Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს, გაძლიერება


ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პრეზენტაცია
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პრეზენტაცია
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო განხორციელება თვრამეტთვიანი პროექტისა, სახელწოდებით ”საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის, როლის გაძლიერება”. პროექტს ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს და მის მიზანს საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება და ჟურნალისტთა სამართლებრივი დაცვა წარმოადგენს. ევრაზიის ფონდმა 22 ნოემბერს პროექტის შუალედური ანგარიში წარადგინა.

”გინდათ გითხრათ რა არის ჟურნალისტური გამოძიების შედეგი?” - გვეუბნება სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი და იქვე პასუხობს: ”ინფორმირებული მოქალაქე. თუ ვინმე გვისმენს და ახალს შეიტყობს ჩვენი გამოძიებებიდან, ე.ი. ჩვენ შედეგი უკვე გვაქვს. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ის შედეგი, რასაც ვაღწევთ ხოლმე, ხშირად ისიც გვიგრძნია, რომ გამოძიებების შედეგად რაღაც გაუმჯობესებულა.”

მას აქვს რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ხელი მოჰკიდეს კონკრეტულ საქმეებს, თვეების განმავლობაში იკვლიეს და, საბოლოო ჯამში, შედეგსაც მიაღწიეს: ”ე.წ. ”სტაიანშიკებზე” ყველაზე მკვეთრი და ხელშესახები შედეგი გვქონდა. პოლიციამ დააკავა ის ოთხი პიროვნება, რომლებიც ყოველდღიურად ატერორებდნენ და არეკეტებდნენ ”სტაიანშიკებს”. გარდა ამისა, ერთ-ერთი გამოძიების შედეგად, მოქალაქემ ქალაქის მერიისაგან დაიბრუნა 40 000 ლარი. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს მხოლოდ ჩვენი დამსახურება არ არის, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენც მიგვიძღვის ამაში სულ მცირე წვლილი მაინც”, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

სწორედ ამიტომ მიიჩნევს ნინო ზურიაშვილი მნიშვნელოვნად ისეთი პროექტების არსებობას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებას.

ანი ჯობავა, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან იმ მიზეზზე საუბრობს, რომელიც პროექტის შექმნას დაედო საფუძვლად. მისი თქმით, ევრაზიის ფონდის კავკასიის კვლევის რესურსცენტრის გამოკითხვების შედეგად, გამოვლინდა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ენდობა მედიას, უნდობლობის მიზეზად კი ისინი არაობიექტურ ინფორმაციას ასახელებენ: ”პროექტმა მიზნად დაისახა მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის, გაძლიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიამ შეძლოს საზოგადოებისათვის პირუთვნელი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ამ პროგრამის კიდევ უფრო ვიწრო ფოკუსი კი არის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა”, - აღნიშნავს ევრაზიის ფონდის წარმომადგენელი.

როგორც ანი ჯობავა განმარტავს, პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 14 ჟურნალისტური გამოძიება, ჩატარდა სემინარები საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჟანრში. ამჯერად მიმდინარეობს სახელმძღვანელოს თარგმნა, რაც, მისივე თქმით, ჟურნალისტური გამოძიებით დაინტერესებულ სტუდენტებს საფუძვლიან დახმარებას გაუწევს. პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად კი ანი ჯობავა ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს ასახელებს, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბაზაზე შეიქმნა.

ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის შემთხვევაში, ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს დაცვის ცენტრი კონსულტაციებსა და სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს, ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამარ კორძაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში: ”600-ზე მეტი კონსულტაცია გვაქვს გაცემული. შესაბამისად, ინტერესი ძალიან დიდია. ვაწარმოებთ სარჩელებსაც, თუმცა შემდეგ უკვე მათი სააპელაციო და საკასაციო ორგანოებში წაღება ვეღარ ხერხდება, რადგან ჟურნალისტებს არა აქვთ ბაჟის გადახდის საშუალება, სამართლებრივი დაცვის ცენტრი კი მსგავს თანხებს ვერ გასცემს”, - ამბობ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი.

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით დაფინანსება უნდა გაიზარდოს, რათა ჟურნალისტებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქმეების ბოლომდე მიყვანა მოახერხონ და ამით საბოლოო შედეგსაც მიაღწიონ. მისი თქმით, ამ ეტაპისათვის სასამართლოში 28 სარჩელია შესული, ორი სარჩელი კი მზადების პროცესშია.

პროფესიონალიზმი ჟურნალისტიკაში, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი მედია - ეს ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხებია, აცხადებს ფრანსუა მასულიე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. ის იმ ანგარიშზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ერთი თვის წინ საერთაშორისო ორგანიზაციამ ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გამოაქვეყნა და რომლის მიხედვითაც, საქართველოში პრესის დამოუკიდებლობის მდგომარეობა 2010 წელს 18 ერთეულით გაუარესდა: ”ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაახმაურა ინიციატივა მედიამფლობელთა გამჭვირვალობის შესახებ და ეს მისასალმებელია”, ამბობს ფრანსუა მასულიე და იქვე ამატებს: ”ამ საკითხით მხოლოდ ქართული საზოგადოება და ქართული მედია არ არის დაინტერესებული. ამით დაინტერესებულია ევროკავშირიც, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოვკვეთეთ საქართველოში მედიამფლობელთა გამჭვირვალობის პრობლემა”, აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ფრანსუა მასულიე.
XS
SM
MD
LG