Accessibility links

logo-print

ავსტრიაში მოკლული ჩეჩენის საქმეზე სასამართლო დაიწყო


ავსტრიაში სამი მამაკაცი წარსდა სასამართლოს წინაშე უმარ ისრაილოვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. ისრაილოვი ერთ დროს ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის პირადი დაცვის წევრი იყო - შემდეგ კი მის კრიტიკოსად იქცა. 27 წლის ისრაილოვმა თავშესაფარი ავსტრიაში ითხოვა. ის ვენაში, 2009 წლის იანვარში მოკლეს. პროკურორების თქმით, თავდაპირველად მისი გატაცება იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ ის მოკლულ იქნა. ავსტრიელი გამომძიებლების ვარაუდით, გატაცების ბრძანება თავად კადიროვმა გასცა - თუმცა პროკურორებს მისთვის ბრალის წაყენებისთვის საკმარისი მტკიცებულება არ აქვთ. ჩეჩნეთის პრეზიდენტი საქმესთან კავშირს უარყოფს. სასამართლოს წინაშე დღეს წარდგენილი სამი პირი რუსეთის მოქალაქეა. მათ ბრალი მკვლელობაში მონაწილეობაში ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თუმცა პირი, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, ისრაილოვი უშუალოდ მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით, ჯერაც თავისუფალია. ისრაილოვი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში, ადამიანის უფლებების სასამართლოზე მიმდინარე პროცესებში ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო. ის აცხადებდა, რომ იგი კადიროვმა აწამა.
XS
SM
MD
LG