Accessibility links

აზერბაიჯანში სატირული ვიდეოს ავტორი მეორე ბლოგერიც გაათავისუფლეს


ბლოგერი ემინ მილი რადიო თავისუფლების ბაქოს სტუდიაში

ბლოგერი ემინ მილი რადიო თავისუფლების ბაქოს სტუდიაში

აზერბაიჯანში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, გათავისუფლებულ იქნეს მეორე ბლოგერიც, ემინ მილი, წინა დღით, ანუ ხუთშაბათს, პატიმრობიდან ბლოგერ ადნან ჰაჯიზადეს გათავისუფლების შემდეგ. ორივე ზუსტად ერთი წლის წინ, 2009 წლის ნოემბერში გაასამართლეს, რასაც მედიის თავისუფლების დამცველებისა და უცხო ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა.

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ხუთშაბათს და პარასკევს მიღებული გადაწყვეტილებებით, ვადამდე გაათავისუფლა ორი ბლოგერი - ჯერ ადნან ჰაჯიზადე, შემდეგ ემინ მილი. ამ უკანასკნელმა ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ სამსახურთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ მისი ამბავი ხელს შეუწყობს ყურადღების მატებას აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართ. ჩემთვის გამოტანილი განაჩენი არაობიექტური სასამართლო პროცესის შედეგი იყოო, ამბობს ემინ მილი: „ჯერაც ვერ გამიგია მისი ლოგიკა, ის, უბრალოდ, უსამართლო იყო! ბევრს ეპყრობიან უსამართლოდ, მაგრამ ყველა არ იპყრობს ამდენ ყურადღებას. როცა ასეთი პატარა საქმე ესოდენ დიდ ყურადღებას იპყრობს, ეს ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას. იმედი მაქვს, ჩვენი სასამართლო საქმე ხელს შეუწყობს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას და გააძლიერებს ჩვენი ახალგაზრდების რწმენას საკუთარ ძალებში“.

ემინ მილის თქმით, ის აპირებს გააგრძელოს პოლიტიკაზე ბლოგების წერა და აპირებს ასევე, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში უჩივლოს აზერბაიჯანის მთავრობას.

ემინ მილი და ადნან ჰაჯიზადე გასული წლის ნოემბერში გაასამართლეს ხულიგნობის ბრალდებით, ბაქოს ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის გამო, რომელიც, პროკურორების მტკიცებით, ბლოგერებმა დაიწყეს. ჰაჯიზადეს 2, მილის - 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მათი დაპატიმრება ბევრმა აღიქვა სამაგიეროს გადახდად რესტორნის ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე ჰაჯიზადესა და მილის მიერ ინტერნეტით გავრცელებული სატირული ვიდეოსთვის, რომელიც მთავრობას აშარჟებდა: ნაჩვენები იყო ვირად შემოსილი მამაკაცი, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას. სატირამ, სავარაუდოდ, ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები გაანაწყენა, მათ შორის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი...

დასავლეთში კი გადაჭრით დაგმეს ბლოგერების დაპატიმრება, როგორც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ეს საკითხი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც წამოჭრა, აზერბაიჯანელ კოლეგასთან სექტემბერში გამართულ შეხვედრაზე.

შესაბამისად, დადებითია უფლებების დამცველების და დასავლელი ოფიციალური პირების გამოხმაურება ბლოგერების გათავისუფლებაზე. აი, როგორი იყო სამხრეთ კავკასიის საკითხებში ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ ექსპერტის, გიორგი გოგიას რეაქცია: „ ჩვენ აღტაცებული ვართ ბლოგერების, ემინ მილისა და ადნან ჰაჯიზადეს გათავისუფლებით. რასაკვირველია, პირველ რიგში, ისინი არ უნდა დაეპატიმრებინათ. მთავრობამ აუცილებლად მეტი უნდა გააკეთოს, თუ მართლაც სურს ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“. გოგია უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევს აზერბაიჯანის ციხეებში დარჩენილი ჟურნალისტების გათავისუფლებას, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, არის, „ჰიუმან რაითს უოჩის“ წარმომადგენლის განცხადებით, „ცილისწამების დეკრიმინალიზაცია, რადგან მთავრობა ცილისწამების გამო გასამართლებას იყენებს ურჩი ჟურნალისტებისათვის სამაგიეროს გადასახდელად“.

მილისა და ჰაჯიზადეს გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებამდე ორიოდე კვირით ადრე, აზერბაიჯანში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები. მათში დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს მმართველმა პარტიამ და მისმა მოკავშირე პოლიტიკურმა ძალებმა. ბევრი მიმომხილველი გამოთქვამს შეფასებას, რომ ბლოგერების გამოშვებით ბაქო ცდილობს, გაანელოს კრიტიკა, რომელსაც უცხოეთში გამოთქვამენ 7 ნოემბრის არჩევნების მისამართით. კენჭისყრამ, უცხოელი მეთვალყურეების უმრავლესობის შეფასებით, უხეში დარღვევებით ჩაიარა.
XS
SM
MD
LG