Accessibility links

logo-print
მესამე დღეა ცხინვალის შემოგარენში სროლის ხმა ისმის. ისვრიან დღისით და ღამით. დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები და რუსული მე-4 ბაზის წარმომადგენლები ერთობლივ სწავლებებს ატარებენ. წვრთნების დროს იყენებენ ტანკებს, ჯავშანტარანსპორტიორებსა და საარტილერიო დანადგარებს.

ცხინვალის ახლომდებარე ქართულ სოფლებში წვრთნების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ. ნიქოზის, ერგნეთის, დიცის, ქორდის და მერეთის მოსახლეობა ინტენსიური სროლის გამო შეშფოთებულია. აფეთქებებისგან გამოწვეული ტალღები კი ომის დროს დაზიანებულ სახლებს დანგრევის საფრთხეს უქმნის. ქართული სოფლების მოსახლეობა უკვე ბავშვების გახიზვნას ფიქრობს.

ოსურ–რუსული წვრთნები დე ფაქტო რესპუბლიკის სხვადასხვა სასროლეთზე მიმდინარეობს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მძიმე ტექნიკა თავმოყრილია ოკუპირებული ერედვის ტერიტორიაზე. აქ ჯარისკაცებს მთის რელიეფზე ტანკებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან სამიზნეების დაზიანებაში ავარჯიშებენ. ხშირი სროლების გამო შეშფოთება ცხინვალშის შეინიშნება, მაგრამ ადგილობრივი ტელევიზიით ერთ-ერთი რუსი ოფიცერი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცულია და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

წლების განმავლობაში აფეთქებისა და სროლისგან დაღლილი კონფლიქტის ზონის მოსახლეობისთვის ცხინვალის მხრიდან განახლებული სროლის ხმა შემაწუხებელი გახდა. ქართული სოფლების მცხოვრებთა თქმით, ასეთი ინტენსიური სროლა დიდი ხანია აღარ ყოფილა. ქართველმა სამართალდამცავებმა ცხინვალის გარშემო მიმდინარე სწავლებების შესახებ იციან და მოსახლეობის დაწყნარებას ცდილობენ. ცხინვალი კი მეორე წელია უკვე სამხედრო ქალაქად იქცა და როგორც რუსი ოფიცრები აცხადებენ, სწავლებები აქ მუდმივად გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG