Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოსკარი“ – კინოში გაწეული ღვაწლისათვის


გასულ კვირას ლოს–ანჟელესში საპატიო „ოსკარის“ გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ წელს ამერიკის კინოაკადემიამ შეცვალა „ოსკარით“ დაჯილდოების რეგლამენტი და კინემატოგრაფისტებს ჯილდო კინოში გაწეული ღვაწლისათვის ნოემბერში გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალს არ დაესწრო დიდი ფრანგი რეჟისორი ჟან–ლუკ გოდარი, რამაც უარყოფითად იმოქმედა ცერემონიალის რეიტინგზე.

თითქმის ერთი თვეა მსოფლიოს წამყვანი ტელეარხები ატრიალებენ სარეკლამო რგოლს „შესანიშნავი შვიდეულის“ საუნდრეკით. მაგრამ წლევანდელი „ოსკარი“, უფრო სწორად, „საპატიო ოსკარის“ ცერემონია ამ მუსიკით მხოლოდ იმიტომ არ გაუფორმებიათ, რომ „შესანიშნავი შვიდეული“ ჰოლივუდის კლასიკაა და ეს მელოდია საზეიმო განწყობილებას ქმნის – „საპატიო ოსკარით“ კინოში გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოეს მსახიობი ილაი უოლაკი, რომელმაც სწორედ „შესანიშნავი შვიდეულით“ გაითქვა სახელი. გარდა ამისა, „საპატიო ოსკარის“ ლაურეატები წელს გახდნენ კინორეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა, კინოს ისტორიკოსი კევინ ბრაუნლო და ჟან–ლუკ გოდარი – ფრანგული „ახალი ტალღის“ ერთ–ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი, „ცოცხალი კლასიკოსი“, რომელმაც წელს უარი განაცხადა ჯერ კანის ფესტივალზე მონაწილეობის მიღებაზე ( და არ დაესწრო თავისი ახალი ფილმის, „სოციალიზმის“, პრემიერას), მოგვიანებით კი საპატიო „ოსკარის“ ცერემონიალში მონაწილეობის მიღებაზე თქვა უარი.

თუმცა თავდაპირველად საერთოდ არ უპასუხა ამერიკის კინოაკადემიას, რამაც დაბადა ეჭვი, რომ ფრანგი რეჟისორი პროტესტს გამოუცხადებდა „ოსკარს“, მით უმეტეს, რომ გოდარი არც აქამდე სწყალობდა ჰოლივუდს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული კინოს კლასიკას დაეყრდნო თითქმის მთელი მისი სტილი, გოდარმა არაერთხელ განაცხადა უარი ჰოლივუდში მუშაობაზე... ამერიკის კინოაკადემიაში ახსოვდათ ისიც, თუ როგორ უყვარს გოდარს სკანდალები, ახსოვდათ, რომ სწორედ გოდარი იყო 1968 წლის კანის ფესტივალზე ინიციატორი ბოიკოტისა და კანის კინოფესტივალის ჩაშლის.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ გოდარს შემორჩა მუდმივი მეამბოხის სტატუსი. „მე მიცნობენ, მაგრამ ვერ მცნობენო“, თქვა გოდარმა ამას წინათ. გულდაწყვეტილმა თქვა ეს... თუმცა ტელეკომპანია „არტეს“ გადაცემაში თავიც გაიმართლა, არც ისეთი უჟმური ვარ, როგორც ამას ჟურნალისტები ამტკიცებენო.

საპატიო „ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონიალამდე ცოტა ხნით ადრე გოდარის მეუღლემ ან–მარი მევილმა კინოაკადემიას გაუგზავნა რეჟისორის წერილი, რომელშიც გოდარმა ასაკი მოიმიზეზა (წელს მას 80 წელი უსრულდება), მაგრამ მადლობა გადაუხადა აკადემიას პრიზისთვის და დანარჩენ 3 ლაურეატს კინემატოგრაფის „სამი მუშკეტერი“ უწოდა.. ამერიკულ კინემატოგრაფიულ პრესაში, იციან რა გოდარის ვნება ილაპარაკოს რებუსებით და მრავალმნიშვნელოვანი სახეებით, უკვე ითქვა, გოდარი იმას გულისხმობდა, რომ თავად თანამედროვე კინოს დარტანიანიაო.. ასეა თუ ისე.. საპატიო „ოსკარებით“ დაჯილდოებას და გოდარის წერილს უკვე მოჰყვა ამ „ოსკარის“ მუსიკალური პაროდია ინტერნეტში.

დაბოლოს.. გოდარის ამერიკაში ჩაუსვლელობის მიზეზად ასახელებენ ამერიკულ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებს, რომელთა ავტორები ფრანგული კინოს კლასიკოსის ფილმებში ანტისემიტურ მოტივებზე მიუთითებენ. თავის დროზე გოდარმა ისრაელს „ახლო აღმოსავლეთის ავთვისებიანი სიმსივნე“ უწოდა. „ღირდა კი ასეთი ადამიანის დაჯილდოება „ოსკარით?“ – იკითხა ცერემონიალის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე „ნიუ-იორკ ტაიმსის“ კორესპონდენტმა. თუმცა ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა – საპატიო „ოსკარი“ კინოს კლასიკოსს გაუგზავნეს შვეიცარიაში, სადაც გოდარი კარგა ხანია უკვე ცხოვრობს და მუშაობს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG