Accessibility links

ეჭვმიტანილი რუსი იარაღის დილერი ამერიკას გადაეცა


ვიქტორ ბუტის ექსტრადირების პროცესი

ვიქტორ ბუტის ექსტრადირების პროცესი

ტაილანდის მთავრობის გადაწყვეტილებით, იარაღის დილერობაში ეჭვმიტანილი ვიქტორ ბუტი ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ექსტრადირებულ იქნა შეერთებულ შტატებში. ტაილანდის ამ ნაბიჯმა გააღიზიანა რუსეთი, რომელსაც ბუტის საქმის გამო დიპლომატიური დაპირისპირება ჰქონდა შეერთებულ შტატებთან.

იარაღის მომგებიანი ვაჭრობით მსოფლიოში სახელგანთქმული ვიქტორ ბუტი შეერთებულ შტატებს 16 ნოემბერს გადაეცა. ტაილანდის პოლიციისა და აეროპორტის თანამშრომლების ინფორმაციით, ბუტის ექსტრადიცია ბანგკოკიდან ამერიკული სპეციალური თვითმფრინავით განხორციელდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ტაილანდის მთავრობამ ძალიან სწრაფად, სასამართლოს ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე მიიღო. ბუტის ადვოკატმა ექსტრადიციის ტექნიკური დეტალები მოკლედ აღწერა:

„ დადასტურდა, რომ მათ ბუტი ჩასვეს მანქანაში და 10 წუთის წინ აეროპორტში წაიყვანეს.“

დღევანდელი ნაბიჯი გაგრძელებაა მრავალთვიანი სამართლებრივი დავისა იმ საქმეზე, რომელმაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური დაპირისპირება გამოიწვია. რუსეთს ბუტის ექსტრადიციაზე გაღიზიანებული რეაქცია ჰქონდა. მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბუტის ექსტრადიციას უწოდა „უკანონო“ და ვაშინგტონი „ტაილანდის მთავრობაზე ზეწოლაში“ დაადანაშაულა. მეუღლის ექსტრადიციას უკანონო უწოდა ბუტის ცოლმა, ალამ, რომელმაც გაზეთ „კომერსანტს“ უთხრა, რომ „მეუღლის უფლებების დაცვას მედიისა და უფლებადამცველების დახმარებით, საზოგადოებრივი აზრის შექმნით შეეცდება.“

„სიკვდილით მოვაჭრის“ სახელით ცნობილ ვიქტორ ბუტს შეერთებულ შტატებში სერიოზული სასამართლო ელოდება. 43 წლის რუსი ბიზნესმენი ბანგკოკში 2008 წელს შეერთებული შტატებისა და ტაილანდის სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს. მას იარაღის უკანონო ვაჭრობაში სდებენ ბრალს. ამერიკელი გამომძიებლების მტკიცებით, ბუტი დიდი რაოდენობით საბრძოლო იარაღს - აკრძალულ „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტებს, ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო შვეულმფრენებსა და თვითმფრინავებს - აწვდიდა კოლუმბიელ მეამბოხეებსა და სხვა დაჯგუფებებს, რომლებსაც შეერთებული შტატები ტერორისტულად მიიჩნევს. აგვისტოში ტაილანდის პირველი ინსტანციის სასამართლომ შეერთებულ შტატებს უარი უთხრა ბუტის ექსტრადიციაზე, მაგრამ, ამერიკელი პოროკურორების მიერ წარდგენილი დამატებითი ბრალდებების საფუძველზე, ოქტომბერში ტაილანდის სასამართლომ ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

ბუტი ეჭვმიტანილია ასევე ფულის გარეცხვის, ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობის ორგანიზებისა და ტერორისტული აქტების განსახორციელებლად საჭირო ნივთიერებებით ვაჭრობაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ვიქტორ ბუტს სამუდამო პატიმრობა ელოდება. თავად ბუტი ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG