Accessibility links

logo-print
რუსთავის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოსთვის ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია, თუმცა დეპუტატების კაბინეტებში უკვე დევს დოკუმენტი, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრებია ასახული.

საკრებულოს თავმჯდომარემ კახა გურგენიძემ 22 ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე კოლეგებს მოუწოდა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მთავრობა ამ დოკუმენტს ოფიციალურად წარუდგენს ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს.

კახა გურგენიძის განცხადებით, პროექტის განხილვა არა მხოლოდ საკრებულოს კომისიებში, საჯარო შეხვედრებზეც მოხდება და ყველა დეპუტატს - მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებს - საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცემა.

ბიუჯეტის პროექტის განხილვა, როგორც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მალხაზ ვეფხვაძის მიერ დასახელებული ციფრებიდან ჩანს, ცხოველი დისკუსიის ფონზე წარიმართება.

საქმე ისაა, რომ ადგილობრივი მთავრობის პროგნოზის მიხედვით, რომელიც ჯერ ფორმალურად არ გაჟღერებულა, 2011 წლის ბიუჯეტის შემოსავლი 24 მილიონი ლარით განისაზღვრება, რაც მილიონი ლარით ნაკლებია მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესაბამის პარამეტრზე.
მალხაზ ვეფხვაძის თქმით, ცენტრალური მთავრობა ქალაქისთვის ტრანსფერის შემცირებას აპირებს. შესაბამისად, შემცირდება მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები.

ადგილობრივი შემოსავლები სულ 8 მილიონი ლარი იქნება, 16 მილიონი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმოირიცხება, თუმცა ეს ჯერ კიდევ საპროგნოზო მაჩვენებლებია, რომელიც შესაძლებელია შეიცვალოს.

ვეფხვაძის განცხადებით, როგორიც არ უნდა იყოს მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, ის კვლავაც სოციალურ პროექტებზე იქნება ორიენტირებული.

თუმცა ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრს, რომელიც რუსთავის 2010 წლის ბიუჯეტის შესრულებას აკვირდებოდა, საეჭვოდ მიაჩნია, რომ ქალაქის თვითმმართველობამ დამოუკიდებლად შეძლოს საბიუჯეტო პოლიტიკის გატარება, - იმავე სოციალური მიმართულებით, - როცა ბიუჯეტის ძირითად შემოსავალს ცენტრიდან გადმორიცხული მიზნობრივი ტრანსფერი შეადგენს.

,,ჩვენ 4 ქალაქის ბიუჯეტს ვსწავლობთ. ყველა ქალაქში შემოსავლების ძალიან დიდი ნაწილი არის გრანტები. რუსთავის შემთხვევაში ეს არის 70%. ანუ ქალაქს საკუთარი შემოსავლები არ აქვს იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკა უფრო ეფექტიანად განახორციელოს”, აცხადებს ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტი ნოდარ ხადური. ”რუსთავის თვითმმართველობა იძულებულია ცენტრიდან მიღებული თანხები, მითითებული კანონის შესაბამისად, მექანიკურად გადაანაწილოს.”
XS
SM
MD
LG