Accessibility links

ოპოზიცია ქუთაისის ბიუჯეტის პრიორიტეტებს აპროტესტებს


ქუთაისი

ქუთაისი

ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი სამჯერ შეიცვალა და საშემოსავლო ნაწილი საბოლოოდ 120 მილიონი ლარით განისაზღვრა. ოპოზიციის წარმომადგენელთა განმარტებით, ამ თანხიდან ადგილობრივი შემოსავალი მხოლოდ 11 მილიონი ლარია, რომელიც სათამაშო ბიზნესიდან და ჯარიმებიდან ამონაგები თანხაა. დანარჩენი 109 მილიონი ლარი ქალაქმა სხვადასხვა პროექტისთვის გრანტების სახით მიიღო ცენტრალური ბიუჯეტიდან. საკრებულოს წევრის, ახალი მემარჯვენეების ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის მამუკა მღვდელაძის თქმით, ხელისუფლება მომავალ წელსაც იმ პროგრამების დაფინანსებას გაზრდის, რომლებიც კარგად ”პიარდება”.

ქუთაისის მერის გიორგი თევდორაძის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტი კანონით დადგენილ ვადაში წარედგინა საკრებულოს და იგი უკვე მუშავდება. ქალაქის მერის განცხადებით, კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული პროგრამები, წლევანდელის მსგავსად, მომავალ წელსაც პრიორიტეტული იქნება.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ადგილობრივი დემოკრატიისა და ეკონომიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რადიო თავისუფლებასთან ბიუჯეტის პრიორიტეტების დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობს. მისი თქმით, მერიაში თანამშრომელთა შტატები საჭიროზე ორჯერ მეტია. საზოგადოებრივი ორგანიზაციის რეკომენდაციით, საჯარო მოხელეების რაოდენობა სერვისების ადეკვატური უნდა იყოს.

როგორც საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა, კახაბერ ნემსიწვერიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, ბიუჯეტის პროექტი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ხალხთან ერთად შეადგინა და მასში პრიორიტეტები ქალაქის უბნებისა და დასახლებების სპეციფიკურობის გათვალისწინებითაა გაწერილი.

ქუთაისის ხელისუფლებაში ჯერჯერობით ვერ ასახელებენ, თუ რა სახის მიზნობრივი ტრანსფერი გამოიყოფა 2011 წელს პარლამენტისა და მთავრობის სახლის მშენებლობისთვის. მიმდინარე წელს პარლამენტის მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდიდან 50 მილიონი ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო შენობებს ყველა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ეწირება.
XS
SM
MD
LG