Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 22 ნოემბერი 2010


ბოლო დღეებში დასავლეთის პრესაში რამდენიმე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომლებიც, ვფიქრობთ, თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. ერთი მათგანი საქართველოს პრეზიდენტს და მის მართვის სტილს ეხება, მეორე - უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობას, მესამე კი - ნატოსა და რუსეთის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას.

მიმოხილვას დავიწყებთ კავკასიის საკითხების ექსპერტის, ტომას დე ვაალის სტატიით „ჯადოსანი მიშა“, რომელიც 19 ნოემბერს გამოქვეყნდა „ნეიშენალ ინტერესტში.“ ავტორი წერს, რომ, გარკვეული პაუზის შემდეგ, ახლახან კიდევ ერთხელ ესტუმრა თბილისს და თვალში ეცა ახალი რეალობა, რომ მიხეილ სააკაშვილს მნიშვნელოვნად განუმტკიცებია თავისი ძალაუფლება.
„ორი წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომში მისი მარცხის შემდეგ, თითქმის ყველა დღეებს ითვლიდა მისი პრეზიდენტობის დასასრულამდე. ახლა კი ის კვლავ საქართველოს ცალსახა ლიდერია.“ ტომას დე ვაალს ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორი მოჰყავს - მათ შორის, ოპოზიციის სისუსტე, რომელიც, მისი თქმით, დანაწევრებული და მოუქნელი აღმოჩნდა - უფრო ლოზუნგების მყვირალი, ვიდრე მოსახლეობისთვის რეალურად მტკივნეულ საკითხებზე მოლაპარაკე. ამას ზოგადი პრობლემებიც ემატება: საორგანიზაციო სივრცის ნაკლებობა, მედიასთან მიმართებით უთანასწორობა და დაფინანსების მოპოვების პრობლემები - პოტენციური დონორების შიში, რომ ოპოზიციის დახმარების შემთხვევაში მას საგადასახადო პოლიცია მიაკითხავს.

თუმცა, ტომას დე ვაალის აზრით, შექმნილი ვითარების მთავარი მიზეზი თავად სააკაშვილშია. „ყველა სხვა პოლიტიკოსზე მეტად, ვინც კი მახსენდება, სააკაშვილი ჯადოსანია, რომელიც ახერხებს ყველასათვის ყველაფერი იყოს. ის, მონაცვლეობით, ათათურქია (სახელმწიფოს მშენებელი), ჯორჯ ბუშია (ნეოკონსერვატორი), ზვიად განსახურდიაა (ნაციონალისტი) და ვლადიმირ პუტინია (ცენტრალიზებული მმართველობის თავზეხელაღებული დამამკვიდრებელი). ამასთან, ის მაგონებს ბილ კლინტონსაც, რომელსაც კომუნიკაციის ბუნებრივი ნიჭი ჰქონდა, და ბორის ელცინსაც, რომელმაც იმ პოლიტიკურ წრეებს შორის შეძლო შეთანხმების მიღწევა, ყველა სხვას რომ გაუჭირდა.“

ამის შემდეგ ტომას დე ვაალი რამდენიმე მაგალითს ჩამოთვლის, რაც, მისი აზრით, ამყარებს წერილის ძირითად არგუმენტაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი „პოსტმოდერნული“ პრეზიდენტია, რომელსაც იდეოლოგიური ეკლექტიკა და მართვის სხვადასხვა სტილი ახასიათებს. მაგალითად, სააკაშვილი ერთდროულად სენატორ მაკკეინის მეგობარიცაა და ბელორუსიის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოსიც; ის კვლავ ხიბლავს რესპუბლიკელებისგან შემდგარ აუდიტორიას ვაშინგტონში - ამავდროულად კი ირანთან უვიზო რეჟიმს აწესებს; ამაყობს, რომ მსოფლიო ბანკი მის ქვეყანას „ბიზნესის კეთებისთვის ადვილ“ გარემოს უწოდებს - ამავე დროს კი, მართავს ეკონომიკას, რომელშიც მონოპოლიებს ღრმად აქვთ ფეხი მოკიდებული.

მაგრამ სტატიის ბოლოს ტომას დე ვაალი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს პოსტმოდერნული სტილი შეიძლება დიდხანს ვეღარ შენარჩუნდეს. მომავალ, 2011 წელს, საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით რთული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები. დასავლეთისგან 2008 წელს მიღებული მსხვილი დახმარება მთავრდება, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები დაბალ ნიშნულზეა, 2012 წელს კი უკვე დიდი სესხი იქნება გასასტუმრებელი. უკვე მომავალ არჩევნებამდეც კი სხვაგვარი მმართველობა იქნება საჭირო - ნაკლები დიადი დაპირებით და მეტი პრაგმატული რეალიზმით. ეს უკანასკნელი კი, ტომას დე ვაალის დასკვნით, ჯადოსანი მიშას ძლიერ მხარეს არ წარმოადგენს. სრულად ტომას დე ვაალის წერილს 19 ნოემბრის „ნეიშენალ ინტერესტში“ წაიკითხავთ.

ბრიტანულ „გარდიანში“ 22 ნოემბერს გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „ევროპის აღმოსავლეთი: დამბალანსებლების წევრებად გადაქცევა.“ სტატიის ავტორი უკრაინის საკითხების ცნობილი ექსპერტი, ენდრიუ უილსონია. მთავარი არგუმენტი, რომელსაც ავტორი ამ სტატიაში განავრცობს, შემდეგია: უკრაინის მსგავსი ქვეყნების ლიდერები თანამედროვე ტიტოები [იგულისხმება ყოფილი იუგოსლავიის ლიდერი] არიან, რომლებიც ვერც ევროპას უერთდებიან და ვერც რუსეთს. „წარმატების ამბები იმ ადგილებიდან, რომლებსაც ევროპა „სამეზობლოს“ უწოდებს, იშვიათი გახდა. ევროკავშირი დიდ იმედებს ამყარებდა საქართველოზე, შემდეგ უკრაინაზე, ახლახან კი - მოლდავეთზე. მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში იმედები გაცრუვდა. ევროპისთვის სამწუხაროდ, უკრაინასთან ყოველწლიური სამიტი წელს - 22 ნოემბერს - ამ მარცხს ნათლად წარმოაჩენს“, - წერს ავტორი.

ენდრიუ უილსონის თქმით, ამ პრობლემებს ბევრი მიზეზი აქვს - მათ შორის, საკუთრივ ევროკავშირში ენთუზიაზმის ნაკლებობა ამ რეგიონით კიდევ უფრო გაფართოების მიმართ. ამასთან, ევროკავშირს აქ პაექრობა უწევს რუსეთთან, რომელიც რეგიონს თავისი „პრივილეგირებული ინტერესების სფეროდ“ აღიქვამს. თუმცა, ავტორის აზრით, პრობლემებს სულ უფრო მეტად წარმოშობენ თავად რეგიონის სახელმწიფოები.

რეგიონის ქვეყნებს სუსტი სახელმწიფოებრიობა, ძლიერი კორუფცია, სუსტი ეკონომიკა გამოარჩევს. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ თავად ეს ქვეყნები, ალბათ, ამგვარ დეფინიციას გააპროტესტებენ, უკრაინის მსგავს ქვეყნებს უფრო დამბალანსებლებად მოიაზრებენ, ვიდრე მომავალ წევრებად. რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსის მიღწევის „თამაში“ ელიტებს ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას აძლევს და ოლიგარქიული ეკონომიკაც უცვლელი რჩება.

ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ქვეყანა - მოლდავეთი, მაგალითად - ამ „დამბალანსებლის“ როლზე დიდი ენთუზიაზმით არ თანხმდება. მოლდავეთის მთავრობა, ავტორის აზრით, შეიძლება ბევრად უფრო პროდასავლური ყოფილიყო, რომ არ ენახა როგორ მოექცა რუსეთი საქართველოსა და უკრაინის უფრო პროდასავლურად მიჩნეულ მთავრობებს. სხვები კი ამ როლს დიდი სიამოვნებით ირგებენ - ბელორუსია, ალექსანდრ ლუკაშენკო, ამის მაგალითია რეგიონალური მასშტაბით.

სტატიის ბოლოს ავტორი ევროკავშირის მისამართით რამდენიმე რეკომენდაციას გამოთქვამს - ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ეხება, უფრო ზუსტად კი, საქართველოს „სერბიზაციას.“ ავტორის აზრით, ისევე როგორც სერბია და კოსოვო, საქართველო უნდა წაახალისონ, რომ თავის მეამბოხე რეგიონებს თუ არ დაივიწყებს, იმ პოლიტიკას მაინც დაანებოს თავი, რომელიც ყველაფერს ამ საკრალური მიწების დაბრუნებას უქვემდებარებს - ამით ქვეყანა განთავისუფლდება და შიდა რეფორმაზე კონცენტრაციის საშუალება მიეცემა. ენდრიუ უილსონის სტატიას სრულად 22 ნოემბრის „გარდიანში“ ნახავთ.

22 ნოემბერს „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგმა“ გამოაქვეყნა წერილი ახალ ეტაპზე რუსეთისა და ნატოს ურთიერთობებში. ლისაბონის სამიტზე ნატო და რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რომლის ერთ-ერთი მიზანი ერთობლივი ანტისარაკეტო სისტემა იქნება. ეს, გერმანიაში გამომავალი ამ გაზეთის აზრით, ამ ხელშეკრულებას ისტორიულ მნიშვნელობას სძენს. პირველად ისტორიაში, ნატოს იმ შესაძლებლობის მოპოვება სურს, რომელიც შეაძლებინებს მოსახლეობა და ტერიტორიები ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვას, - ვკითხულობთ სტატიაში. „ეს კი ნიშნავს, რომ მოკავშირეებს უწინდელივით აღარ სჯერათ ბირთვული შემაკავებლის ეფექტიანობის - განსაკუთრებით ირანის მსგავს რეჟიმებთან მიმართებით... ამდენად, ნატოსა და რუსეთს საკმარისზე მეტი საერთო შეშფოთება აქვთ. ორივეს უნდა ახსოვდეს, რომ საერთო მტრის მსგავსად არაფერი აერთიანებს“, - ვკითხულობთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის“ 22 ნოემბრის ნომერში.
XS
SM
MD
LG