Accessibility links

logo-print

„შემოქმედებითი უნილატერალიზმი“ ევროპული აპლოდისმენტის თანხლებით


23 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს ტრიბუნაზე კარგად მომზადებული სიტყვით წარდგა. ნახევარსაათიან მოხსენებაში საქართველოს პრეზიდენტმა ჩატია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განვლილი 7-წლიანი ისტორიის მიმოხილვა, ვიქტორ ჰიუგოს, იმანუილ კანტისა და ალექსანდრ გალიჩის ვრცელი ციტატები და, რაც მთავარია, ახალი ინიციატივა, რამაც ევროპარლამენტის წევრებისა და პირადად პრეზიდენტ ეჟი ბუზეკის შექება დაიმსახურა:

ჩვენ გამოვდივართ ცალმხრივი ინიციატივით და ვაცხადებთ, რომ საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას, რათა უკუაგდოს რუსეთის ოკუპაცია...
„თქვენი დღევანდელი მესიჯი, ბატონო პრეზიდენტო, მნიშვნელოვანი იყო ყველა ჩვენგანისათვის. მნიშვნელოვანი იყო ასევე ეუთოს ასტანის სამიტის წინ, რომელიც 1-2 დეკემბერს გაიმართება. პირველ ყოვლისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისათვის, კავკასიისა და სამხრეთ კავკასიისათვის. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ თქვენ გაბედული ადამიანი იყავით, მაგრამ ჩვენ ახლა დავინახეთ, რომ თქვენ წინდახედული ადამიანიც ხართ“.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის ეჟი ბუზეკის შექება დაიმსახურა სააკაშვილის ინიციატივამ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა უწოდა „შემოქმედებითი უნილატერალიზმი.“ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას პირობა დადო, რომ იგი არასოდეს გამოიყენებს ძალას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მათ უკან მდგარი უკანონო ფორმირებების წინააღმდეგ:

„იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო მართლაც ერთგულია რუსეთის ფედერაციასთან არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა, ჩვენ გამოვდივართ ცალმხრივი ინიციატივით და ვაცხადებთ, რომ საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას, რათა უკუაგდოს რუსეთის ოკუპაცია და აღადგინოს კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ მივმართავთ მხოლოდ მშვიდობიან ფორმებს ქვეყნის დეოკუპაციისა და გაერთიანებისათვის გზების ძიებისას“.

ოკუპირებული ტერიტორიებისადმი სამხედრო ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი ვალდებულება სახელმწიფო სტრატეგიის იმ სამოქმედო გეგმის ნაწილიცაა, რომელიც რეინტეგრაციების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილის, აპარატმა შეიმუშავა. თუმცა ევროპარლამენტის ტრიბუნა საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ეს პირობა ევროპის ყველა ქვეყნის წარმომადგენელთათვის და ისიც განეცხადებინა, რომ ამ გადაწყვეტილების თაობაზე „წერილობით შეატყობინებს გაეროს გენერალურ მდივანს, ეუთოს გენერალურ მდივანსა და ევროკავშირის ლიდერებს“. მაგრამ მქუხარე აპლოდისმენტის, ქათინაურებისა და ევროპულ მედიაში გაშუქების გარდა, უნდა ელოდოს თუ არა საგნობრივ და რეალურ მხარდაჭერას საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის პარლამენტისაგან? რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი ევროკავშირის ქვეყნებში დან ალექსე ამბობს, რომ, საქართველოსადმი მხარდაჭერის მიუხედავად, ასეთ მგრძნობიარე საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტისას ევროპარლამენტარების როლი ძალიან უმნიშვნელოა.

ვითხოვთ, რომ რუსეთის სამხედრო მშენებლობა საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ფარგლებში კვალიფიცირებულ იქნეს როგორც სუვერენული ქვეყნის უკანონო ოკუპაცია...
„ეს საკითხები 27 სახელმწიფოს მთავრობების პრეროგატივაა. პარლამენტს შეუძლია მიიღოს რეზოლუცია, პარლამენტს შეუძლია მოახდინოს ზეწოლა მთავრობაზე, მაგრამ პარლამენტი საგარეო პოლიტიკაში არ მონაწილეობს. თანაც, ევროპის მთავრობები, როგორც ეს ნიკოლა სარკოზის შემთხვევაში აღმოჩნდა, ძალიან ელასტიკურები არიან. სარკოზი 2008 წლის აგვისტოში ჩავიდა და შუამავლობდა კონფლიქტის შეწყვეტაში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ განაცხადა, რომ ოთხ შვეულმფრენმზიდ გემს მიჰყიდის რუსეთს, რამაც განარისხა ევროპელი დეპუტატები“.

კიდევ ერთი საკითხი, რაშიც საქართველოს ხელისუფლება ევროპის მხარდაჭერას ელოდება, რუსეთთან დიალოგის დაწყება და ტერმინ „ოკუპაციის“ დაკანონებაა. „საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა გააგებინოს რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ დღეს ვითარება სრულიად არამდგრადია, რასაც რუსეთის მხრიდან კომპრომისზე წასვლა სჭირდება“. რუსეთზე ზეწოლა კი, სააკაშვილის აზრით, უნდა ემყარებოდეს „რეალური ვითარების“ გააზრებას:

„ამიტომ ვითხოვთ, რომ რუსეთის სამხედრო მშენებლობა საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ფარგლებში კვალიფიცირებულ იქნეს როგორც უკანონო ოკუპაცია სუვერენული ქვეყნისა. ევროპის ბევრმა სახელმწიფომ და შეერთებულმა შტატებმა ეს უკვე გააკეთა“.

მიუხედავად ქათინაურების და მხარდაჭერისა, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტი ისე დატოვა, რომ ვერ მიიღო გარკვეული პასუხი იმაზე, აპირებს თუ არა ტერმინ „ოკუპაციის“ დაკანონებას ევროპარლამენტი. ამ თემას ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფრთხილად აუარა გვერდი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროპის პარლამენტის რეზოლუცია მოიხმო, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროპის პარლამენტი განუხრელად განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“. ამასთან, ეჟი ბუზეკმა ქართველ ჟურნალისტს უთხრა, რომ მის ამ შეკითხვას „ამ მომენტისთვის საკმაოდ ნათელი პასუხი გასცა“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG