Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იეჟი ბუზეკი: ევროკავშირისაკენ საქართველოს გრძელი გზა აქვს გასავლელი


ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე იეჟი ბუზეკის განცხადებით, ევროკავშირს სურს, „საუკეთესო ურთიერთობა“ ჰქონდეს საქართველოსთან, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ისეთი რამ, რაც „უახლოეს მომავალშია“ მოსალოდნელი. ზოგადად, ევროკავშირის კარი, ბუზეკის თქმით, ღიაა ევროპის ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არის „ძალიან, ძალიან გრძელი გზა“. ამ საკითხზე ბუზეკმა ისაუბრა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევროპის პარლამენტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე. ბუზეკმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ იოლი არ არის ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელი კრიტერიუმების შესრულება. საქართველოს ძალისხმევას რაც შეეხება, ბუზეკის განცხადებით, ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეძლონ პოლიტიკური განხეთქილებების დაძლევა, საქართველოს გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რათა ერთობლივი ძალებით განხორციელდეს საკონსტიტუციო, საარჩევნო და სამართლებრივი რეფორმები. ეს რეფორმები, ევროპის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აუცილებელია საქართველოსთან ევროკავშირის კარგი ურთიერთობებისთვის.
XS
SM
MD
LG