Accessibility links

"საქართველო გახდება ნატოს წევრი" კვლავ ადასტურებს ალიანსი


"2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანმხდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს“, - ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც ლისაბონის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს. დოკუმენტში ხაზგასმულია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის, საქართველოსა და უკრაინაში წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმებისა და სტაბილურობის მნიშვნელობა. ამის შემდეგ დეკლარაციაში საქართველოსა და უკრაინაზე საუბარს უკვე ცალ-ცალკე პარაგრაფი ეძღვნება. დოკუმენტი კვლავ ადასტურებს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და ასევე მომდევნო გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს. მასში ნათქვამია, რომ „ნატო ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დიალოგსა და პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოსთან, ნატო-საქართველოს კომისიისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში“. ნატო აცხადებს, რომ „მძლავრად უჭერს მხარს და აქტიურად ეხმარება საქართველოს ყველა აუცილებელი, - განსაკუთრებით დემოკრატიულ საარჩევნო და სასამართლო, - რეფორმების განხორციელებაში და ამისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისში გახსნილი ნატოს სამოკავშირეო ოფისი. დეკლარაცია მიესალმება „საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატოს ოპერაციებში, განსაკუთრებით - ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში“. ავღანეთში საქართველოს 975 ჯარისკაცი იმყოფება. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართული ქვედანაყოფი ავღანეთში საერთაშორისო მისიის ბოლომდე დარჩება.
XS
SM
MD
LG