Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეიმურაზ ჯერაპოვს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ


ცხინვალი
ცხინვალი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ 15 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილ ეკონომიკის მინისტრს თეიმურაზ ჯერაპოვს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ჯერაპოვს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 278–ე მუხლით წაუყენეს, რაც ხელისუფლების ძალადობრივად მიტაცებას და კონსტიტუციური წყობის დარღვევას გულისხმობს. თეიმურაზ ჯერაპოვი, რომელიც ერთდროულად საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა, ოსური უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა აპრილში ჯავის რაიონის სოფელ სინაგურთან დააკავეს.

2006 წლიდან ჯერაპოვის წინააღმდეგ ცხინვალში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და მას დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა ეძებდა. როგორც ცნობილია, 2006 წლის ნოემბერში თეიმურაზ ჯერაპოვმა სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. იმ დროს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ ამ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატზე სისხლის სამართლის საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით აღძრა და მათზე ძებნა გამოაცხადა.

ალტერნატიულ არჩევნებში დიმიტრი სანაკოევის გამარჯვების შემდეგ ჯერაპოვი ჯერ ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა, ხოლო მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია იურიდიულად გაფორმდა, იგი ეკონომიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დროებითი ადინისტრაცია ქურთადან თბილისში გადავიდა, სადაც კადრების შემცირება მოხდა. ამ შემცირებაში თეიმურაზ ჯერაპოვიც მოყვა. მის შესახებ ის არის ცნობილი, რომ დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. ცნობილია, რომ ჯერაპოვს ბიზნესი ვლადიკავკაზში ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში, ვლადიკავკაზში ცხინვალის გავლით უპრობლემოდ ჩადიოდა ხოლმე.

ჯერაპოვს ხელი მიუწვდებოდა ადმინისტრაციის ფინანსურ დოკუმენტაციასა და ეკონომიკურ პროექტებზე. დროებით ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მას აგვისტოს ომის შემდეგ დიმიტრი სანაკოევთან ურთიერთობა დაეძაბა, რადგან მან ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა, ეს კი ადმინისტრაციიდან მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა.

ცხინვალში სასამართლოს დასრულების შემდეგ ადგილობრივ ჟურნალისტებს ჯერაპოვთან გასაუბრების საშუალება მისცეს. მან წაყენებული ბრალდება ნაწილობრივ აღიარა. ადგილობრივ ჟურნალისტებს ყველაზე მეტად ის აინტერესებდათ, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი. ჯერაპოვის თქმით, აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო, რის თქმასაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის არაერთხელ შეეცადა.

„ნაწილობრივ ვაღიარებ, რომ დავუჯერე ჩვენს მთავრობას, პირადად სააკაშვილს, რომელმაც მე პირადად მითხრა, რომ ომი არ იქნებოდა. მშვიდობიან დროს კი მე ორი ძმის - ქართველების და ოსების - დაახლოებას ვცდილობდი. ხელისუფლების ხელში ჩაგდებას მე ხელს არ ვუწყობდი. ერთხელ შეხვედრა მომიწყვეს ბი-ბი-სის და სი-ენ-ენის ჟურნალისტებთან. როცა მოვყევი, რაში იყო საქმე, მათ ინტერვიუს აღებაზე უარი განაცხადეს. უარი იმიტომ თქვეს, რომ იქ ომის დამწყებზე იყო საუბარი, ომი კი ქართველმა ხალხმა კი არა, სააკაშვილმა დაიწყო“, – ამბობს ჯერაპოვი.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია თეიმურაზ ჯერაპოვს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის აზრით, ცხინვალში პოლიტიკურ–სანახაობრივი პროცესი გაიმართა და ჯერაპოვს ის ათქმევინეს, რაც მათ სურდათ. სანაკოევი ამ ყველაფერს ბინძურ პოლიტიკურ თამაშს უწოდებს:

„ეს იყო სანახაობრივი პროცესი. ასე შეეძლოთ, დავუშვათ, ვოვა სანაკოევი და ძმები ქარქუზოვებიც გაესამართლებინათ, რომლებიც ვლადიკავკაზში თავს მშვენივრად გრძნობენ, მაგრამ ეს სანახაობა მათ საკუთარი საზოგადოებისთვის დადგეს“, –აღნიშნა სანაკოევმა.

თეიმურაზ ჯერაპოვის ქალიშვილმა თამარ ჯერაპოვამ მამისთვის გამოტანილი განაჩენის შესახებ ჩვენგან შეიტყო და ძალზე აღელდა. მისი აზრით, მამა პოლიტიკური პატიმარია და შეეცდება დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს.

თეიმურაზ ჯერაპოვს უფლება აქვს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება 10 დღის განმავლობაში საკასაციო წესით გაასაჩივროს. როგორც მან სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა, სასჯელის შემსუბუქებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG