Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტის ორ დარგობრივ - იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვის - კომიტეტში ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენა გაიმართა. კანონპროექტის მიზანია პაციენტის უფლებების დაცვა - კერძოდ, ფარმაცევტული კომპანიისა და ექიმის ინტერესთა შეუთავსებლობის ისეთი ნორმების მოშლა, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის გარიგება ფარმაცევტულ კომპანიასთან, ექიმის ანგარებითი საქმიანობა ფარმაცევტული კომპანიის სასარგებლოდ, ამავე მიზნით პაციენტისთვის ფარმაცევტული პროდუქტის მწირი არჩევანის შეთავაზება და სხვ. კანონპროექტმა პრინციპების დონეზე დეპუტატებისა და სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელთა მოწონება დაიმსახურა. წინ არის მუხლობრივი განხილვა, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება. თუმცა, ამის მიუხედავადაც, დღეს სხდომათა დარბაზში არაერთხელ ახსენეს ”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 49-ე მუხლი.

”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 49-ე მუხლის ახალი საკანონმდებლო რედაქციით, მაგალითად, მეორე პუნქტის თანახმად, „ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს უფლება აქვს იყოს ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელი იმ პირობით, თუ არ დაარღვევს ამ კანონით განსაზღვრულ ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმებს.” ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმებს ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით, მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ ამ დებულებაში უმრავლესობის წარმომადგენლები მხოლოდ რედაქციული შესწორების, კერძოდ, სამედიცინო პერსონალის ნაცვლად, ექიმის ჩაწერის აუცილებლობას ხედავენ. ოპოზიციის მხრიდან დეპუტატი ჯონდი ბაღათურია კი შენიშნავს, რომ ამა თუ იმ პრაქტიკოსი ექიმის ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომლობა თავისთავად უკვე ინტერესთა შეუთავსებლობაა:

”როცა ექიმი ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელია, მას აქვს დაინტერესება, რომ მისი ფარმაცევტული კომპანიის პროდუქცია მეტი გაიყიდოს, რომ მეტი ხელფასი მიიღოს. ამიტომ ჩვენ უნდა ავკრძალოთ კანონით მონოპოლიები და არ შეიძლება ფარმაცევტული კომპანია ოპერირებდეს ჰოსპიტალურ სექტორში და სადაზღვევო სექტორშიც. თუ ამ დაშვებას დავუშვებთ, მაშინ ვინმემ შემომთავაზოს სხვა კრეატივი.”

პაციენტის უფლებების დამცავი ეგრეთ წოდებული სხვა კრეატივი, პრაქტიკულად იმ ფარმაცევტული კომპანიის სახელით, რომელსაც დეპუტატი ჯონდი ბაღათურია გულისხმობდა, შემდეგია:

”გაიდლაინი არეგულირებს ყველაზე კარგად ექიმის ურთიერთობას პაციენტთან და ფარმაცევტულ კომპანიასთან და კანონთანაც. ვთქვათ, არის ფილტვების ანთება, დაისვა დიაგნოზი. ამის მერე უნდა იყოს გაიდლაინი, ანუ პროტოკოლი, ანუ სტანდარტი, რომელი მედიკამენტებით უნდა ვუმკურნალოთ ფილტვების ანთებას. როცა ეს არ არის, ექიმი რასაც უნდა, იმას დანიშნავს. ზოგი ჩათვლის ამას საჭიროდ სამედიცინო თვალსაზრისით, ზოგი პირადი ინტერესით დანიშნავს წამლებს, მაგრამ ექიმს ვერ შეედავები, თუ არა გაქვს ამის გაიდლაინი.”

კომპანია ”ავერსის” გენერალური დირექტორი პაატა კურტანიძე მიიჩნევს, რომ სამედიცინო გაიდლაინი თავისთავად უკვე ყველაფერს დაალაგებს. გაიდლაინების სისტემის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია, აზუსტებს, თავის მხრივ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი:

” საჭიროა უფრო დავუზუსტოთ ექიმებს რისი უფლება აქვთ და რისი უფლება არა აქვთ. მაგალითად, დღეს არსებულ კანონმდებლობაში ექიმს უფლება ეძლევა სავაჭრო ნიშნით გამოწეროს მედიკამენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმს რატომ უნდა მოედავო, თუკი ის ნებისმიერ ბრენდულ პრეპარატს გამოწერს. დღეს ჩვენ გვინდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ მათ გამოწერონ გერერიული პრეპარატები, ანუ გამოწერონ ის ძირითადი ნივთიერება და შემდეგ პაციენტმა თვითონ, თავის ჯიბის მიხედვით, მას შეუძლია შვეიცარული იყიდოს, ლიტვური, ამერიკული თუ...“

ჩამონათვალში შედის მედიკამენტების ქართული წარმოებაც და ქართული ფარმაცევტული ფირმებიც. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ფირმებთან კომერციულ გარიგებებში მყოფი ექიმები, საკუთარი მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ, პაციენტს კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის ფარმაცევტულ პროდუქტს სთავაზობენ და არ ითვალისწინებენ, რამდენად ხელმისაწვდომია ესა თუ ის მედიკამენტი ამა თუ იმ პაციენტისთვის. ექიმის არაკეთილსინდისიერებაზე კონკრეტული ფაქტები უნდა მეტყველებდნენ, სხვა შემთხვევაში ზოგადი შეფასებები არამართებულია, - მიიჩნევს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე გია ლობჟანიძე:

” ერთადერთი იმაზე შეიძლება ითქვას, თუ ექიმს აცვია ხალათი და ზედ აწერია რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის სახელი. ეს თუ გარიგებად ითვლება, ჩათვალეთ, რომ ეგეთი ფაქტები არის. ანდა კაბინეტში თუ უკიდია საათი, რომელიც აჩუქა რომელიღაცა ფარმაცევტულმა კომპანიამ. სხვა რა ხდება და რა პირადი გარიგებებია, ვერ გეტყვით. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ევროპულ ქვეყნებში მიღებულია ექიმების წახალისება ფირმების მიერ სხვადასხვა ფორმით.”

გია ლობჟანიძე საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების მიერ ექიმთა წახალისების უკვე ნაცად და მომავალში უფრო გასაფართოებელ ფორმად, მაგალითად, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მიზნით დაფინანსებას მიიჩნევს.

ახლა კი უფრო დაწვრილებით ინტერესთა შეუთავსებლობის იმ ნორმების შესახებ, რომელსაც კანონპროექტი ადგენს; ექიმი არ უნდა შევიდეს კომერციულ გარიგებაში ფარმაცევტულ კომპანიასთან, რათა შემდეგ, პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს, ფარმაცევტული კომპანიის სასარგებლოდ ანგარებით არ იმოქმედოს. ექიმი ვალდებულია, პაციენტს ფარმაცევტული პროდუქტების ფართო არჩევანი სათანადო განმარტებებით შესთავაზოს. სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალის ეთიკურ პასუხისმგებლობათა ნაწილს ემატება ფარმაცევტული კომპანებისა და შესაბამისი პროდუქტების რეკლამასთან დაკავშირებული აკრძალვები.

”მართლაც, ეს არის ინტერესთა შეუთავსებლობა, როდესაც პაციენტის ინტერესები, მისი ჯანმრთელობის ინტერესები ეწირება კომერციულ ინტერესებს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნორმატივები, რომლებიც შემოტანილია, დასჯად შეზღუდვებს დააწესებს.”

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულების ანდა მისი პერსონალის მიერ პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის, ხოლო იმავე ქმედების განმეორებითი ჩადენა - 2000 ლარის ოდენობით. ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ცვლილებები შედის ”ჯანმრთელობის დაცვისა” და ”საექიმო საქმიანობის შესახებ” კანონებში და ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG