Accessibility links

logo-print

მოსალოდნელია ნატო-რუსეთის სამიტი ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხებზე


ნატოს ლიდერები 20 ნოემბერს აპირებენ, რუსეთთან ერთად განიხილონ ერთობლივი ანტისარაკეტო თავდაცვის ფარის შექმნის საკითხი. ევროპის საჰაერო თავდაცვის იდეა ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან მომავალი გრძელვადიანი სარაკეტო საფრთხის შეკავებას ითვალისწინებს. ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი პორტუგალიაში ნატოს სამიტს შეუერთდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლისაბონში უკვე განაცხადა, რომ რუსეთს მიიწვევენ მონაწილეობა მიიღოს ამ გეგმის შემუშავებაში გამომდინარე იქიდან, რომ ნატო და რუსეთი „იზიარებენ ზოგიერთი ასეთი საფრთხის არსებობას.
„მე მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ პირველად შევთანხმდით, რომ განვავითაროთ საკმაოდ მძლავრი ანტისარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობები, რათა დავიცვათ ნატოს მთელი ევროპული ტერიტორია და მოსახლეობა ისევე, როგორც შეერთებული შტატები. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ეფუძნება შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის ადაპტირებულ, ახალ ეტაპობრივ მიდგომას, რომელიც გასულ წელს გამოვაცხადე. იგი ითვალისწინებს ყველა ჩვენი მოკავშირის როლს. იგი მიესადაგება ჩვენი დროის საფრთხეებს. იგი აჩვენებს ჩვენს გაბედულებას, ბალისტიკური რაკეტების საფრთხისაგან დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები... და ხვალ ჩვენ გვსურს, რუსეთთან ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა მათთან ერთად განვავითაროთ თანამშრომლობა ამ სფეროში, ვაღიარებთ რა, რომ ჩვენ ვიზიარებთ ბევრ ამ საფრთხეს“.
მოსკოვი კრიტიკულად ეკიდებოდა ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის პირველად გეგმას, რომელიც, მოსკოვის შეფასებით, საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. ვინაიდან ეს საკითხი კვლავაც მგრძნობიარეა რუსეთისათვის და ასევე, ნატოს წევრი თურქეთისათვის. მოსალოდნელია, რომ ევროპის ახალ ანტისარაკეტო გეგმაში პირდაპირ არ იქნება ნახსენები ირანი, როგორც ევროპისათვის პოტენციური სარაკეტო საფრთხის მატარებელი ქვეყანა.
XS
SM
MD
LG