Accessibility links

logo-print

ირლანდიისათვის შესაძლო დახმარების გეგმა მზადდება


ბანკომატები დუბლინში, ირლანდია

ბანკომატები დუბლინში, ირლანდია

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ირლანდიის საბანკო სექტორის ფინანსური დახმარების გეგმას შეიმუშავებენ, მანამდე კი შეთანხმდნენ, რომ ირლანდიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის მისია გაემგზავრება. თავად ირლანდია კი აცხადებს, რომ ქვეყანა გარედან დახმარებას არ საჭიროებს.

ევროკომისარმა ეკონომიკისა და მონეტარულ საკითხებში ოლი რენმა ოთხშაბათს თქვა, რომ ირლანდიას დაევალა იმუშაოს ევროპის ცენტრალურ ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ირლანდიის საბანკო სექტორს შესაძლო დახმარება აღმოუჩინონ.

„კომისიის აზრით, ეს მოსამზადებელი სამუშაოები შეიძლება განვიხილოთ როგორც ინტენსიფიკაცია პოტენციური პროგრამისა, რომელიც აქცენტირებულია საბანკო სექტორის რესტრუქტურიზაციაზე, თუკი სავარაუდო მოთხოვნა და საჭიროება იარსებებს“.

რენმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა ბრიუსელში საგანგებოდ წოდებული შეხვედრა დაასრულეს, თუმცა, როგორც თავად ირლანდია აცხადებს, ის ევროკავშირს არ სთხოვს მისი სახელმწიფო ბიუჯეტის პრობლემები გადაჭრას.

დუბლინი ამბობს, რომ მას დახმარება მხოლოდ საბანკო სექტორისთვის ესაჭიროება, რომელსაც მძიმე კვალი დაატყო გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა და უძრავ ქონებაზე ფასების დაცემამ. ირლანდიის მთავრობამ თავად იტვირთა სამი ბანკის მართვა და მოსალოდნელია, რომ კიდევ რამდენიმე ბანკის მართვას იკისრებს იმ დახმარების გამოყოფით, რომელმაც უკვე მიაღწია 45 მილიარდ ევროს, რაც 32 პროცენტით გაზრდის 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტს მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით. ამ კვირაში ირლანდიაში შემდგომი მოლაპარაკებების გასამართად ევროკავშირის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ჩავლენ. ევროკავშირში ევროზე გადასული ქვეყნების ჯგუფის ხელმძღვანელმა ან-კლოდ იუონკერმა განაცხადა, რომ ახლა ჯერი ირლანდიის მთავრობაზეა:

„ირლანდიის მთავრობის პასუხისმგებლობაა მიიღოს გადაწყვეტილება და დახმარებისათვის თხოვნით მიმართოს ევროკავშირს. თუკი ირლანდიელებს აქვთ ნება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ხოლო ევროჯგუფი, მთლიანობაში, და 16-ივე წევრი ქვეყანა მოხარული იქნება აღმოუჩინოს დახმარება“.

ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ობლიგაციების ბაზარზე ირლანდიისთვის სასესხო საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ირლანდიის ეკონომიკური პრობლემები ევროს მოქმედების ზონას მეორე ფართომასშტაბიან კრიზისს უქადის. პირველი კრიზისული ვითარება ექვსი თვის წინ შეიქმნა - მაშინ, როცა ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთს 110 მილიარდი ევროს მოცულობის თანხით დაეხმარნენ.

ევროკავშირს ირლანდიის საკითხის გადაჭრა სწრაფად და ეფექტიანად სურს, რათა კრიზისი დიდი დეფიციტის მქონე სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდეს - მაგალითად, ესპანეთსა და პორტუგალიაზე.

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ევროკავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ, ისიც კი თქვა, თუ ევროს გარშემო შექმნილ კრიზისს ვერ დაძლევს, საკუთრივ ევროკავშირის არსებობა დადგება საფრთხის ქვეშო.
XS
SM
MD
LG