Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუგებრობა ბაროზუს ”ოკუპაციასთან” დაკავშირებით


ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუ
ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუ
18 ნოემბერს ცენტრალური ტელეარხები დილიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ლექსიკონში ”ოფიციალურად მკვიდრდება ტერმინი ‘ოკუპაცია’ ” და რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ 17 ნოემბერს, პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, გადადგა. იმავე შინაარსის ინფორმაცია გამოჩნდა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც, თუმცა ის ოდნავ მოგვიანებით განსხვავებული შინაარსის ცნობით ჩანაცვლდა. პარალელურად, ევროკავშირის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბაროზუს მიერ გამოყენებულმა სიტყვამ საქართველოში გადაჭარბებული რეაქცია გამოიწვია.

ჟოზე მანუელ ბაროზუმ 17 ნოემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვა ”ოკუპაცია” მართლაც ახსენა მას შემდეგ, რაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტმა ჰკითხა, აპირებს თუ არა ევროკავშირი, ევროკავშირ-რუსეთის დეკემბრის სამიტზე წამოსწიოს აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების საკითხი და მოუწოდებს თუ არა ევროკავშირი სხვა სახელმწიფოებს არ აღიარონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა.

შეკითხვას ევროკომისიის პრეზიდენტმა ასეთი პასუხი გასცა:

”არ ვფიქრობ, რომ სწორი იქნებოდა ჩემი მხრიდან საჯარო კომენტირება იმისა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ან არ ვაპირებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარტნიორთან - რუსეთთან... მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს მეტად მგრძნობიარე საკითხია და მე ყოველთვის პრინციპულ პოზიციას ვიკავებდი. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღნიშნა, ჩვენ ვიცავთ პრინციპებს, რაც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება. ნათლად ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ საქართველოს რომელიმე ნაწილის ოკუპაციას... ეს საკმაოდ ნათელია და ჩვენ შევინარჩუნებთ ამ პოზიციას”.

ჟოზე მანუელ ბაროზუს ამ განცხადებას საქართველოში ძალიან დიდი კმაყოფილება მოჰყვა - მათ შორის, ხელისუფლების უმაღლეს წრეებშიც. გთავაზობთ ციტატას საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 18 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული განცხადებიდან, რომლის ზოგიერთ ფრაგმენტსაც თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ ცენტრალური ტელეარხები:

”ევროკავშირი არასოდეს შეურიგდება საქართველოს ოკუპაციას - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერმინი ”ოკუპაცია” ოფიციალურად მკვიდრდება ევროკავშირის ლექსიკონში. ფაქტის დიდ მნიშვნელობას ადასტურებს ისიც, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ბერნარ კუშნერს სიტყვა ”ოკუპაცია” არასდროს უხსენებია. ჩანს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ევროკავშირმა საქართველოში არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გადახედა”.

თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა ”ეხო კავკაზას” 18 ნოემბერს განუმარტა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, ჟოზე მანუელ ბაროზუს მიერ გამოყენებულ სიტყვას - ”ოკუპაცია” - საქართველოში იმაზე დიდი შეფასება მიეცა, ვიდრე ის ამას სინამდვილეში იმსახურებს. იმავე წყაროს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტის ნათქვამი ტერმინის ოფიციალურ დამკვიდრებას არ ნიშნავს და მან, შესაძლოა, სიტყვა „ოკუპაცია“, ასე ვთქვათ, ავტომატურად გამოიყენა, რადგანაც მისთვის დასმული შეკითხვაც სწორედ ამ სიტყვას შეიცავდა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მიხეილ მაჭავარიანისთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, როცა სიტყვა „ოკუპაციას“ ევროკომისიის პრეზიდენტი თუნდაც პრესკონფერენციაზე ახსენებს, რადგანაც ამ სიტყვის გამოყენებას დიდი სიფრთხილით უდგებიან ამა თუ იმ ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსები თუ დიპლომატები. მაჭავარიანი იხსენებს, რომ პირველად ტერმინი ”ოკუპაცია” შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გამოიყენა; პარალელურად ”ოკუპაცია” საგანგებო რეზოლუციებში დაადასტურეს ლიტვისა და ჩეხეთის პარლამენტებმა, ხოლო 16 ნოემბერს იმავე ტერმინმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი.

”...ეს არ არის ტერმინი, რომელსაც იტყვი და მერე გაატარებ... ოკუპაციას ყოველთვის მოჰყვება დეოკუპაცია. ბაროზუს რომ ეხსენებინა ”ახალაღიარებული რესპუბლიკები” ან, ვთქვათ, ”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ჩარჩოებში აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი”, ეს სხვა იქნებოდა... მაგრამ როცა მან თქვა, რომ რუსეთის ჯარებს ოკუპირებული აქვთ ტერიტორია, ეს ნიშნავს, რომ ეს ახალი ტერმინი საკმაოდ მკაცრად მკვიდრდება და, მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია...” - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხეილ მაჭავარიანმა.

თუმცა აქვე, სიზუსტისთვის, უნდა გავიმეოროთ, რომ სიტყვა „ოკუპაციის“ გამოყენებისას 17 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ჟოზე მანუელ ბაროზუს ”რუსეთის ჯარები” არ უხსენებია.

ასეა თუ ისე, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 18 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული ცნობა, რომელზეც ჩვენ დასაწყისში მოგახსენებდით, დღის მეორე ნახევარში ახალმა ცნობამ ჩაანაცვლა, რომელიც პრაქტიკულად მხოლოდ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების თარგმანს გვთავაზობს. ძველი განცხადებიდან მასში მხოლოდ პირველი ფრაზა რჩება - ”ევროკავშირი არასოდეს შეურიგდება საქართველოს ოკუპაციას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა”. მასში აღარ არის ნახსენები არც ევროკავშირის ლექსიკონში ტერმინ ”ოკუპაციის” ოფიციალურად დამკვიდრების თემა და აღარც საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბერნარ კუშნერი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG