Accessibility links

7 წელი გავიდა „ვარდების რევოლუციად“ წოდებული მოვლენიდან, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ხელისუფლებას საქართველოს უახლოესი ისტორიის ეს მნიშვნელოვანი თარიღი წელს საგანგებოდ არ აღუნიშნავს. რას ფიქრობენ თბილისელები იმ ცვლილებებზე, რაც „ვარდების რევოლუციას“ მოჰყვა?

შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით აღშფოთებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებას დაუპირისპირდა. საპროტესტო აქციებმა სამი კვირა გასტანა და 2003 წლის 23 ნოემბერს ეგრეთ წოდებული „ვარდების რევოლუციითა“ და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა.

საბჭოთა კავშირს მხოლოდ სიტყვით გაემიჯნა, სხვა მხრივ ძველი წყობა აღადგინა! არ შეიქმნა პლურალისტური საზოგადოება, ოპოზიციურ აზრს პატივს არ სცემენ...
ედუარდ შევარდნაძის წასვლის შემდეგ 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა, 28 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში კი ხმების აბსოლუტური უმეტესობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო.

თავისუფლება, სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება - ასეთი იყო „ვარდების რევოლუციის“ უმთავრესი იდეალები, თუმცა, როგორც პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი ამტკიცებს, ხელისუფლებამ ყველა დაპირებას თანაბრად როდი უერთგულა. რესპუბლიკური პარტიის წევრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი არ ნანობს „ვარდების რევოლუციაში“ მონაწილეობას, თუმცა ხედავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რევოლუციის მთელი მონაპოვარი მიითვისა და სახელმწიფო საკუთარ სამსახურში ჩააყენა.

„საბჭოთა კავშირს მხოლოდ სიტყვით გაემიჯნა, სხვა მხრივ ძველი წყობა აღადგინა! არ შეიქმნა პლურალისტური საზოგადოება, ოპოზიციურ აზრს პატივს არ სცემენ, არაფერს აკეთებენ მედიის გათავისუფლებისათვის, არ არის დეცენტრალიზაცია, რეგიონებს მართავს უშიშროება. სააკაშვილმა დღეს სტრასბურგში წაიტრაბახა, „კგბ“ გავაუქმეთო. კი არ გააუქმა, განამტკიცა, ხელახლა შექმნა! არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, არ არის გამჭვირვალე არჩევნები“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

დემოკრატიის თვალსაზრისით, ვერ ვიტყვი, რომ პროგრესია ან რეგრესი. პრინციპულად შეიცვალა ვითარება სახელმწიფო მმართველობის წესისა და პრინციპების თვალსაზრისით...
პაატა ზაქარეიშვილის მსგავსად, ზოგიერთი თბილისელი მიიჩნევს, რომ „ვარდების რევოლუციამ“ გააწბილა, თუმცა ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყანა ვითარდება და წინ მიიწევს.

„ვარდების რევოლუციის“ მიღწევებზე რადიო თავისუფლებამ კომენტარი სთხოვა პოლიტოლოგ გია ნოდიასაც, რომლის თქმითაც, უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში განმტკიცდა სახელმწიფო ინსტიტუტები და საქართველო მეტად დაუახლოვდა ევროპას. რაც შეეხება დემოკრატიას:

„ჩემი აზრით, დემოკრატიის თვალსაზრისით, ვერ ვიტყვი, რომ პროგრესია ან რეგრესი. პრინციპულად შეიცვალა ვითარება სახელმწიფო მმართველობის წესისა და პრინციპების თვალსაზრისით. აღმასრულებელი ხელისუფლება გაძლიერდა, მასთან შედარებით შესუსტდა პარლამენტისა და თვითმმართველობის როლი, შესუსტდა მედიისა და სამოქალაქო სექტორის გავლენა - ყოველივე ამის გამო შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით პლურალიზმი შესუსტდა“.

თუმცა, გია ნოდიას თქმით, დემოკრატიის ამ ხარვეზებს ხელისუფლება სერიოზულად აღიქვამს და ამის გამო საქართველოში, ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის მსგავსად, უიმედო მდგომარეობა არაა. რაც შეეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, გია ნოდიას თქმით, თავის დროზე არასწორად იყო გათვლილი მიხეილ სააკაშვილის დაპირება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელც ვერ შესრულდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციამ კი, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ახალი ვითარება შექმნა.

„ნეგატიურია ის, რომ აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს საოკუპაციო ძალა აკონტროლებს, მაგრამ პოზიტიურია ის, რომ ვითარება არის გაცილებით ცხადი და ნათელი, რაც კარგია დაცულობის თვალსაზრისით. ბუნდოვანება სტატუსთან დაკავშირებით საფრთხეს შეიცავდა. დღეს ომის საფრთხე გაცილებით ნაკლებია, იმიტომ რომ არის გაცილებთი ცხადი და არაორაზროვანი სიტუაცია“, - უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG