Accessibility links

logo-print

რატომ არაა „ცხოვრება მშვენიერი“ „პროფილსა“ და „ნანუკას შოუში“


ტელეკომპანია ”რუსთავი 2”

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”

საქართველოში იშვიათია ნაციონალური არხი, რომლის ყველაზე რეიტინგულ გადაცემათა ჩამონათვალში არაპოლიტიკური, გასართობი ტოქშოუ არ ლიდერობდეს. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ეგრეთ წოდებულმა „აღსარების ტიპის“ გადაცემებმა, სადაც სტუმრები - საზოგადოებისათვის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანები - იხსენებენ საკუთარი ცხოვრების პიკანტურ დეტალებს. „რუსთავი-2“-ზე ასეთი გადაცემა „პროფილია“, „იმედზე“ - „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“, ხოლო „პირველ არხზე“ – „ცხოვრება მშვენიერია“. რატომ გახშირდა ამ ფორმატის გადაცემები და რაში არგია ისინი საზოგადოებას?

არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სენსორული შიმშილი - მიიღონ დადასტურება რაც შეიძლება მეტი ადამიანისგან ...
„დღეს მე ამბავს პირველად ვყვები...“ - ესაა ნაწყვეტი ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სატელევიზიო გადაცემის სარეკლამო რგოლიდან. მოხუცი ქალი მიდის სტუდიაში და მრავალმილიონიან აუდიტორიას აღსარებას აბარებს. გასართობი ტოქშოუების ავტორები მაყურებელს ძირითადად ამგვარი აღსარება-მონოლოგებით იზიდავენ, თუმცა მოხუცი ქალის ნაცვლად ტელეეკრანზე, როგორც წესი, საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანები ჩნდებიან. ვინ ყოფილ პარტნიორს მისტირის, ვინ კი არჩევანის სიმწირის გამო ჩივის. გასართობ ტოქშოუებს ხშირად პოლიტიკოსები სტუმრობენ. ერთხელ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში მონაწილეობა პრეზიდენტმა სააკაშვილმაც კი მიიღო.

”ნანუკას შოუ”
მიხეილ სააკაშვილი: „ამას წინათ თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოანი იყო ჩამოსული. შეხედა სანდრას, შემხედა მე და გვკითხა, შვილი რამდენი გყავთო. თვითონ ბევრი ჰყავს. ორი-მეთქი ვუთხარი. რაო?- გაუკვირდა. - საქართველოს ბავშვები არ სჭირდებაო?“ (იცინის)

თუმცა უნდა ითქვას, რომ მეტი ნიჭიერებითა და გახსნილობით სახელოვნებო წრის წარმომადგენლები გამოირჩევიან. შთამბეჭდავი იყო მსახიობ ზურაბ ყიფშიძის მონოლოგი.

ზურაბ ყიფშიძე: „ჩვენ დროს ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო, როცა ნაბიჭვარს გიწოდებდნენ. ეზოში, ქუჩაში ამ სიტყვას ხმარობდნენ. ეს რომ არ ეთქვათ ჩემთვის... მოკლედ, ბაბუამ მიშვილა და რაღა უნდა მეთქვა, რატომ მიშვილა?“

გულის ამგვარ გადახსნას ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად მიიჩნევენ ფსიქოლოგები, რომელთა თქმითაც, ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ერთმანეთს დაშორებულ ადამიანებს აწუხებთ ემოციების შიმშილი, რის დასაოკებლადაც, როგორც ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ამბობს, ტექნოლოგიური საზოგადოება ტრადიციულ საშუალებებზე მეტად თავისსავე ნაწილს - ელექტრონულ მედიას - იყენებს.

პრაქტიკულად ეს პროპაგანდისტული მანქანა გაცხოვრებს სხვისი ცხოვრებით. გიბიძგებს, რომ არ იაზროვნო, არ იმოქმედო, არ იფიქრო! ..
„მოძღვართანაც მიდიან, ფსიქოლოგთანაც მიდიან, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ერთ-ერთი ალტერნატივა ამგვარი გაზიარებისა, გრძნობების გამოხატვისა არის ტელეეკრანი. და კიდევ: გააჩნია როგორი ფსიქოტიპია ესა თუ ის პერსონა. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სენსორული შიმშილი - მიიღონ დადასტურება რაც შეიძლება მეტი ადამიანისგან“, - უთხრა ნანა ჩაჩუამ რადიო თავისუფლებას.

ამასთან, ნანა ჩაჩუას აზრით, ხშირ შემთხვევაში საჯარო აღსარების დროს ადამიანები თავიანთთვის სასარგებლო ნიღაბს მოირგებენ და, გულწრფელობის ნაცვლად, ფსევდოგრძნობებს აფრქვევენ ხოლმე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაყურებლისთვის ყოველივე ამის ხილვა ინტერესს მოკლებულია. მედიის მკვლევარი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ პროპაგანდისტული მანქანის ძალისხმევით საზოგადოებისათვის ისევე საინტერესო გახდა პირადი ისტორიები, როგორც ლათინოამერიკული სერიალები, რომლებსაც ტელევიზიების საეთერო დროის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავიათ.

ზვიად ქორიძე: „პრაქტიკულად ეს პროპაგანდისტული მანქანა გაცხოვრებს სხვისი ცხოვრებით. გიბიძგებს, რომ არ იაზროვნო, არ იმოქმედო, არ იფიქრო! შენ უნდა იყო დამუხტული ამ პრობლემატიკით. როდესაც შენ ცხოვრობ სხვისი ცხოვრებით, პრაქტიკულად სცდები გაცილებით მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ხაზს - აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებას, აქტიურ პროფესიულ ცხოვრებას... და ეს არის ინტერესი იმ ხელისუფლებისა, რომელსაც მოაზროვნე და მოქმედი ადამიანი პრობლემას უქმნის“.

ადამიანი რომ მოწყვლადია თავსმოხვეული ინფორმაციული ნაკადის მიმართ, კარგადაა ნაჩვენები ცნობილი კინორეჟისორის ჯიმ ჯარმუშის ფილმში „ღამე დედამიწაზე“, რომლის ერთ-ერთ ნოველაში ტაქსის მძღოლი შემთხვევით მგზავრს, კათოლიკე მღვდელს, ამ უკანასკნელის წინააღმდეგობის მიუხედავად (მანქანის სალონი არ არის აღსარებისთვის შესაბამისი გარემოო), აბარებს აღსარებას.

ტელეშოუ ”პროფილი”
ტაქსის მძღოლი ჰყვება, თუ როგორ იკმაყოფილებდა 12 წლის ასაკში სექსუალურ ჟინს მწიფე კვახის დახმარებით, მოგვიანებით როგორ ჩაანაცვლა კვახი ჯერ ფუმფულა ბატკანმა, შემდეგ კი რძალმა, რომელიც ერთდროულად კვახსაც აგონებდა და ბატკანსაც. მგზავრი ცუდად ხდება, დახმარებას ითხოვს, თუმცა მთხრობელი ვერ ამჩნევს და გატაცებით ჰყვება თავისი სიყვარულის მდიდარ ისტორიას. ნოველის ბოლოს მგზავრი გულის შეტევით კვდება. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ეფექტი აქვს ნაციონალური არხების გასართობ გადაცემებსაც, სადაც ტაქსის მძღოლის როლში ხშირად გადაცემის სტუმრებიც არიან და მასპინძლებიც.

მაია ასათიანი, გადაცემა პროფილის წამყვანი: „ჩემზე, იცი, რას ამბობენ? ვთქვა? მკერდის ოპერაცია გაიკეთაო!“

ინგა გრიგოლია, პოლიტიკოსი, თბილისის საკრებულოს წევრი: „მეც სულ მგონია, რომ გაიკეთე!“

ეს არის სწორედ სისტემა! უამრავი ურთიერთმაკომპენსირებელი და ურთიერთგამაძლიერებელი მექანიზმი მუშაობს ერთდროულად თავის დასაცავად!..
მაია ასათიანი: „არ გამიკეთებია! არა, მართლა, აი! დედას გეფიცები!“

ინგა გრიგოლია: „ყოველ შემთხვევაში, გადასარევად გამოიყურება შენი მკერდი ეკრანზე! მეჩვენება, რომ გადიდებული გაქვს“.

რა სარგებელი შეიძლება მოჰქონდეს საზოგადოებისათვის ასეთი ტიპის გადაცემებს, რომლებიც, ავტორთა მტკიცებით, მაყურებლის გასართობად კეთდება? ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ გასართობი ტოქშოუების პარალელურად ტელევიზიებში ერთიათად გაიზარდა იუმორისტული გადაცემებისა და ღია ეთერში მიმდინარე სხვადასხვა სახის კონკურსების რაოდენობა, რომელთა გამო მედია - ბევრი სხვა სფეროს მსგავსად - ვეღარ მონაწილეობს სამოქალაქო საზოგადოების შექმნის უმნიშვნელოვანეს პროცესში. სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნიკო მელიქაძე ამბობს, რომ მედია უკვე ჩამოყალიბებული სისტემის ნაწილია და მის, როგორც ნაწილის, შეცვლას სისტემა, როგორც მთელი, ბუნებრივად ეწინააღმდეგება.

ტელეშოუ ”ცხოვრება მშვენიერია”
„ეს არის სწორედ სისტემა! უამრავი ურთიერთმაკომპენსირებელი და ურთიერთგამაძლიერებელი მექანიზმი მუშაობს ერთდროულად თავის დასაცავად! რატომ არის, უამრავი სხვადასხვა სირთულის მიუხედავად, იგი მდგრადი? წააგო ომი! სიღატაკეა! არის ძალადობა, მაგრამ ის მაინც მდგრადია! რატომ? რა მექანიზმები უზრუნველყოფს ამას? ამ ველში, ასეთნაირად მოწყობილ სააზროვნო სივრცეში ჟურნალისტიკა (ტოქშოუ, როგორც მისი ერთ-ერთი ფორმა) თავის საქმეს აკეთებს და ბუნებრივად შემოდის ისეთი ფორმით, როგორითაც შემოდის“, - უთხრა ნიკო მელიქაძემ რადიო თავისუფლებას.

ნიკო მელიქაძის თქმით, ჟურნალისტებს აკლიათ ის ადეკვატური მცნებათა სისტემა, რომლითაც ქვეყნის მდგომარეობის რაციონალურად გააზრებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ჟურნალისტებმა თავი უნდა დაანებონ ჭორებს, სკანდალს და დაიწყონ საკუთარი ფუნქციების შესრულება, რაც პროფესიონალიზმის გაზრდასა და ისეთი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებას სამყაროს შესაცნობად და პრობლემების გადასაჭრელად სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტი დაემსგავსება ზემოთ ნახსენები ფილმის გმირს - ტაქსისტს, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის და ამით დიდად არაა შეწუხებული. მცირე თავის მართლების შემდეგ შეუძლია გარდაცვლილი მგზავრი უკაცრიელ სკვერში სკამზე დატოვოს და... მორიგი მგზავრის ასაყვანად გაემართოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG