Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმრავლესობისა და ოპოზიციის დიალოგის მეორე რაუნდი


ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ცსკ-ის შენობაში
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ცსკ-ის შენობაში
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კონსულტაციები ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ოთხ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე ძირითადად ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის უმთავრესი კი გადაწყვეტილების მიღების წესზე შეთანხმება იყო.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მორიგი დიალოგი უმრავლესობასა და 15 ოპოზიციურ პარტიას შორის 17 ნოემბერს ცენტრალურ საარჩვნო კომისიაში ზუსტად 3 საათზე დაიწყო. შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ნაწილი იმედს გამოთქვამდა, რომ დიალოგის მეორე რაუნდში ტექნიკური საკითხების განხილვა საბოლოოდ დასრულდებოდა და დიალოგი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შინაარსობრივ მხარესაც მოიცავდა, თუმცა შეხვედრის ოთხი საათი ისევ და ისევ ტექნიკური საკითხების შეთანხმებას დაეთმო. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განსაზღვრეს შემდგომი შეხვედრების თანმიმდევრულობა, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ჯგუფის მონაწილეთა ვინაობა, დააზუსტეს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დიალოგის პროცესში მონაწილეობის საკითხი, დღის წესრიგში დადგა გადაწყვეტილების მიღების წესის შეთანხმებაც.

თუმცა მხარეები შეთანხმების წესზე ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ. მოვისმინოთ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის კომენტარი:

პავლე კუბლაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
”მნიშვნელოვანია ის, რომ საბოლოოდ შეთანხმდა გადაწყვეტილების მიღების წესი. ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება ის, რომელიც მხარდაჭერილი იქნება უკლებლივ ყველა მონაწილის მიერ, ანუ რომელზეც შედგება კონსენსუსი... მაგრამ იმ საკითხებზე, რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები, ”ნაციონალური მოძრაობა” და ჯგუფის სხვა წევრებიც - თუნდაც არა ყველა - მხარს დაუჭერენ, მუშაობა გაგრძელდება შემდგომში. ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შემდგომ ამ ფორმატს ჰქონდეს შედეგი”.

არასამთავრობო ორგანიზაციის - ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა აცხადებს:

”დღეს გადაწყვეტილების მიღების წესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა პოზიციები არის დაახლოებული და ჩვენ შევთანხმდით, რომ ის, სავარაუდოდ, მომავალი კვირისათვის იქნება მიღებული. დეტალები კვლავ დასაზუსტებელია”.

საბოლოო ჯამში, ოთხსაათიანი მსჯელობისა და დისკუსიის შედეგი ჟურნალისტებს შეხვედრიდან გამოსულმა მემარჯვენემ მამუკა კაციტაძემ, თუ შეიძლება ასე ითქვას, გადაუთარგმნა:

მამუკა კაციტაძე, "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი
”შევჯერდით, რომ ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ ფორმატთან დაკავშირებით. თუ ხელისუფლება არის საერთო პოზიციაში ჩართული, ამ გადაწყვეტილებას ჰქვია საერთო მაგიდის გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰქვია ხელისუფლებისა და მაგიდის უმრავლესობის გადაწყვეტილება, ან ხელისუფლებისა და მაგიდის უმცირესობის გადაწყვეტილება; ამასთანავე, ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ პოზიცია, რომელსაც ის დააფიქსირებს ამ მაგიდასთან, ეს იქნება უმრავლესობასთან ერთად თუ უმცირესობასთან ერთად, აუცილებლად აისახება საქართველოს პარლამენტში”, - განმარტავს მამუკა კაციტაძე.

შეხვედრიდან გამოსულმა რესპუბლიკელმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ შედგა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მომავალი კვირიდან მხარეები უკვე კონკრეტული თემების განხილვას შეუდგებიან.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რვა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო და ხელისუფლებას წარუდგინა პაკეტი, რომელიც ხუთ საკითხს მოიცავს. ესენია: საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი, არჩევნების დღე, საარჩევნო დავების განხილვის სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. რაც შეეხება საპარლამენტო პარტიებს, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის გარდა, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად მუშაობდა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დაწყებულ მოლაპარაკებებში წინა კვირას ჩაებნენ: „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ქართული დასი“, „დემოკრატიული პარტია“, „ჩვენ თვითონ“ და „თავისუფლება“. პროცესს ასევე შეუერთდა კიდევ ერთი არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალა – მრეწველთა პარტია.

”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია მხარეებს ცვლილებების საკუთარ პაკეტს წარუდგენს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ უზრუნველყოს არჩევნების პროცესში თანაბარი, კონკურენტული გარემოს შექმნა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დიალოგის პირველი რაუნდი 10 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა, და როგორც იქ გადაწყდა, შეხვედრები ყოველ ოთხშაბათს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG