Accessibility links

ხილის დეფიციტის გამო გორში დახურული საწარმოები


შ.პ.ს “სამეგობროს” ქარხანა

შ.პ.ს “სამეგობროს” ქარხანა

გორის რაიონში თითქმის ყველა ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დახურულია. წელს ვაშლის მცირე მოსავალმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო როგორც გლეხები, ისე მეწარმეები. ხილის კონცენტრატის ქარხნის, შპს “სამეგობროს” დირექტორს ზაურ საგანელიძეს ბოლო ათი წლის განმავლობაში ხილის ასეთი მცირე მოსავალი არ ახსოვს. ოქტომბერში საწარმომ ძირნაყარი, ეგრეთ წოდებული ნაქარი ვაშლის მიღება გამოაცხადა და კილოგრამში 7 თეთრს იხდიდა, მაგრამ ქარხანაში მხოლოდ 300 კილოგრამი ხილი შევიდა. ამჟამად გაჩერებული საწარმოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზარალი დიდია. გარდა ამისა, ზაურ საგანელიძის თქმით, სამუშაო ადგილების გაუქმების გარდა, საზღვარგარეთ ათვისებული ბაზარიც იკარგება.

ვაშლის კონცენტრატის მცირე რაოდენობა გამოუშვა ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანა „კულამ“. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქარხანა გლეხებს კილოგრამში 14 თეთრს სთავაზობდა, ხილის დეფიციტის გამო პროდუქციის გამოშვება ვერ ხერხდებოდა, ამიტომ „კულამ“ სხვა მიმართულება აირჩია და ყველანაირი ხილის მიღება დაიწყო. „კულას“ ხელმძღვანელის ვანო გოგლიძის თქმით, ქარხანა ამჟამად 60-პროცენტიანი დატვირთვით მუშაობს და პროდუქცია, ქართული ბაზრის გარდა, უცხოეთშიც გადის.

არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ფერმერები, რომელთა შემოსავლები ხილის მოსავალზეა დამოკიდებული. კონფლიქტის ზონის ქართული სოფლების მცხოვრებლები მთლიანად მოსავლის რეალიზაციაზე იყვნენ დამოკიდებულნი, მცირე მოსავლის გამო მათ არ იციან ზამთარს როგორ გაატარებენ. აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ სოფლებში დაწყებული ჰუმანიტარული დახმარების დარიგებაც რამდენიმე თვის წინ შეწყდა. მცირე მოსავლის მიზეზად გლეხები გვალვას და უხარისხო შხამ-ქიმიკატებს ასახელებენ.

გორის რაიონში არსებული 5 ხილის გადამამუშავებელი ქარხნიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. დეფიციტის გამო გორის ბაზარში კილოგრამი ვაშლის ფასი 4-5 ლარია, ასეთი მაღალი ფასი გორელებს საერთოდ არ ახსენდებათ. ახლა ფერმერებიც, გლეხებიც და მეწარმეებიც მომავალი წლის მოსავლის იმედად არიან.
XS
SM
MD
LG