Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა


თბილისის საკრებულოს სხდომა
თბილისის საკრებულოს სხდომა
გასულ კვირაში თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 2011 წელს თბილისის მთავრობას 620 მილიონი ლარის დახარჯვის საშუალება ექნება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 123 მილიონით ნაკლებია. საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები აცხადებენ, რომ ბიუჯეტის შემცირება სოციალური პროგრამების დაფინანსების კლების ხარჯზე მოხდა. სულ სხვა რამეს ირწმუნება მმართველი გუნდი.

ეს არის ბიუჯეტი, სადაც ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული, მასობრივი ღონისძიებები და სხვა სანახაობრივ-გასართობი, სამივლინებო თუ თანამდებობრივი ფუფუნების საგნები მთლიანად არის ამოშანთული ...
თბილისის ბიუჯეტის განხილვის პროცესი არატრადიციულად წარიმართა. დედაქალაქის საფინანსო გეგმის შედგენაში მონაწილეობის საშუალება მიეცათ რიგით თბილისელებსაც, და საკრებულოში ბიუჯეტის შეტანამდე თბილისის მერი და მერიის წარმომადგენლები ოპოზიციურ ფრაქციებს რამდენჯერმე შეხვდნენ. ბიუჯეტის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა როგორც მოქალაქეთა კონკრეტული სურვილები, ასევე ოპოზიციური ფრაქციების მოთხოვნათა ნაწილი. ამგვარად შედგენილი თბილისის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ საკრებულოს 18 ნოემბერს წარუდგინა:

”ეს არის ბიუჯეტი, სადაც ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული, მასობრივი ღონისძიებები და სხვა სანახაობრივ-გასართობი, სამივლინებო თუ თანამდებობრივი ფუფუნების საგნები მთლიანად არის ამოშანთული ან მინიმუმამდე დაყვანილი. ამავე დროს, ყველაფერი გავაკეთეთ, რათა აღდგენილი კომუნალური მომსახურების სიკეთე თანაბრად ეგრძნოთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, დავაწესეთ მათთვის შეღავათები და აქვე ვიტყვი, რომ სანამ ვარ მერი, უპოვართა და უმწეოთა და გაჭირვებულთა დახმარების პოლიტიკა ნებისმიერ შემთხვევაში უცვლელი იქნება”.

თბილისის მერმა თავის გამოსვლაში აქცენტი შემთხვევით არ გააკეთა სოციალური დახმარებების გაგრძელებაზე. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ახალი მემარჯვენეებიდან, თავისუფალი დემოკრატებიდან, კონსერვატორებიდან და ქრისტიან-დემოკრატებიდან, რომლებიც თავიანთ თავს მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებლებად მიიჩნევენ, დედაქალაქის მთავრობას მემარცხენე მოთხოვნებს უყენებენ.

თბილისის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატები - ჩვენი საქართველოს“ წარმომადგენლის, ვიქტორ დოლიძის, განცხადებით, თბილისის ბიუჯეტის შემცირება ზედმეტ ტვირთად დააწვება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას:

”თავისუფალი დემოკრატები - ჩვენი საქართველოს” წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე
”ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების ხარჯები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 29 მილიონი იყო ჯანდაცვის ხარჯები 2010 წელს, მომავალ წელს არის 15 მილიონი. ჩვენ თუ გვაქვს ფუფუნება ჯანდაცვის ხარჯები დედაქალაქში, სადაც პრაქტიკულად გამართული სისტემა არ არსებობს, 14 მილიონით შევზღუდოთ, ამაში მე ლოგიკას ვერ ვხედავ”.

სოციალური ხარჯების გაზრდას მოითხოვდა ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ინგა გრიგოლიაც. მან მადლობა გადაუხადა თბილისის მერს ოპოზიციასთან ჩატარებული კონსულტაციებისთვის, მაგრამ განაცხადა, რომ ბიუჯეტს მხარს ვერ დაუჭერს:

”ვინაიდან ქვეყანაში არის მძიმე სოციალური მდგომარეობა, გაძვირებულია პროდუქტი, ინფლაციაა, ჩვენ მოვითხოვთ, პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდეს, ანუ საუბარია ოფიციალურად დაფიქსირებულ 140 ლარზე. არ შეიძლება, რომ ამაზე 1 თეთრით ნაკლები იყოს პენსია”.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქეთა პენსიას სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს და არა მუნიციპალური, თუმცა გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თბილისელმა პენსიონერებმა 10-ლარიანი დანამატი მიიღეს, რაც წელსაც გრძელდება.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნოდარ ხადურის, განცხადებით, უმჯობესია თბილისის ბიუჯეტი სოციალურ საკითხებზე მეტად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდეს:

ჩვენ მხარს დავუჭერთ ახალ ბიუჯეტს. აქვე გვინდა ვთქვათ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვწონს ამ ბიუჯეტში ...
”ქალაქის ბიუჯეტი ძირითადად არის სოციალურად ორიენტირებული, სოციალური ხარჯებია უდიდესი ნაწილი. გარდა ამისა, არის ხარჯები, რომლებიც გარკვეული ტიპის სუბსიდირებას ხმარდება. ამასაც ასევე სოციალური დანიშნულება აქვს. წელს ეს იყო ტრანსპორტის სუბსიდირება. ზოგადად, ჯობდა, რომ თბილისის ბიუჯეტი უფრო ინფრასტრუქტურული ყოფილიყო, უფრო მეტად დაეფინანსებინა ის ღონისძიებები, რომლებიც ქალაქის და შემდეგ ქვეყნის ეკონომიკას წაადგებოდა”.

ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური იმასაც აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურის ცვლილებასთან ერთად საჭიროა მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსავლების სხვაგვარად მოწყობა. მისი აზრით, თბილისის ბიუჯეტის შემოსავლების დიდი ნაწილი ადგილობრივი გადასახადები უნდა იყოს, რაც ამჟამად მინიმუმამდეა დაყვანილი. დედაქალაქის ბიუჯეტი ძირითადად ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერებით ფინანსდება და მათი მოცულობა ცენტრალური ხელისუფლების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, - ამბობს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე.

თბილისის ბიუჯეტის შემოსავლების სისტემის ცვლილების მოთხოვნით ჯერჯერობით არც ერთი ოპოზიციური გაერთიანება არ გამოდის. უფრო მეტიც, მათმა ნაწილმა - მაგალითად, კობა დავითაშვილმა და კახა კუკავამ - თბილისის 2011 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. ეს გადაწყვეტილება კახა კუკავამ ასე განმარტა:

”ჩვენ მხარს დავუჭერთ ახალ ბიუჯეტს. აქვე გვინდა ვთქვათ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვწონს ამ ბიუჯეტში. პირიქით, ალბათ, ბევრი რამე არის მიუღებელი, ვიდრე მისაღები. მაგრამ ის პროგრესი, რაც არის და რაც ადრე არ ხდებოდა, - ოპოზიციის ცვლილებების გათვალისწინება ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, - ეს ტენდენცია არის შეცვლილი”.

დედაქალაქის მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა, ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, 2011 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას ოპოზიციის რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინა - მათ შორის, კახა კუკავას და კობა დავითაშვილის წინადადება სკოლის მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოების შესყიდვის შესახებ. ამ და სხვა საკითხში ოპოზიციასთან თანამშრომლობას თბილისის საკრებულოში მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი, კოკი იონათამიშვილი, მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესს უწოდებს:

კოკი იონათამიშვილი, თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე
”ჩემი აზრით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი იყო საკრებულოში, ანუ გაჩნდა ტრადიცია იმისა, რომ ქალაქის მერი, მისი მოადგილეები, სამსახურების უფროსები ხვდებიან ფრაქციებს და მათთან უშუალოდ გადიან ბიუჯეტს. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი და ეს ყველა ფრაქციამ აღნიშნა. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ანალოგიური პრაქტიკა კიდევ უფრო მეტ შედეგს გამოიღებს იმისთვის, რომ თბილისელების ცხოვრება გახდეს კიდევ უფრო სოციალურად დაცული, ღირსეული და ლამაზი”.

კოკი იონათამიშვილის განცხადებით, პრიორიტეტული სფეროების დაფინანსება კი კვლავაც გაგრძელდება.

დედაქალაქის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტად ისევ რჩება სოციალური სფერო და ყველა ის შეღავათი თუ დახმარება, რომელიც აქამდე არსებობდა, კვლავ გაგრძელდება. ასევე მას დაემატება ახალი პროგრამებიც. ბიუჯეტის კიდევ ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ინფრასტრუქტურა და ეკონომიკის განვითარება. გაგრძელდება მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და ძველი თბილისის ახალი საცოცხლის პროგრამა, რომელიც, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა ბინებით უზრუნველყოფის გარდა, ხელს უწყობს ძველი უბნების რეკონსტრუქციას და სამშენებლო ბიზნესის განვითარებას.
XS
SM
MD
LG