Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველოსთან ურთიერთობის განმტკიცებას


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რუმპეს, განცხადებით, ის მიესალმება საქართველოსთან ურთიერთობის განმტკიცებას, რომელიც მოჰყვა წელს ივლისში ასოცირებული ურთიერთობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. ვან რუმპემ ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოთქვა ასევე შეფასება, რომ ევროკავშირთან დაახლოება საქართველოსთვის კვლავაც იქნება სტიმული დემოკრატიული რეფორმების გასაგრძელებლად. იქვე ვან რუმპემ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. თავის მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმაც მეტად დადებითად შეაფასა ევროკავშირთან თანამშრომლობა და საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. საქართველოსთვის ეს ერთადერთი გზააო, დასძინა სააკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს არასოდეს დაავიწყდება ის როლი, რომელიც ევროკავშირმა შეასრულა რუსეთ-საქართველოს ომის შესაწყვეტად შუამავლობით, მაგრამ იმედოვნებს, რომ არც ევროკავშირი დაივიწყებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დღემდე არ შესრულებულა. ვან რუმპესთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გაიმართა მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან, რომელმაც საქართველოს მოუწოდა, შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ენერგოთანამეგობრობაში გასაწევრიანებლად. ენერგოთანამეგობრობა აერთიანებს ევროკავშირს და რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ალბანეთს, ხორვატიას, სერბიას, მოლდავეთს, და ევროკავშირის ენერგობაზრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მის საზღვრებს მიღმა გასაფართოებლად იღწვის.
XS
SM
MD
LG