Accessibility links

logo-print

სჭირდებათ თუ არა ყურის ანთებისას ბავშვებს ანტიბიოტიკები?


როცა ბავშვებს შუა ყურის ანთება აქვთ, არ არის სასურველი მათი მკურნალობა ანტიბიოტიკებით. მედიკამენტი მხოლოდ მცირე გავლენას ახდენს დაავადებაზე, სამაგიეროდ ისინი შეიცავს თანმდევი მოქმედების რისკს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები გამოკვლევის შედეგად, რომლის შესახებ ისინი იტყობინებიან ჟურნალ "JAMA"-ში. გარდა ამისა ექიმებმა დაადგინეს, რომ შედარებით იაფფასიანი უპატენტო მედიკამენტები არაფერში ჩამორჩებიან ორიგინალურ მედიკამენტებს. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია გარე ყურის სასმენი მილის და სასმენი აპკის გულდასმით შემოწმება შესაძლო ინფექციის ნიშნების აღმოსაჩენად.

„ჩვენი შედეგები ამყარებს მოსაზრებას, რომ ბავშვებში ანტიბიოტიკებით ყურის ინფექციის საუკეთესო მკურნალობა არის საერთოდ ანტიბიოტიკების გარეშე მკურნალობა,“ ამბობს ტუმაინაი კოკერი, ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეტელის საბავშვო საავადმყოფოს ექიმი და RAND Corporation-ის მკვლევარი. „ადრეულ ასაკში ანტიბიოტიკების გამოწერამ ყურის ინფექციის მორჩენა შეიძლება ოდნავ დააჩქაროს. სამაგიეროდ იზრდება რისკი, რომ ბავშვებს ანტიბიოტიკებისთვის ტიპური გვერდითი მოვლენები განუვითარდებათ, მაგალითად, გამონაყარი ან კუჭის აშლილობა.“

კოკერმა და მისმა კოლეგებმა 1999-დან 2010 წლამდე პერიოდის ლიტერატურა შეისწავლეს და მოძებნეს ის გამოკვლევები, რომლებიც ბავშვებში ყურის მწვავე ანთებას ეხებოდა. მათ 130 ასეთი გამოკვლევა განიხილეს.

ანალიზმა ცხადყო, რომ ანტიბიოტიკის ხმარება მხოლოდ უმნიშვნელო გაუმჯობესებას იწვევს. მკვლევართა თანახმად, შუა ყურის ანთებით დაავადებული 100 ბავშვიდან 80-ს სამი დღის განმავლობაში ანტიბიოტიკების გარეშეც გაუუმჯობესდებოდა მდგომარეობა.

დიაგნოზის დასმის შემდეგანტიბიოტიკებით მკურნალობის შემთხვევაში მდგომარეობის გაუმჯობესება აღენიშნებოდა კიდევ თორმეტ ბავშვს, მაგრამ სამიდან ათამდე ავადმყოფს მედიკამენტის მოქმედების შედეგად გამონაყარი ექნებოდა, ხუთიდან ათამდე ავადმყოს კი - კუჭის აშლილობა.

ექიმებმა ვერ იპოვეს იმის ვერანაირი საბუთი, რომ თანამედროვე სამარკო ანტიბიოტიკები რაიმეთი სჯობნიან იმავე პრეპარატის შემცველ უპატენტო წამლებს. მაგრამ ისინი გვაფრთხილებენ, რომ ყურის მწვავე ინფექციის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორი დიაგნოზის დასმას. ვინაიდან არ არსებობს ყურის ანთების დამადასტურებელი ზუსტი ტესტი, დიაგნოზის დასმის მნიშვნელოვანი მეთოდია ე.წ. ყურის ძაბრის, ოტოსკოპის მეშვეობით ყურში ჩახედვა და ინფექციის ნიშნების პოვნა.
XS
SM
MD
LG