Accessibility links

logo-print

ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ირლანდიას დაეხმარებიან


ერთ-ერთი ბანკომატი დუბლინში

ერთ-ერთი ბანკომატი დუბლინში

ევროკავშირმა და საერთაშორისო საავალუტო ფონდმა თანხმობა მისცეს ირლანდიას დააკმაყოფილონ მისი თხოვნა და გამოუყონ კრედიტი საბანკო და საბიუჯეტო კრიზისიდან თავის დასაღწევად. მოელიან, რომ კრედიტი - მისი მოცულობა 80-90 მილიარდი ევროა - სტაბილიზაციას მოუტანს ირლანდიას და არ დააფრთხობს ინვესტორებს ევროს ზონის ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც პორტუგალია და ესპანეთია.

ევროპის კავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში ახლა ამ უკვე დამტკიცებული დახმარების გზებს, დეტალებს ათანხმებენ. დუბლინმა კვირას განაცხადა ოფიციალურად, რომ სურს მიიღოს კრედიტი, რათა საბანკო სექტორის კრიზისს და საბიუჯეტო დეფიციტს თავი დააღწიოს. ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება დაეხმარონ ირლანდიას და განაცხადეს, რომ დუბლინს, კრედიტის სახით, ას მილიარდ ევროს მისცემენ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ევროკავშირისა და ევროზონის საფინანსო სტაბილურობა. კრედიტს ირლანდიას მისცემენ მკაცრი პირობებით, რომლებიც ამ ქვეყნის მთავრობამ ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გასულ კვირაში შეათანხმა. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ბრაიან კოუენმა განმარტა, რომ ეს პირობები უკავშირდება ირლანდიის კერძო ბანკებს, რომლებმაც საერთაშორისო საფინანსო კრიზისის დროს ზარალი ნახეს და რომლებსაც გვერდში დაუდგა სახელმწიფო ბიუჯეტი. მისივე თქმით, გადამწყვეტია ის, რომ დახმარების პაკეტი ირლანდიის მთავრობას ავალებს მომჭირნეობის ზომები მიიღოს, რათა აღვირი ამოსდოს საბიუჯეტო დეფიციტს:

„მარტივად რომ ვთქვა, ირლანდიის ბანკები ბევრად უფრო მცირე გახდებიან, ვიდრე უწინ იყვნენ და თანდათან კვლავ ფეხზე დადგებიან. მეორე არსებითი ელემენტი შეთანხმებისა ისაა, რომ უნდა შევამციროთ საბიუჯეტო დეფიციტი. კვლავაც მარტივად რომ ვთქვა, მთავრობამ უნდა გაზარდოს გადასახადები და ხარჯები, როგორც გავწვდებით, იმ დონეზე უნდა დავიყვანოთ.“

ევროზონის სხვა ქვეყნები შიშობენ, რომ კრიზისი ირლანდიაში მათაც დააზარალებს იმ მხრივ, რომ გამოიწვევს ევროს კურსის დაცემას. ამას დაერთვის ასეთივე შიში, რომ ინვესტორები განერიდებიან ასევე დიდი საბიუჯეტო დეფიციტის მქონე ქვეყნებს, პორტუგალიას და ესპანეთს. შემთხვევითი არ იყო ევროკავშირის პრეზიდენტის ჰერმან ფონ რუმპეს გაფრთხილება, საქმე ევროკავშირის და ევროზონის საერთო მომავალს ეხებაო.

ირლანდიის კრიზისს შეუძლია ფართო გავლენაც იქონიოს. „დიდი შვიდიანის“ მინისტრებმა ტელეკონფერენცია მოაწყვეს და დაადასტურეს, რომ ირლანდიის მიმართ დახმარების პაკეტი აუცილებელი ზომაა. ეკონომიკის ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ დახმარების ეს გზა არ ივარგებს, თუკი მას სამომავლოდ ხანგრძლივად მიმართეს. მათ რიცხვშია საიმონ ტილფორდი, ლონდონის ევროპის რეფორმების ცენტრის მთავარი ეკონომისტი:

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ საქმე გვაქვს ეკონომიკებთან, რომლებსაც ძალიან მცირე საჯარო ფინანსები აქვთ და ევროზონაში დაკარგეს სავაჭრო სფეროში კონკურენტუნარიანობა. როგორც ამ ზონის წევრებს, მათ არ შეუძლიათ თავიანთი ვალუტის კურსის დაწევა, რათა ექსპორტისკენ მიმართული ეკონომიკის ზრდას შეუწყონ ხელი. წესით, მათ ევროზონის შიგნით უნდა შეამცირონ ხარჯები, მაგრამ უწევთ სახელმწიფო ხარჯების შეკვეცა და ხელფასების შემცირება, რაც თავისთავად იწვევს შიდა მოთხოვნილების, ანუ საჯარო ფინანსების, შემცირებას.“

ტილფორდი შიშობს ამდენად, რომ ირლანდიის ეკონომიკური ზრდა შეყოვნდება. თუმცა საკუთრივ ირლანდიის ფინანსთა მინისტრი ბრაიან ლენიჰანი არ იზიარებს ამგვარ შიშს და ამბობს, რომ ირლანდია ამ ზრდას ექსპორტის ხარჯზე მაინც მიაღწევს:

„მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ, მიუხედავად ამ საბიუჯეტო და საბანკო სიძნელეებისა, ირლანდიის ეკონომიკას აქვს მონაცემები, რომლებიც საკმაოდ სოლიდურია. წელს ექსპორტი შარშანდელთან შედარებით ექვსი პროცენტით გაიზარდა. ასე რომ, გადახდისუნარიანობის ბალანსი მომავალ წელს დადებითი იქნება.“

კრიტიკოსებს იგერიებს პრემიერი კოუენიც, რომელიც აცხადებს, დახმარების მიღებაზე გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის ჩემს წილს მე ვკისრულობ და ყველა ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობსო.

მოელიან, რომ ირლანდიის მსგავსი დახმარება დასჭირდება ესპანეთს და პორტუგალიას. თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ ეს ქვეყნები - მათთან ერთად კი საბერძნეთი და შეიძლება იტალიაც -ვერ შეძლებენ ზრდას იმ პირობებში, როცა ამ ვალების გადახდა მოუწევთ.
XS
SM
MD
LG