Accessibility links

logo-print

დევნილთა აქციის მონაწილე ნანა ფიფია დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა


დევნილების საპროტესტო აქცია

დევნილების საპროტესტო აქცია

აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია, რომელმაც 27 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა, სამკვირიანი ავადმყოფობის შემდეგ, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ბევრი სხვა დევნილის მსგავსად, ისიც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდა.

მას შემდეგ, რაც აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ 27 ოქტომბერს პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, 18 ნოემბრის ღამით კი დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.

სახელმწიფო დაფინანსება არ არსებობს, სახელმწიფო სტრატეგიული გეგმა არ არსებობს, დონორთა პრიორიტეტებში კი ფსიქიკური ჯანმრთელობა არ შედის...
ნანა ფიფიას მიერ თავის დაწვის მცდელობას ლტოლვილთა სამინისტროსთან გამართული აქციის მონაწილე ალექსი ჯგუბურიაც შეესწრო. ისიც, ფიფიას მსგავსად, თბილისში ან დედაქალაქის ახლომახლო ითხოვდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას:

”ეს ქალბატონი სუბელიანის მოადგილესთან ავიდა - თბილისში თუ არა, სადმე, შემოგარენში საცხოვრებელი ფართის სათხოვნელად. უთხრეს, რომ მხოლოდ ფოცხ-ეწერში, ლესიჭინეში და ასეთ სოფლებში შეეძლოთ მისთვის ბინის მიცემა, სადაც არაფერი ხარობს, და როდესაც ნანამ უთხრა, იქ რომ წავიდე, რით გამოვიკვებო, ბალახი ვჭამოო? პასუხი იყო, ბალახი ძოვეთო... ამით გაგულისებული ჩამოვიდა დაბლა და თავის დაწვა სცადა... ხალხი უკიდურეს ზომებსაც მიმართავს, თუ ელემენტარული პირობებით არ დააკმაყოფილებენ”.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოზიცია ასეთია: უკიდურესი ზომებით შედეგი ვერ მიიღწევა. დევნილების დაკმაყოფილება ეტაპობრივად ხდება, რაც მოლოდინის რეჟიმში ყოფნას გულისხმობს. მინისტრის მოადგილე ვალერი კოპალეიშვილი განმარტავს:

”შეუძლებელია 80 000 დევნილი ოჯახი ერთ დღეს დააკმაყოფილო. რამდენიმე ეტაპი გავიარეთ, ნაწილი დავაკმაყოფილეთ და ეს პროცესი გრძელდება. მაგალითად, ახლა თუ გარემონტდა ქუთაისში რამე შენობა, იქ შევთავაზებთ, თუ ფოთში - იქ და ა.შ...”

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რას აკეთებს და რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო ან არასამთავრობო სექტორი დევნილთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისათვის, რათა პროტესტი ისეთი რადიკალური ფორმით არ გამოიხატოს, როგორითაც ეს ნანა ფიფიას შემთხვევაში მოხდა და, მით უმეტეს, ტრაგედიით არ დასრულდეს.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, რომელიც წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“, ამბობს, რომ ის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც დევნილების ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნავს, პირველი: 200 000 დევნილს ვერ გასწვდება და, მეორე: ფსიქიკური ჯანმრთელობის პროექტებს დონორი ორგანიზაციები თითქმის აღარ აფინანსებენ. მაგალითად, მსგავს თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაცია ”ნდობას”, ჯანა ჯავახიშვილის თქმით, წელს არც ერთი პროექტი არ დაუფინანსეს:

ჩეხებს რომ ვინმემ უთხრას მათი ეროვნული მუზეუმის წინ მდგარი იმ სტუდენტი ბიჭის ქანდაკებაზე, რომელმაც თავი დაიწვა, მაშინ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდაო, ეს მათთვის უდიდესი შეურაცხყოფა იქნება...
”სახელმწიფო დაფინანსება არ არსებობს, სახელმწიფო სტრატეგიული გეგმა არ არსებობს, დონორთა პრიორიტეტებში კი ფსიქიკური ჯანმრთელობა არ შედის. თან ტრავმირებული საზოგადოების ერთ-ერთი მახასიათებელი ის არის, რომ დახმარების ძიებაშიც კი ძალიან პასიურები არიან. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ეს ხალხი ვერც აცნობიერებს, რომ მათ ფსიქოლოგიური დახმარებაც სჭირდებათ...”

დევნილთათვის ფსიქოლოგიური დახმარება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამოქმედო გეგმაშიც არ დევს.

ვალერი კოპალეიშვილი ამბობს, რომ სამოქმედო გეგმა სამინისტრომ გაეროს რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავა და, განსხვავებით 90-იანი წლებისგან, წელს ფსიქოსოციალური ფაქტორი პრიორიტეტულად არ მიიჩნიეს...

თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის ფაქტორზე მეტად ჯანა ჯავახიშვილი აქცენტს დევნილთა სოციალურ დაუცველობაზე აკეთებს, რაც ხშირად სავალალო შედეგით სრულდება, როგორც ეს ნანა ფიფიას შემთხვევაში მოხდა:

”ჩეხეთის მაგალითი რომ ავიღოთ, - რუსეთის ჯარების შესვლის ამბავს ვიხსენებ, - ჩეხებს რომ ვინმემ უთხრას მათი ეროვნული მუზეუმის წინ მდგარი იმ სტუდენტი ბიჭის ქანდაკებაზე, რომელმაც თავი დაიწვა, მაშინ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდაო, ეს მათთვის უდიდესი შეურაცხყოფა იქნება. რასაკვირველია, დევნილი ქალბატონის შემთხვევაშიც იქნებოდა მძიმე ფსიქოლოგიური ფონი, მაგრამ ეს ხალხი რომ სოციალურად აბსოლუტურად დაუცველია, ესეც ხომ ფაქტია...”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG