Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა დევნილთა შესახებ ანგარიში სამოქალაქო სექტორს წარუდგინა


სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში
სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ამჯერად ქართული არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინეს. საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო განხილვის შემდეგ ეს ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის მეორე წარდგენაა.

რა შენიშვნები ჰქონდათ დევნილთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და რას არ ეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი?

დევნილების ინფორმირებულობა, საცხოვრებელი პირობები, დასაქმება, ჯანდაცვა და განათლება, კომპენსაციები, დევნილის სტატუსი, რესტიტუცია და გამოსახლებები - ეს მთავარი საკითხებია, რომლებიც დევნილების მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში შევიდა. მონიტორინგის პროცესი სახალხო დამცველის ოფისმა 2010 წლის იანვარში დაიწყო. სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ მონიტორინგის დროს 256 კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტში მცხოვრები 538 ოჯახი გამოიკითხა. ანგარიშის ავტორებს არც ხელისუფლების მიერ აქამდე განხორციელებული პროგრამები გამორჩენიათ და არც იმ უამრავი გადაუჭრელი პრობლემის ჩამოთვლა, რომელთა მოსაგვარებლადაც ანგარიშს რეკომენდაციების საკმაოდ გრძელი ჩამონათვალი ახლავს. რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფთ, რაზეც კრიტიკის ნაწილში გიორგი ტუღუშმა გაამახვილა ყურადღება:

კერძო სექტორის დევნილების პრობლემები. მათთვის დღემდე არ არის დაწყებული საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი.

დევნილთა რთული საცხოვრებელი პირობები. სახალხო დამცველის შეფასებით, შედარებით დამაკმაყოფილებელი ვითარებაა, ამ მხრივ, აჭარაში, რასაც ვერ ვიტყვით კოტეჯური ტიპის ჩასახლებებზე.

დევნილთა ინფორმირებულობის დაბალი დონე. სახალხო დამცველის შეფასებით, დევნილებმა არაფერი იციან სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ და არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება მათ მიმართ.

დევნილთა დასაქმება რჩება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად. კვლევამ აჩვენა, რომ დევნილებისათვის შემოსავლის მთავარ წყაროს დევნილის შემწეობა ან სოციალური დახმარება წარმოადგენს. გამოკითხვის შედეგად გამოჩნდა, რომ ოჯახების მხოლოდ 20%-ს აქვს 200-ლარიანი ყოველთვიური შემოსავალი, დანარჩენს - გაცილებით ნაკლები.

ამას ისიც ემატება, რომ მიმდინარე წელს შეწყდა მსოფლიო სასურსათო პროგრამა, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად დევნილებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა, რომელიც ამ ანგარიშს ისმენდა, კრიტიკის მხოლოდ ნაწილი გაიზიარა და თქვა, რომ ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში გაკეთდა, ამ სამი წლის წინ ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. მაგალითად, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი, რომელიც ჯერაც არ დასრულებულა. დევნილთათვის ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხზე - სტატუსის მინიჭების თაობაზე - სებულიანმა განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებიც ომამდე გაცილებით ადრე ჩამოვიდნენ თბილისში საცხოვრებლად, დევნილის სტატუსი ვერ მიენიჭებათ. არადა, ბევრია სწორედ ასეთი მომჩივანი, რომელიც დევნილის სტატუსს მოითხოვს.

სამოქალაქო სექტორი დაინტერესდა, რა ეტაპზეა რესტიტუციის პროცესი, რაზეც კობა სუბელიანმა შენიშნა, რომ ქონების შეფასების პროცესი მიდის, მაგრამ მხოლოდ ცალმხრივად - აფხაზური და ოსური მხარეები ამ პროცესში ჩართულები არ არიან.

ზურაბ ბენდიანიშვილი, აღმასრულებელი დირექტორი კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“, ფიქრობს, რომ ჯანდაცვის, განათლების - თუნდაც, სტატუსის - საკითხები უფრო ადვილად გადასაჭრელია, ვიდრე დევნილთა საცხოვრებელი პირობების პრობლემა. ყველაზე მწვავედ, მისი აზრით, ანგარიშში სწორედ ამაზე უნდა იყოს აქცენტი დასმული.

„სინერგიის“ - დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლის - კოორდინატორს, ნინო კალანდარიშვილს, ანგარიშში ახალგორიდან დევნილთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დააკლდა.

სახალხო დამცველის ანგარიშში ნაწილობრივ მოხვდა გასულ ზაფხულს დევნილთა გამოსახლებების ამბავიც. რომელიც საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობდა. კვლევის ავტორების მიერ გამოკითხული ხალხი აცხადებს, რომ გამოსახლების პროცესი შეურაცხმყოფელ ხასიათს ატარებდა.

კვლევაში არაფერია ნათქვამი კერძო სექტორში განსახლებულ დევნილთა მდგომარეობაზე. ამ საკითხს, გიორგი ტუღუშის განმარტებით, პროექტის შემდგომ ეტაპზე შეისწავლიან.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG