Accessibility links

logo-print

ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს მოუწოდებს ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანებისაკენ


ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ საქართველოს მოუწოდა, შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანების შესახებ. ამ მოწოდებით ბაროზუ გამოვიდა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც ბაროზუმ აღნიშნა, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისაკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში, სამხრეთის დერეფანი ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირისთვის და ის, შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს სატრანზიტო როლს. „მოვუწოდებ საქართველოს, შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ენერგოთანამეგობრობაში გასაწევრიანებლად. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებისთვის. მე პრეზიდენტ სააკაშვილს ვუთხარი ისიც, რომ ევროკავშირი სრულად ემხრობა საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ენერგოთანამეგობრობა აერთიანებს ევროკავშირს და რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ალბანეთს, ხორვატიას, სერბიას, მოლდავეთს... ენერგოთანამეგობრობა 2006 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს. დღეს მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელშივე ხვდება ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპეს.
XS
SM
MD
LG