Accessibility links

logo-print

ნატო რუსეთს ფართო თანამშრომლობას სთავაზობს


ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დღეს ოფიციალურად შესთავაზეს რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, რათა რუსეთი შეუერთდეს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნას, რომელიც პოტენციური სარაკეტო საფრთხის აღკვეთას ისახავს მიზნად. აღნიშნული შეთავაზება ნატოს ლისაბონის ორდღიანი უმაღლესი დონის შეხვედრის ბოლოს გაკეთდა. შეხვედრის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო-რუსეთის საბჭოსათვის ნამდვილი პარტნიორობის დაწყების დრო დადგა.
„დღეიდან ჩვენ ვიწყებთ მუშაობას იმისათვის, თუ როგორ წარვმართოთ თანამშრომლობა ნატო-რუსეთის სარაკეტო თავდაცვის სფეროში. არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც გადაჭრას მოითხოვს, მაგრამ მთავარი აზრი მაინც ისაა, რომ ნატოს ქვეყნები და რუსეთი პირველად იმსჯელებენ, თუ როგორ ითანამშრომლონ ევროპის ტერიტორიისა და სახელმწიფოების დასაცავად“. მედვედევი დათანხმდა, რომ ჩართოს სპეციალისტები გეგმის შემუშავებაში, თუმცა მისი ხანმოკლე ვიზიტის დროს რუსეთის ლიდერს არაფერი უთქვამს, რეალურად აპირებს თუ არა რუსეთი შეურთდეს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას. მოსკოვი კრიტიკულად ეკიდებოდა ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის პირველად გეგმას, რომელიც, მოსკოვის შეფასებით, საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის.
ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს სამიტზე განაცხადა, რომ „ანტისარაკეტო სისტემა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და რუსეთს ამაში ეჭვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეპაროსო“. რასმუსენის თქმით, რუსეთი და ნატო შეთანხმდნენ, რომ გაფართოვდეს რუსეთის გავლით ავღანეთისათვის განკუთვნილი არალეტალური სამხედრო ტვირთების ტრანზიტის მოცულობა.
XS
SM
MD
LG