Accessibility links

logo-print

ლისაბონში გაიხსნა ნატოს სამიტი


ნატოს ლისაბონის სამიტის დარბაზი

ნატოს ლისაბონის სამიტის დარბაზი

ლისაბონში გაიხსნა ნატოს სამიტი, რომლის ყურადღების ცენტრშია საკითხი, 2014 წლამდე როგორ გადაეცეს ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების კონტროლი ქაბულს. 28 წევრი ქვეყანა ასევე ცდილობს, დასახოს სტრატეგიული მიზნები და შეთანხმდეს ევროპის თავზე ანტისარაკეტო ფარის შექმნის გეგმაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სამიტზე შეკრებილებს განუცხადა, რომ დღეს და ხვალ მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც ნატოს ალიანსის „სამომავლო ჩარჩოებს“ შექმნის. როგორც მოსალოდნელია, ნატოს ლიდერები მოიწონებენ ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის წინადადებას, რომ ავღანეთის ჯარები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის წამყვან პასუხისმგებლობას იკისრებენ 2014 წლის ბოლოდან. მოელიან ასევე მომავალი ათწლეულისთვის ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღებას, რომელიც მიზნად დაისახავს ისეთი საფრთხეების მოგერიებას, როგორებიცაა კიბერშეტევები და ტერორიზმი. სამიტზე დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის დასწრება. განხილულ იქნება რუსეთის როლი ავღანეთში ნატოს ჯარების მომარაგების მარშრუტების გაფართოების საქმეში და რუსეთის შესაძლო მონაწილეობა ანტისარაკეტო ფარის პროგრამაში.
XS
SM
MD
LG