოვიდა, ორი რამ მოხდა: პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ მომზადებული კანონპროექტი, როგორც ბაქრაძის მოწოდების შედეგი, პარალელურად კი საზოგადოებას მედიაექსპერტთა ჯგუფმა წარუდგინა მოზრდილი საკანონმდებლო პაკეტი მედიაში არსებული ვითარების გამოსასწორებლად. განსხვავება ისაა, რომ პირველი ცვლილებებს მოიცავს მხოლოდ მაუწყებელთა შესახებ კანონში - ხელისუფლება სხვა კანონებში ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს და ამის შესახებ ღიად განაცხადა კიდეც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მან თქვა, რომ ”მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად” 2004 წლის შემდეგ საქართველოში მიღებული საკანონმდებლო აქტები მოწონებულია ამ სფეროში მოქმედი ”ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის” მიერ და შეფასებულია როგორც ”ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური”. დეპუტატს მაგალითად მოჰყავს კანონები ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” და ”მაუწყებლობის შესახებ”.

მაგრამ ასე არ ფიქრობს საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფის წევრი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე და შესაბამისი არგუმენტაციაც აქვს:

”ქალბატონმა ჩიორამ კი თქვა, რომ ვერ ხედავს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას, მაგრამ, სამაგიეროდ, ამის საჭიროებას ხედავს რეგიონში მოღვაწე ასობით ჟურნალისტი”.

ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ ის და მისი თანამოაზრეები დავით ბაქრაძესთან შეხვედრას მისი ცნობილი განცხადების შემდეგ აქტიურად ითხოვდნენ. განსაკუთრებით კი ეს შეხვედრა სასურველი იქნებოდა ახლა, როდესაც ცნობილი გახდა უმრავლესობის კანონპროექტის შინაარსი, რაც, ჩაფიძის შეფასებით, აბსოლუტურად არ ემთხვევა პარლამენტის თავმჯდომარის თავდაპირველ მოწოდებას. რადიო თავისუფლება კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ საკვანძო საკითხზე, რომელიც ექსპერტთა კრიტიკის საგანი გახდა:

”უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტში წერია, რომ კომპანიის 10% შეიძლება იყოს იმ პირის საკუთრებაში, რომელიც რეგისტრირებულია ოფშორში, იქნება ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირი. არსებული კანონმდებლობით კი, ასეთ კომპანიას შეუძლია დადოს ხელშეკრულება სხვა პარტნიორებთან იმის შესახებ, რომ სწორედ მისი 5%-დან მიიღებოდეს მთავარი გადაწყვეტილებები ამა თუ იმ კომპანიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ სუროგატის სახით შემოგვაპარებენ იმავე მფლობელებს, რომლებიც დღეს ჰყავთ ტელევიზიებს და ცრუ მესაკუთრეებს, რომლებიც ამ ტელევიზიებს რეალურად არ მართავენ. ასეთი ცვლილება კი საზოგადოებას არ აკმაყოფილებს”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის, რომელიც მხარს უჭერს მედიაექსპერტთა ჯგუფის კანოპროექტს, წარმოდგენილი წინადადებები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის არ ისახავს მიზნად მხოლოდ ერთი კომპონენტის მოგვარებას და, რაც მთავარია, ბოლომდე მკაცრი რჩება მედიამფლობელებისათვის ლიცენზიის მინიჭების წესის საკითხში, განსხვავებით კანონპროექტის სახელისუფლებო ვარიანტისაგან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ხელისუფლებას პოლიტიკური ნების გამოჩენისა და საინიციატივო საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების მიღებისაკენ მოუწოდებს:

”მედიაექსპერტების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ბოლო დეტალამდე უზრუნველყოფს იმას, რომ მედიამფლობელი პირი ვერ მალავდეს თავის ვინაობას, მაშინ როდესაც ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს დაარეგულიროს პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილი და იმ ნაწილშიც კი, რომლის მოგვარებასაც მიზნად ისახავს, ტოვებს ხვრელებს. მაგალითად, კანონში დატოვებული 10%-იანი წილების საკითხი სერიოზულ პრობლემებს შექმნის”.
XS
SM
MD
LG