Accessibility links

ოპოზიციის ორი გზა


სახალხო კრების მიერ მოწყობილი ერთ-ერთი შეკრება ფილარმონიაში

სახალხო კრების მიერ მოწყობილი ერთ-ერთი შეკრება ფილარმონიაში

წარმომადგენლობითი სახალხო კრება 25 ნოემბერს პარლამენტის წინ შეიკრიბება. დღეს კრების საინიციატივო ჯგუფი კიდევ ერთ დახურულ შეკრებაზე საბოლოო ტექნიკურ და ფორმალურ საკითხებს შეათანხმებს. უკვე ცნობილია იმ პოლიტიკური და არაპოლიტიკური სუბიექტების ვინაობაც, რომლებიც კრებას დაესწრებიან. საინიციატივო ჯგუფის წევრები წარმომადგენლობითი სახალხო კრების სამომავლო გეგმების შესახებ წინასწარ არ საუბრობენ. ვინ და რა იდეით მივა კრებაზე და როგორ გადანაწილდა ოპოზიციური ხედვები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში?

წარმომადგენლობითი სახალო კრების საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ეკა ბესელიას, განცხადებით, მთავარი ის კი არ არის, რამდენი პოლიტიკური პარტია გაერთიანდება კრების გარშემო, არამედ რამდენი ადამიანი მოვა კრებაზე და რა გეგმას შესთავაზებენ ისინი პოლიტიკოსებს:

”ხალხის რაოდენობას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მოსული დელეგატების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, არის თუ არა მზად ხალხი რეალური ცვლილებები დაიწყოს იმავე დღიდან. რა თქმა უნდა, პროცესები 25-ში არ დასრულდება, მაგრამ როგორ გაგრძელდეს, ეს იქნება ხალხის რაოდენობაზე დამოკიდებული”.

ქუჩის აქციების გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობის გამოცდილების მქონე ეკა ბესელია წინა აქციებსა და სახალხო კრებას შორის ორ პრინციპულ განსხვავებაზე საუბრობს:

”წინა ორ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები იყვნენ პროცესის დამწყებნი, ინიციატორები, და ისინი სთავაზობდნენ ხალხს ხელისუფლების შეცვლის გეგმას და სტრატეგიას. ამ შემთხვევაში ინიციატორები არიან საზოგადოებრივი ჯგუფები”.

და მეორე განსხვავება: ეკა ბესელიას სიტყვებით, თუ ხელისუფლება წინა საპროტესტო მუხტის შეჩერებას პოლიტიკურ პარტიებს შორის ინტრიგის, გადაბირებებისა და სხვა ხერხების გამოყენებით ცდილობდა, ამ შემთხვევაში ეს არ გამოვა, რადგან ამჯერად გვერდიგვერდ პრინციპული და უდრეკი ადამიანები დგანან.

25 ნოემბერს კრების პირველი მთავარი მოთხოვნა იქნება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში ჩართოს პარლამენტის წინ მიმდინარე კრება. შემდგომ, ამავე დღეს, კრება წესდებას და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, რომელიც ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. როგორც კრების ერთ-ერთი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალის - „ეროვნული ფორუმის“ - ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, ორშაბათს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში განაცხადა, ორი გეგმა არსებობს: ერთი - მცირე რაოდენობით ხალხის მოსვლის შემთხვევისთვის და მეორე - ბევრი ხალხის მოსვლის შემთხვევისთვის.

”გადაწყვეტილებას მიიღებს კრება და მერე დადგება საკითხი, რას როგორ ვაკეთებთ, მე ვერ გეტყვით, რა მოხდება 25-ში საღამოს ან 26-ში გამთენიისას, მაგრამ მე მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ვიცით, რასაც ვაკეთებთ”.

„ეროვნული ფორუმი“ ერთ-ერთია იმ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზეც მუშაობს და ამ გზითაც ცდილობს ხელისუფლების შეცვლის წინაპირობების შექმნას, ერთ-ერთ უკანასკნელ შეკრებაზე „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა კახა შარტავამ განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის ეს გზები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, პირიქით - ერთმანეთს განაპირობებს:

”თუ არც ერთმა მექანიზმმა უახლოეს პერიოდში არ გაჭრა და ხელისუფლება გაექცა ამ პროცესს, ჩვენ მოგვიწევს უკვე ის მოსახლეობა დავიბაროთ პარლამენტის წინ, ვინც ხელი მოაწერა ამ ინიციატივას და რეალურად ყველამ დაინახოს, რომ ხალხის მიერაა მხარდაჭერილი ეს პროცესი... და თუ ამანაც არ იმოქმედა და ხელისუფლება არ დაემორჩილა ხალხის ნებას, მაშინ ხალხს აქვს ნება არ დაემორჩილოს ამ ხელისუფლებას, რომელიც ამ ნაბიჯით თავის არალეგიტიმურობას და გამყალბებლობას ადასტურებს”.

ოპოზიციური პარტიებიდან კიდევ ერთი, „ქალთა პარტიაა“, რომელიც ორივე პროცესში მონაწილეობს. „ქალთა პარტიის“ ლიდერის გუგული მაღრაძის განცხადებით, ხელისუფლების ”გალაღებულობის” წინააღმდეგ ნებისმიერი გზაა მისაღები.

2009 წლის გაზაფხულზე დაწყებული სამთვიანი საპროტესტო აქციები იმით დამთავრდა, რომ ხელისუფლებამ აქციებში მონაწილე პარტიათა ნაწილი არჩევნებში მონაწილეობაზე დაითანხმა, ნაწილის დისკრედიტაცია კი დაფინანსების წყაროების დასახელებით სცადა. სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ეკა ბესელიას, განცხადებით, სწორედ იმ გამოცდილების მიხედვით, ოპოზიციამ ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რასაც, მისი განცხადებით, უფრო მეტ ლეგიტიმურობას ხალხი შესძენს.

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათაგან არც ერთ მიმართულებას არ უერთდება ახალშექმნილი „ქართული პარტია“ და ლეიბორისტული პარტია. ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერის, ნესტან კირთაძის, განცხადებით, პარტია სახალხო კრებას მხოლოდ სოლიდარობას უცხადებს :

”ჩვენ არავითარ დელეგაციებს იქ არ წარვგზავნით. კრებას თავისი სტრუქტურა, თავისი პასუხისმგებლობის მანდატი აქვს. ეს აბსოლუტურად სხვა პროცესია, რომელში ჩარევასაც ჩვენ არ ვაპირებთ...”

თუმცა ნესტან კირთაძის განცხადებით, ლეიბორისტული პარტიის ელექტორატს კრებაზე მისვლას არ დაუშლიან.
XS
SM
MD
LG