Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და რუსეთი ნატოს სამიტის სარკეში


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ვარშავაში
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ვარშავაში
ნატოს ლისაბონის სამიტის წინ, რომელსაც ალიანსი, ასე ვთქვათ, რუსეთთან შერიგების უმნიშვნელოვანეს სარბიელად განიხილავს, იმავე ალიანსის საპარლამენტო ასამბლეა იმავე რუსეთს ოკუპანტად მოიხსენიებს და პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგებზე. საუბარია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 16 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციაზე (ნომრით 382), რომელიც საქართველოში არსებულ სიტუაციას ასახავს. რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ? როგორ შეიძლება აისახოს ასამბლეის მკაცრი და პრინციპული განაცხადები ნატო-რუსეთი-საქართველოს ერთგვარ სამკუთხედზე?

მართალია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ალიანსის წევრი 28 ქვეყნის ლიდერები არ აწერენ ხელს, მაგრამ, ეჭვგარეშეა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოთა გავლენიანი წარმომადგენლების დასკვნები შორს არ უნდა იდგეს ქვეყანათა ლიდერების პოზიციებისგან. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი ჩვენთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ 16 ნოემბრის რეზოლუციას, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, გერმანიამ და საფრანგეთმაც დაუჭირეს მხარი. თბილისისთვის ეს იმის მანიშნებელია, რომ ევროპაში რეალური მდგომარეობის აღქმის ადეკვატურობა გაიზარდა.

რუსეთს გამოსავალი, უბრალოდ, არა აქვს. ის ან უნდა წავიდეს დასავლეთთან კონფრონტაციაზე და გაწიროს თავი სამუდამოდ ჩამორჩენისათვის, ან გადახედოს ზოგიერთ - შეიძლება მისთვის უსიამოვნო, მაგრამ სამართლიან - მოთხოვნას...
”...რომ ნამდვილად არის ოკუპაცია, რომ რუსი ჯარისკაცები არ არიან ტურისტები და ნამდვილად განხორციელდა ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია ფორმულირება, რომლის მიხედვითაც რუსეთს ეთნიკური წმენდის აღმოფხვრას მოუწოდებენ. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური დოკუმენტია, მაგრამ სამართლებრივ-პოლიტიკური დისკუსია გაიხსნა ამ რეზოლუციით”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კანდელაკმა.

ეჭვი ცოტას თუ შეეპარება იმაში, რომ 16 ნოემბრის რეზოლუციის სიურპრიზი სასტიკად გააღიზიანებს რუსეთს; თუმცა რამდენად შეიძლება იმოქმედოს ოკუპაციასა და ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებლობის დაკისრებამ რუსეთისა და ნატოს სამომავლო ურთიერთობებზე? მით უმეტეს ახლა, ლისაბონის სამიტის წინ, სადაც 20 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს შერიგებასთან დაკავშირებული დიდი იმედებით ელოდებიან.

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ბოლომდე ეცდება შეებრძოლოს მსგავს გამოვლინებებს საერთაშორისო დოკუმენტებში, მაგრამ ის, 16 ნოემბერს მიღებული რეზოლუციის მიზეზით, ნატოსთან ურთიერთობების პერსპექტივაზე უარს არ, უფრო სწორად, ვერ იტყვის:

”დღეს რუსეთის ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ლიბერალურ მიდგომებზე პრეტენზიის მქონე ნაწილს დროშად აქვს აღებული ქვეყნის მოდერნიზაცია. ამგვარი მოდერნიზაციის განხორციელება კი წარმოუდგენელია დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ამ შემთხვევაში რუსეთს გამოსავალი, უბრალოდ, არა აქვს. ის ან უნდა წავიდეს დასავლეთთან კონფრონტაციაზე და გაწიროს თავი სამუდამოდ ჩამორჩენისათვის, ან გადახედოს ზოგიერთ - შეიძლება მისთვის უსიამოვნო, მაგრამ სამართლიან - მოთხოვნას, რომელსაც მას დასავლეთი უყენებს”.

რუსეთისთვის მეტად უსიამოვნო კიდევ ერთი აქცენტი, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 16 ნოემბრის რეზოლუციაში იკვეთება, ალიანსის გაფართოებას უკავშირდება. ასამბლეა ”მოუწოდებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ მთავრობებსა და პარლამენტებს კვლავ განამტკიცონ ნატოს ღია კარის პოლიტიკა, ბუქარესტის სამიტის დეკლარაცია, რომლის თანახმადაც, საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, ასევე პრინციპი, რომ ყველა კანდიდატი უნდა იქნეს შეფასებული თავისი დამსახურების მიხედვით”.

რამდენად გაითვალისწინებს ალიანსი აღნიშნულ მოწოდებას, ეს ამ კვირაში გახდება ცნობილი. თუმცა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში გრიგოლ მგალობლიშვილი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი სამიტზე დასამტკიცებელ, ჯერჯერობით გასაიდუმლოებულ, სტრატეგიულ კონცეფციაშიც აისახება. როგორც ცნობილია, სწორედ ამ სტრატეგიის მიხედვით უნდა იმოქმედოს ალიანსმა უახლოესი წლების განმავლობაში.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში გრიგოლ მგალობლიშვილი
”ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა როგორც სტრატეგიულ კონცეფციაზე, ასევე კომუნიკეზე... მე მაქვს იმედი, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება, რაც გულისხმობდა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, დარჩება ძალაში. და ეს აისახება როგორც სტრატეგიულ კონცეფციაში, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სამიტის საბოლოო დეკლარაცია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გრიგოლ მგალობლიშვილმა.

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას ლისაბონშიც რომ გაიმეორებენ, ეს ნატოს გენერალურმა მდივანმაც არაერთხელ აღნიშნა. ასეა 15 ნოემბერს გაკეთებულ კომენტარშიც, სადაც ანდერს ფოგ რასმუსენი ლისაბონის სამიტზე მისაღებ კომუნიკესაც ახსენებს, თუმცა არაფერს ამბობს ამ საკითხის ალიანსის სტრატეგიაში ასახვა-არასახვაზე:

“ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება კვლავაც ძალაშია საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით... თუმცა გამოვიყენებთ თუ არა ზუსტად იმავე ფორმულირებას ამ ორი ქვეყნის მისამართით, ეს დამოკიდებული იქნება მომდევნო დღეების განხილვებზე... ფაქტია, რომ არსებობს ნიუანსები ამ ორი ქვეყნის ორიენტაციებსა და მისწრაფებებში, როდესაც საქმე ეხება ნატოში სამომავლო გაწევრიანებას. ეს შესაძლოა აისახოს სამიტის კომუნიკეში, მაგრამ ბუქარესტის გადაწყვეტილების პრინციპი კვლავაც ძალაშია. როგორც გახსოვთ, ბუქარესტში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და, სხვათა შორის, ასევე უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, თუკი მათ ასეთი სურვილი ექნებათ და, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ”.

სწორედ იმის გამო, რომ ნატოს თვალთახედვით ”აუცილებელი კრიტერიუმები” ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია, სავსებით ბუნებრივია, რომ საქართველო ლისაბონის სამიტისგან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების გამეორებაზე მეტს არ მოელის. ამ კრიტერიუმებში ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება.

თუკი ისევ 16 ნოემბრის რეზოლუციას მივუბრუნდებით, გავიგებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აქებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას ”დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების საქმეში და განსაკუთრებით - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში და ოპოზიციის ჩართვაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში.” ასევე აღნიშნულია, რომ ”მიუხედავად, დარჩენილი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებისა”, 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო ”კონკურენტული და დემოკრატიული” და რომ ”საერთაშორისო მეთვალყურეების თანახმად, გამოვლინდა პროგრესი ეუთოსა და ევროსაბჭოს ვალდებულებების შესრულების მიმართულებით”.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მიესალმება კონსტიტუციური რეფორმის პროცესს საქართველოში, თუმცა გამოხატავს წუხილს, რომ ამ პროცესში ”ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის საკონსულტაციო მექანიზმი სრულად არ იყო გამოყენებული”.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ”მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას განაგრძონ კანონის უზენაესობის განმტკიცების ძალისხმევა და ხელი შეუწყონ დემოკრატიულ რეფორმებს ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც ოპოზიციის შემდგომ ჩართულობას უზრუნველყოფს”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG