Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ რაგბის მხარდაჭერას აღუთქვამენ


”ბორჯღალოსნები”
”ბორჯღალოსნები”
თბილისს ერთდღიანი ვიზიტით მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსნები სტუმრობენ. ისინი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საქართველოს რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელობას ხვდებიან. რა შთაბეჭდილება შეექმნებათ მათ საქართველზე და როგორი იქნება ქართული რაგბის სამომავლო პერსპექტივა?

თბილისში ვიზიტად მყოფი რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე, რაგბის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი ჟან კლოდ ბაკე და რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანი პირობას დებენ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოში საერთაშორისო დონის ტურნირების ჩატარებას. უფრო კონკრეტულად კი, როგორც მათ სანაკრებო სარაგბო ბაზის - ”შევარდენის” - გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე განაცხადეს, ისინი 20 წლამდე მორაგბეთა შორის 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების აქტიური მხარდამჭერები იქნებიან. თუმცა, მათივე თქმით, მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა უზრუნველყოს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე პრეტენზიას რვა ქვეყანა აცხადებს, მათ შორის - აშშ და რუსეთი. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუკი ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს, ამბობს რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე:

”ამ ტიპის აკადემიისა და ბაზების შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოში რაგბის განვითარებას. აქვე ვიტყვი, რომ მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში შესაძლებელია საქართველოშიც კი გაიმართოს. მართალია, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეს ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება რეალობად”, - აცხადებს ბერნარ ლაპასე.

”შევარდენის" სანაკრებო სარაგბო ბაზა 18 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სტუმრებთან ერთად გახსნეს. მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსნებმა საერთაშორისო სტანდარტებით აშენებულ სარაგბო ბაზას მაღალი შეფასება მისცეს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლადო ვარძელაშვილის განცხადებით, რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის მიხედვით, 2012 წლამდე საქართველოში ანალოგიური ტიპის 19 ბაზა უნდა აშენდეს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პირობას დებს, რომ სახელმწიფო რაგბიში ინვესტიციების ჩადებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

”ჩვენ რაგბის განვითარების სამთავრობო პროგრამა გვაქვს. ოთხი წლის განმავლობაში პროგრამა სულ უფრო ვითარდებოდა და მომავალშიც განვითარდება. ჩვენ საკმაოდ დიდი ინვესტიციები განვახორციელეთ ამ მიმართულებით. რაგბის ფედერაციაც ძალიან მონდომებულია და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით აქტიურად მუშაობს”, - აცხადებს ნიკა გილაური.

საერთაშორისო სარაგბო ორგანიზაციების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რაგბის განვითარება საქართველოში სწრაფი ტემპით გაგრძელდება, საქართველოში ამ მიმართულებით უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება, რაც ქვეყანაში რაგბის განვითარების პერსპექტივას კიდევ უფრო გაზრდის.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე რაგბის მაღალჩინოსანთა პოზიტიურ რეაქციებს იმედის თვალით უყურებს და აცხადებს, რომ ქართული რაგბი უახლოეს მომავალში ლიდერი ქვეყნების ჯგუფს დამსახურებულად შეუერთდება:

”პირველი რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სტუმრები ძალიან კმაყოფილები არიან. უკვე იმაზეც კი საუბრობენ, რომ ეს ისეთი დონეა, აქ ნებისმიერი ტიპის საერთაშორისო ტურნირის ჩატარება შეიძლება...” - ამბობს გია ნიჟარაძე.

კიდევ ერთი სარაგბო ბაზის - ”სინათლის” - მშენებლობის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება. ის რაგბიში ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს მოემსახურება. რაც შეეხება ”შევარდენს”, ბაზა საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებისთვის არის განკუთვნილი და, როგორც რაგბის კავშირში აცხადებენ, იქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ნაკრების წევრებმა სრულფასოვანი მომზადება და შემდეგ უკვე მატჩების ჩატარება შეძლონ.

შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ბაზების მშენებლობამდე ქართველი ბორჯღალოსნები მომთაბარე წვრთნებსა და მატჩებს ატარებდნენ, რადგან საქართველოში არ არსებობდა სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ბაზები და მოედნები. მიუხედავად რთული პირობებისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრები, რაგბის საერთაშირისო საბჭოს აღიარებით, ერთ-ერთ პროგრესირებად ნაკრებად არის აღიარებული და უკვე ზედიზედ მესამედ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე. სულ რამდენიმე ხნის წინ კი რაგბის გულშემატკივარნი 19 წლამდელთა ნაკრებმა გაახარა. 30 ოქტომბერს პატარა მორაგბეებმა ბრიუსელში, ფინალურ შეხვედრაში, რუსეთის ნაკრები 38:7 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG