Accessibility links

როგორ იცვამენ თანამედროვე ახალგაზრდები? რა ადგილს იკავებს ჩაცმა მათ ცხოვრებაში? როგორია ან რაზე მიუთითებს თანამედროვე ახალგაზრდების ჩაცმულობა? ამაზე დღევანდელ ახალგაზრდულ გადაცემაში სტუდენტები, სალომე კვირიკაშვილი და ნუცა აბაშიძე, გესაუბრებიან.

გინდა უნივერსიტეტის ფოიეში შედი და გინდაც, უბრალოდ, ქუჩაში გაიარე, რამდენი ახალგაზრდაც შეგხვდება, იმდენნაირ ჩაცმულობას ნახავ. ძირითადად, მაინც - ჯინსი, ”კეტები” და ქურთუკი ფერად მაისურზე. შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც - მაღალი ქუსლები და ”გაპრანჭული” ტანსაცმელი.

ვინც რა უნდა თქვას და რაზეც უნდა დადოს თავი, ახალგაზრდები დიდ ყურადღებას აქცევენ ჩაცმულობას. მათი მუდმივი განსჯის საგანია, ვის როგორ აცვია, ვინ სად რა იყიდა, რაში რამდენი გადაიხადა. ამაზე წვეულებაზეც საუბრობენ, კაფეშიც და სასწავლებლებშიც.

რას ფიქრობენ ისინი საკუთარ ჩაცმულობაზე, როგორია დღევანდელი ახალგაზრდების ჩაცმის სტილი?

”უფრო ქეჟუალს, რომ იტყვიან, ვანიჭებ უპირატესობას - უფრო კომფორტული რაც არის, მაგრამ როდესაც არის რაღაც ოფიციალური შეხვედრა, სადაც მჭირდება, რომ ცოტა ელეგანტურად გამოვიყურებოდე, მირჩევნია რაღაც დროის განმავლობაში გავიჭირვო და ცოტა უფრო შეზღუდულად ვიყო”.

”მომწონს, აი, არეული სტილი რომ აქვთ ხოლმე: რაღაც კლასიკურად რომ აცვიათ და რაღაც სპორტული ელემენტიც რომ აქვთ ხოლმე დამატებული. სხვაზეც მომწონს და ჩემზეც, და ამიტომ ვიცვამ”.

მოკლედ, ჩაცმას ყველა აქცევს ყურადღებას... ისინიც, ვინც საგანგებოდ არის გამოპრანჭული და ისინიც, ვინც ხაზგასმულად ”მოჩაჩული” დადის.

სად შეიძლება ჩაიცვას ახლგაზრდა ქალმა ან ვაჟმა საქართველოში? რა თანხა სჭირდება ამას? და საიდან უნდა მოიტანოს, მაგალითად, სტუდენტმა თუნდაც ”ნექსთში” ქურთუკის საყიდელი ფული?

აღმოჩნდა, რომ არჩევანი საკმაოდ დიდია:

- სად დადიხარ ტანსაცმლის საყიდლად?

- სადაც ყველაზე მეტად ხელსაყრელია. არ ვთაკილობ არც მეორადებს, ჩემთვის ფასითაც მისაღებია. განსაკუთრებული აპრიორი არ მაქვს, რომ შევიმოსო იგივე „სელიოში“ ან სხვა ძვირად ღირებულ მაღაზიებში.

- ტანსაცმელს შენით ყიდულობ თუ მშობლები გაძლევენ ამის ფულს?

- მშობლები მაძლევენ და ხანდახან, თუ მინდა რაიმე განსაკუთრებული, იგივე ძვირად ღირებული, იგივე, ვთქვათ, ქურთუკი, ვმუშაობ და მრჩება ფული, რომ ჩემით ვიყიდო რამე.

- ტანსაცმელს, რომ არ მოგატყუო, ბაზრობაზეც ვყიდულობ და მაღაზიებშიც; აი, პლეხანოვზე, ვაკეში მაქვს რაღაც ჩემი მაღაზიები. არ მაქვს ის, რომ აუცილებლად რაღაც ბრენდი უნდა იყოს. შოფინგისთვის, ძირითადად, მშობლები მაძლევენ ფულს, რადგან მე რაღაც მიზერული ხელფასი მაქვს და იმ ხელფასიდან ერთი-ორი მაისური თუ მომივა.

ვაკო: ”საქართველოში, ძირითადად, არაფერს არ ვყიდულობ. როცა მივდივარ საზღვარგარეთ, იქ ვყიდულობ ხოლმე ტანსაცმელს. რა თანხას ვხარჯავ ჩაცმაზე? გააჩნია ბრენდს. ჩვეულებრივ ბრენდებში, იდეაში, 50 ევროზე მეტი არ იხარჯება. თუ რამე განსაკუთრებულია, - „ტრუსარდი“, „ბარბერი“, - იქ, რასაკვირველია, თანხაც იზრდება”.

- უფრო - „ნექსთი“ და ეგეთი მაღაზიები მომწონს, პრინციპში, „მალსიც“... რომ იძახის, ვითომ ვერ ვნახულობ ტანსაცმელს და არ არის კარგიო, მე, პირიქით, ბევრჯერ „მალსშიც“ მინახავს ჩემთვის რაღაც საინტერესო. ჩვეულებრივი ბრენდები - იგივე „მანგო“ და „ნექსთი“ - აქაც შეგიძლია ნახო რაიმე და გაცილებით იაფად, ამიტომ მომწონს.

მოკლედ, ცხადია, რომ ტანსაცმლის ფულს, ძირითადად, მშობლები იხდიან. შესაბამისად, რასაკვირველია, მიაჩნიათ, რომ სრული უფლება აქვთ, შვილების ჩაცმულობა აკრიტიკონ - ზუსტად ისევე, როგორც ჩვენი საქციელი და ცხოვრების წესი.

აი, მაგალითად: ”მე არ მომწონს... ხშირად რაღაც ძალიან ვულგარულად გამოიყურებიან, უფრო გოგონები. მე გოგონა მყავს და ზოგჯერ შეიძლება კაბის სიგრძე არ მომეწონოს, რაზეც ის ხარხარებს...”

ჰო, გაიცინო ასეთ ზეწოლაზე, ალბათ, ყველაზე კარგი გამოსავალია, ან, უბრალოდ, შარს თავი რომ აარიდო, არ იკამათო. მერე სახლიდან რომ გამოხვალ, ”იუბკა” სამჯერ გადაიკეცო.

რა გამოარჩევს ქართველი ახალგაზრდების ჩაცმულობას? განსხვავდებიან თუ არა ისინი თავიანთი უცხოელი თანატოლებისგან?

მაკა ტყემალაძე 12 წელია ამერიკაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ”ამერიკის სტუდენტობა ძალიან თავისუფალი ჩაცმულობით გამოირჩევა, - ძირითადად, ჯინსი, მაისური და ”კეტი”, - ძალიან თავისუფალი სტილით, შეიძლება ითქვას, ზედმეტად თავისუფალითაც. საქართველოში კი ვხედავ, რომ კლასიკური სტილია უფრო წინ წამოწეული. რატომღაც ახალგაზრდების უმეტესობა ასეთ კლასიკურ სტილს ანიჭებს უპირატესობას. სად მივდივართ? რატომ ვიცვამთ საერთოდ ასე?”

როგორ ასე? ამ კითხვაზე ყველას სხვადასხვა პასუხი ჰქონდა. ზუსტად ისევე, როგორც ყველას, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, სხვადასხვანაირად ეცვა:

”ჩემი აზრით, 5-6 წლის წინანდელთან შედარებით გოგონების ჩაცმულობა უფრო დაიხვეწა. რაც შეეხება ბიჭებს, შავი, რა თქმა უნდა, დომინირებს ყველგან, მაგრამ შედარება არაა ბიჭების ჩაცმულობაშიც...”

”ქართველი ბიჭები, ჩემი აზრით, ყველაზე არაინოვაციური ხალხია. ყველგან ერთნაირად აცვიათ - დაბადების დღეა, ქორწილია თუ ინსტიტუტი; სადაც მიდიან, ყველგან ერთნაირად აცვიათ. ნუ, ზოგადად, მომწონს თუნდაც ის, რომ „ბუტილკა“ და ძაან მოტკეცილი შარვლები არ აცვიათ ქართველ ბიჭებს, მაგრამ ისიც არ მომწონს, რომ ყველგან ერთი და იგივე ჯინსი აცვიათ - არ აცვიათ სმოკინგები, კლასიკურად და ა.შ...”

მოკლედ, ამათ რომ უსმინო, ზოგი ბიჭებისგანაც კი სმოკინგებს ითხოვს.

”უფრო გოგონები გამოდიან ამ ჯინსის ასაკიდან, თვითონ ასე მიიჩნევენ, თუმცა ჯინსს, მე მგონი, ასაკი არა აქვს... უნდათ - პირდაპირ აბრეშუმის კაბები, რაც ცოტა სასაცილოა”, - გვითხრა ტანსაცმლის დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ.

მისმა კოლეგამ ანუკა ქებურიამ კი გაიხსენა, რომ ცამეტი წლის ბავშვებიც მოსულან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შესაკვეთად: ”რატომ უნდა მოუნდეს 13 წლის გოგოს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეიკეროს? ან რატომ უნდა უნდოდეს ამ გოგოს დედას, ამაში ფული გადაიხადოს?”

ფსიქოლოგს, გაგა ნიჟარაძეს, დავეკითხეთ: ”ნუ, 13 წელი არის სწორედ ის წელი, სადაც მთავრდება ბავშვობა და იწყება მოზრდილი ცხოვრება. 13 წლის გოგო თუ იკერავს მაღალქუსლიანს, 13 წლის ბიჭი იწყებს მოწევას. ეს არის სწორედ გარეგანი დემონსტრირება, რომ უკვე აღარ ვარ პატარა. თუ ამას მშობლები უწყობენ ხელს, მთლად კარგი არაა”.

რას ფიქრობს ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე, ზოგადად, ქართველი ახალგაზრდების ჩაცმის სტილზე - რა გამოარჩევს ჩვენს თაობას გასული წლების ახალგაზრდა თაობისაგან?

”იცი, მე სტუდენტებთან მაქვს საქმე. ნუ, კარგად აცვიათ, - რა გითხრათ, - თანამედროვედ. სასიხარულოდ მიმაჩნია, რომ იკლებს შავი ფერი, რომელიც იყო დომინანტური რამდენიმე წლის წინ კაცებშიც, ქალებშიც, რაც დეპრესიულობის მაჩვენებელია. ახლა უფრო გავფერადდით. ახლა რომ ვუყურებ, ევროპის ქალაქებთან შედარებით, უფრო კონსერვატიულად აცვია მასას, მაგრამ დიდი განსხვავება არ არის”, - გვითხრა გაგა ნიჟარაძემ.

ეს ყველაფერი კი რომ შევაჯამოთ, ასეთი სურათი იხატება: თბილისელი ახალგაზრდები, ძირითადად, ჩაცმის თავისუფალ სტილს ირჩევენ, ტანსაცმლისთვის ფულს ჯერჯერობით მშობლებს ართმევენ, ” სექენდ ჰენდებშიც” იცვამენ და ძვირად ღირებული ტანსაცმლის მაღაზიებშიც.

ჩვენს ჩაცმულობას ბევრი აკრიტიკებს - მშობლები, ფსიქოლოგები, დიზაინერები. ჩვენც ვაკრიტიკებთ ერთმანეთს.... მაგრამ ყველას საკუთარი ჩაცმის სტილი მოგვწონს და ამიტომაც გვაცვია ასე.

და, რაც მთავარია, თურმე გავფერადდით...
XS
SM
MD
LG