Accessibility links

logo-print

ვატიკანი დროსთან ერთად იცვლება


რომის პაპი ბენედიქტე მე-16

რომის პაპი ბენედიქტე მე-16

რომის პაპმა ბენედიქტე მე-16-მ ქება დაიმსახურა იმ განცხადების გამო, რომ კათოლიკური ეკლესია პრეზერვატივის გამოყენებას მკაცრად აღარ უდგება.

როცა ვატიკანის გუნდი გალობდა, როცა პაპი ბენედიქტე მიესალმა თავის მრევლს კვირას წმინდა პეტრეს ბაზილიკაში და ღვთისმსახურებაზე ახლად არჩეული 24 კარდინალი წარმოადგინა, მსოფლიოში პაპზე სხვა კონტექსტში ფიქრობდნენ. ერთი დღით ადრე გავრცელდა მისი აზრი, რომ წმინდა საყდარი პრეზერვატივის გამოყენებას ისე მკაცრად აღარ უყურებს. ეს კომენტარი ნაწილია წიგნისა, რომელიც პაპთან საუბრის საფუძველზე დაიწერა და სამშაბათს გამოქვეყნდება. მასში ბენედიქტე მე-16 ამბობს, რომ ხანდახან პრეზერვატივის გამოყენების გამართლება შეიძლება, როცა ის შიდსის გავრცელების შეჩერებას ემსახურება. ინტერვიუში პაპს უთქვამს: „შეიძლება ამას ჰქონდეს გამართლება, როცა, მაგალითად, მეძავი იყენებს პრეზერვატივს“.

ეს ვატიკანის ერთ-ერთი ყველაზე სადავო თვალსაზრისის ცვლილებაზე მეტყველებს. განსაკუთრებით ისაა საგულისხმო, რომ ქვეყნებში, - პირველ რიგში, აფრიკაში, - სადაც შიდსი ძალიანაა გავრცელებული, დიდია კათოლიკური ეკლესიის გავლენა. პაპი 2009 წელს, აფრიკაში მოგზაურობისას, პრეზერვატივის წინააღმდეგ გამოვიდა. და არა მხოლოდ მოხმარებისა. კათოლიკური ეკლესია აფრიკის არაერთ ქვეყანაში ექიმებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უკრძალავს გაავრცელონ პრეზერვატივები. ბენედიქტეს ეს ახალი მიდგომა არ ვრცელდება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე - მათ ეკლესია ტრადიციულად ებრძვის.

ვატიკანში ღვთისმსახურებას სხვებთან ერთად გარეთ დადგმულ დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს ერთი ამერიკელი ტურისტი, რომელიც ფიქრობს, რომ ბენედიქტეს სხვა საკითხებშიც სჭირდება პოზიციის შეცვლა:

„მან უნდა შეცვალოს პოზიცია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის, აბორტის მიმართ. მე ვფიქრობ, დროა საჭირო, რათა შეიგნონ, რომ შიდსი მთელი მსოფლიოს პრობლემაა. მასზე თვალის დახუჭვა და ხალხის მიშვება, აკეთონ, რაც სურთ, ვერ ამართლებს“.

ვატიკანს აკრიტიკებდნენ პრეზერვატივების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, დღევანდელ მსოფლიოში შიდსის სწრაფი გავრცელების პირობებში. პაპი და კათოლიკური ეკლესია არ დაინდეს იმის გამოც, რომ მის წიაღში მასობრივი ხასიათი ჰქონდა სასულიერო პირების მხრიდან არასრულწლოვანებისა და ბავშვების გარყვნას. პაპი შეეცადა ამ სფეროში თავისი პოზიცია გამოეხატა და განაცხადა, ეკლესია ამ პრობლემებს საკმარისად არ აქცევდა ყურადღებასო.

როცა პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წირავდა, გარეთ კათოლიკე ბერი იდგა და ზემოხსენებულ ამერიკელ ტურისტთან და ბევრ სხვასთან ერთად ეკრანზე უყურებდა ღვთისმსახურებას. მისი აზრით, პრეზერვატივის მოხმარების მიმართ პოზიციის შეცვლა იმის მაუწყებელია, რომ ვატიკანი დროსთან ერთად იცვლება. ბერის თქმით, ეკლესია, ისტორიულად, ყოველთვის გახსნილობას ავლენდა... და ახლა, როგორც ჩანს, ის დრო დადგა, როცა გარკვეულ საკითხებში სწორედ ეს გახსნილობაა საჭირო. არ ვიცი, კიდევ რა საკითხებში გადაიდგმება ასეთი ნაბიჯი, ამბობს კათოლიკე ბერი, მაგრამ ეს კონკრეტული საკითხია და მას პაპი შეეხო, ის მას ესმის და მიმაჩნია, რომ ეს კარგიაო.
XS
SM
MD
LG