Accessibility links

logo-print
ამ კვირაში საქართველოზე უცხოეთის პრესა ბევრს არ წერდა, თუმცა სტატიები, სადაც პარასკევს დაწყებულ ნატოს ორდღიან სამიტზეა ლაპარაკი, რეგიონალურ კონტექსტში და იმასთან დაკავშირებითაც, რომ საქართველოს ალიანსისგან ოდესმე გაწევრიანების შესახებ დაპირება აქვს მიღებული, ამ და სხვა მიზეზების გამო საინტერესოა.

გამოცემა „იურეიშანეტი“ აქვეყნებს ჯოშუა კუცერას წერილს იმის თაობაზე, რომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოს უპილოტო თვითმფრინავი შენიშნა, რომელსაც ესროლეს. იქვეა მოყვანილი სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ ეს იყო თბილისის მხრიდან ჩვეული პროვოკაცია, რისი მიზანიც საერთაშორისო ყურადღების მიქცევაა. კერძოდ, დე ფაქტო ხელისუფლება მას ვარშავაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უკავშირებს. გამოცემის თანახმად, ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი ფრენები ხშირია. ჯოშუა კუცერა შეკითხვას სვამს: სხვა სიტყვებით, საქართველო ამას თვეში რვაჯერ სჩადის, მაგრამ სამხრეთ ოსეთი არასდროს აკეთებს განცხადებას, გარდა იმ კონკრეტული შემთხვევისა, როცა ის ნატოსთან დაკავშირებული პროვოკაცია იყო? რა გამოდის, დიდი საერთაშორისო ღონისძიების მიჯნაზე ვინ სცადა ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილება? იქვეა მოყვანილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის სიტყვები, რომ თუ ქართულმა უპილოტო თვითმფრინავმა გადაუფრინა ცხინვალს, ეს მისი სუვერენული უფლებაა. და იქვე განაგრძობს სტატიის ავტორი კალანდაძის დამოწმებას, რომ ამის სუვერენული უფლება აქვს, რადგან ეს საქართველოს ტერიტორიაა. იქვე წაიკითხავთ, რომ რუსულ პრესაში ”გაჟონა” დაუჯერებელმა ცნობამ იმის თაობაზე, თითქოს საქართველო ყიდულობს ისრაელში წარმოებულ უმაღლესი ხარისხის ტანკებს, რასაც ოსეთში ანალიტიკოსებმა საქართველოს მედიის პროვოკაცია უწოდეს. ჯოშუა კუცერა ამბობს, ეს ზემოთქმულთან თითქოს დაკავშირებულიცაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ცნობა თავდაპირველად რუსეთის ვებ-საიტზე გამოჩნდა, განცხადება დიდად სარწმუნო არ უნდა იყოსო.

რაც შეეხება ნატოს ორდღიან სამიტს, რომელიც პარასკევს დაიწყო, „ბრიტანეთის „გარდიანში“ წაიკითხავთ, რომ მასში რუსეთის მონაწილეობა და ავღანეთის შესახებ გეგმის გამო უთანხმოება „განახლებული ნატოს“ სამიტს ლისაბონში მეტ სიმწვავეს სძენს. „გარდიანი“ კონკრეტულად ბარაკ ობამას გრძნობებზე წერს: ბარაკ ობამას სიხარულის მიზეზი აქვს, რადგან ეს იშვიათი საგარეო პოლიტიკური წარმატებაა, კერძოდ, დასავლეთთან რუსეთის სერიოზული დაახლოება, რაც ორმხრივი ურთიერთობის „გადატვირთვის“ შესახებ მის წინადადებას მოჰყვა. ლისაბონში პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ყოფნა, როგორც ჩანს, სიმბოლური იქნება, თუმცა „დიდ ოცეულთან“ და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი იმედგაცრუებების შემდეგ, რომ აღარაფერი ვთქვათ შუალედურ არჩევნებში მარცხზე, ობამასთვის ის დიდ პოლიტიკურ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ. „გარდიანის“ წერილის ავტორი ფიქრობს, რომ, როგორც მოსალოდნელია, რუსეთი პრინციპულ თანხმობას განაცხადებს ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემის პროექტზე მუშაობის თაობაზე. ეს სისტემა შეძლებს ევროპის - მათ შორის, თურქეთის - დაცვას, წერს „გარდიანი“ და იქვე შენიშნავს, თუკი თურქეთი საბოლოოდ გაარკვევს ვისთანაა – აღმოსავლეთთან თუ დასავლეთთანო. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი, რომელიც კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო ანტისარაკეტო ფარისა ბუშის მმართველობის დროს, მთლიანად ცვლის პოზიციას. გაზეთის აზრით, მოსალოდნელია, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად გააფართოებს ნატოსთვის დახმარებას ავღანეთში და ითანამშრომლებს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლაში. „ეს რეალური შანსია, ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ წარსულის აჩრდილებს“, – მოჰყავს „გარდიანს“ ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის სიტყვები.

უფრო ქვემოთ გაზეთი მკითხველს შეახსენებს უთანხმოებას ევროპაში ამერიკული ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გამო და ასევე ავღანეთში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას. კანადამ და ნიდერლანდმა, აშშ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, ავღანეთიდან საკუთარი სამხედრო ნაწილები გაიყვანეს, თუმცა, ისევ ვაშინგტონის ზეწოლით, ისინი დათანხმდნენ თავიანთი სამხედრო შენაერთების ნაწილი დაეტოვებინათ ინსტრუქტორების სახით. სტატიაში წაიკითხავთ, რომ უკმაყოფილონი არიან სხვა ევროპელი მოკავშირეებიც - აშშ-ის სტრატეგიის მუდმივ მხარდაჭერაზე მხოლოდ ბრიტანეთი ლაპარაკობსო.

ნატოს სამიტზე წერდნენ გაზეთები გერმანულენოვან ქვეყნებშიც. ავსტრიის „კურიერი“ წერდა: იმის გამო, რომ ნატოში ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ ერთხმად მიიღება, - თუმცა ამერიკა ყოვლისშემძლედ ითვლება, - ალიანსი უფრო სამხედრო ფორუმად გადაიქცა, ვიდრე ძლიერ სამხედრო კავშირად. ეს შეიძლება ნაკლებ პატივისცემას იწვევდეს, მაგრამ თავის მიზანს აღწევს. კიდევ სად არის შესაძლებელი დასავლეთის სტრატეგიული ინტერესების განხილვა და ერთ მნიშვნელზე დაყვანა? - სვამს შეკითხვას „კურიერი“ და წერს, ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირის მცდელობა, მარტო ემოქმედა უშიშროების საკითხებში, წარუმატებელი გამოდგაო.

გერმანიაში - ბერლინში - გამომავალი „ტაგესშპიგელი“ განიხილავს ნატოს ახალ სტრატეგიას, რომელიც ლისაბონის სამიტზე უნდა მიიღონ. გაზეთი მიიჩნევს, რომ კონცეფციის მიღება დროულია და წერს, რომ ბოლო დოკუმენტი, რომელიც სტრატეგიას შეეხებოდა, ალიანსმა 1999 წელს მიიღო. მაშინ ნატოს 19 წევრი ჰყავდა, ახლა 28-ს ითვლის; მაშინ არც მეკობრეობა, არც ისლამისტური ტერორიზმი და არც კიბერთავდასხმები არსებობდა ინტერნეტში. ეჭვი არ არის, რომ მსოფლიო პრობლემების მოგვარება არ მოხერხდება მხოლოდ ნატოს მეშვეობით, მხოლოდ სამხედრო გზით. ამისთვის ალიანსმა უნდა ეძებოს პარტნიორები მთელ მსოფლიოში. და როცა ის ამ დროს რუსეთს სათანამშრომლოდ იწვევს, ესაა მოვლენის ისტორიული განზომილება, - ასეთ შეფასებას აძლევს ლისაბონის ნატოს სამიტს ბერლინის გაზეთი „ტაგესშპიგელი“.
XS
SM
MD
LG