Accessibility links

logo-print

ივო დაალდერი: "თუ უთანხმოების მოგვარება გვსურს, ერთმანეთს უნდა ველაპარაკოთ"


ნატოში აშშ-ის ელჩი ივო დაალდერი

ნატოში აშშ-ის ელჩი ივო დაალდერი

ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის ივო დაალდერის განცხადებით, რუსეთთან ნატოს დიალოგი აუცილებელია უთანხმოების გამომწვევი საკითხების - უწინარეს ყოვლისა, საქართველოს საკითხის - მოსაგვარებლად. ამ და სხვა თემებზე ისაუბრა დაალდერმა, რომელიც რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიუროს ესტუმრა. ალიანსში ვაშინგტონის წარმომადგენელს უსაფუძვლოდ მიაჩნია ვარაუდი, რომ რუსეთმა შესაძლოა ალიანსის სისუსტედ აღიქვას მასთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მისწრაფება, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს დღემდე არ შეუსრულებია საქართველოსთან ომის შემდეგ ნაკისრი ვალდებულებები. მისივე თქმით, ალიანსმა მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია ლისაბონში და დასკვნით კომუნიკეშიც, რომ რუსეთისაგან მოელის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. დაალდერის განცხადებით, საჭიროა რუსეთთან დიალოგი, თუ უთანხმოების მოგვარება გვსურს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა არ შეასრულა აგვისტოსა და სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები, მას ნატო და აშშ მაინც იწვევენ მოლაპარაკებაზე. რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა ჰკითხა ელჩს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ დასავლეთმა შემოიღო თამაშის ახალი წესები, რომელთა მიხედვით, შეთანხმებას შეგიძლია ხელი მოაწერო, მაგრამ არ შეასრულო. ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთი ამას დასავლეთის სისუსტედ აღიქვამს?
საკითხავი ისაა, ვილაპარაკოთ თუ არა რუსეთთან, სანამ ის არ შეასრულებს შეთანხმების პირობებს. ხომ არ აჯობებს მასთან ვიურთიერთოთ და დავინახოთ, სად გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა და სად შეგვიძლია თანამშრომლობა?

აი, ივო დაალდერის პასუხი ამ შეკითხვაზე: „არა, მე ასე არ ვფიქრობ. ლისაბონში და რუსეთთან შეხვედრებისას განვაცხადეთ: მოველით, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი პირობები. ამ მხრივ პოზიცია არ შეგვიცვლია. საკითხავი ისაა, ვილაპარაკოთ თუ არა რუსეთთან, სანამ ის არ შეასრულებს შეთანხმების პირობებს, ხომ არ აჯობებს მასთან ვიურთიერთოთ და დავინახოთ, სად გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა და სად შეგვიძლია თანამშრომლობა. აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ როცა ომი დაიწყო, რუსეთთან ნატო-რუსეთის საბჭოში შეხვედრა უნდა გაგვემართა, რომ გადაწყვეტილება ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის შეწყვეტისა მცდარი იყო. არ უნდა მიგვაჩნდეს, რომ საფუძვლიანი უთანხმოების გამო ერთმანეთს არ უნდა შევხვდეთ. პირიქით, თუკი გვსურს უთანხმოების მოგვარება, ერთმანეთთან უნდა ვილაპარაკოთ. მოლაპარაკებებს არ უნდა შევხედოთ ისე, რომ ან უნდა დავთმოთ კონკრეტულ საკითხზე პოზიცია, ან უნდა დავეთანხმოთ ამ თემაზე საპირისპირო აზრს. ჩვენ, ამის საპირისპიროდ, ვფიქრობთ, რომ ურთიერთობა საჭიროა, რათა სტატუს კვო შეიცვალოს და შეხვედრები სტატუს კვოს შესაცვლელად იქნეს გამოყენებული. და ეს არის ის, რაც ამ შეხვედრამ მოიტანა. ეს იმასაც გულისხმობს, რომ ნატოსა და რუსეთის ურთიერთობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოთი, ამ ურთიერთობას სხვა ასპექტებიც აქვს.

რუსეთთან თანამშრომლობა გვჭირდება ჩვენს გამოწვევებთან გასამკლავებლად - იქნება ეს გამოწვევა ბირთვულ გაუვრცელებლობასთან, ბირთვული იარაღის უსაფრთხოებასთან, რასაც ამჟამად ვაწყდებით „სტარტის“ რატიფიცირების სახით, თუ იმ საკითხში, რა გზას დავადგეთ ირანთან მიმართებით. ყველა ამ საკითში რუსეთი გვჭირდება. ავღანეთის საკითხში უკვე ვთანამშრომლობთ. ასე რომ, რუსეთთან სამუშაო პროგრამა გვაქვს. მაგრამ ეს საქართველოს ხარჯზე არ ხდება.
რუსეთთან თანამშრომლობა გვჭირდება ჩვენს გამოწვევებთან გასამკლავებლად - იქნება ეს გამოწვევა ბირთვულ გაუვრცელებლობასთან, ბირთვული იარაღის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუ იმ საკითხში, რა გზას დავადგეთ ირანთან მიმართებით.

ასე უნდა გაგრძელდეს და, ამასთან, ცხადად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს საკითხში რუსეთს არ ვეთანხმებით, რომ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოველით, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ამ თემასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომ ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის ნაწილებად. ამას ყველაფერს ჩვენ ვიმეორებდით ლისაბონში და გავაგრძელებთ გამეორებას მომავალში. არა მგონია, პოზიციამ, რომ უკეთესია არ ვიქონიოთ რუსეთთან ურთიერთობა, სანამ ეს საკითხები მოგვარდებოდეს, მიგვიყვანოს საჭირო შედეგამდე ან მოგვიტანოს ესოდენ აუცილებელი თანამშრომლობა სხვა საკითხებში“.

დაალდერს დაუსვეს შეკითხვა ლისაბონის ნატოს სამიტის, ასევე ნატო-რუსეთის საბჭოს ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ. მან სამი მთავარი საკითხი გამოყო: ერთი იყო ის, რომ ნატო 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მზად არის. როგორც ცნობილია, ალიანსმა ლისაბონში ახალი სტრატეგია გამოაცხადა. მეორეა ის, ელჩ დაალდერის თქმით, რომ ავღანეთის საკითხში ნატო და მისი პარტნიორები შეკავშირებულნი რჩებიან. და მესამე: ნატო-რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვა“. ამ უკანასკნელ საკითხზე საუბრისას დაალდერი საქართველოს შეეხო:

„ საქართველოსთან ომის შემდეგ პირველად შედგა ნატოსა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა, რომელიც კიდევ ერთხელ იყო დასტური იმისა, რომ 21-ე საუკუნის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში რუსეთისა და ნატოს თანამშრომლობა საჭიროა. ის გულისხმობს, სხვათა შორის, ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროს. რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა, თანხმობა განაცხადა: „მოდით, გავაგრძელოთ იმგვარი წვრთნები, საქართველოს ომამდე რომ ვატარებდით და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ნატოს სისტემის გამოყენება და რუსეთის შესაძლებლობების ჩართვა, რათა ვითანამშრომლოთ იმ საერთო საფრთხეების დაძლევაში, რომელიც სამხრეთიდან გვემუქრება ბალისტიკური რაკეტების სახითო“.

ნატოში აშშ-ის ელჩს სთხოვეს დაეზუსტებინა ამ თანამშრომლობის დეტალები ანტისარაკეტო სფეროში. როგორი იქნება ეს თანამშრომლობა კონკრეტულად? ივო დაალდერმა განაცხადა, რომ დეტალებზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს. ნატო-რუსეთის საბჭოს სამუშაო ჯგუფმა ლიდერებისგან მიიღო დავალება შეიმუშაოს გეგმა თანამშრომლობის დეტალებზე. გადაწყდა, 2011 წლის ივნისისთვის წარმოადგინონ ანგარიში. ნატოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა გასცენ პასუხი შეკითხვას, როგორია თანამშრომლობის არქიტექტურა.

დაალდერმა განმარტა:

„მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმის გაგება, რომ ნატომ გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რომ შეიქმნას ნატოს სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რათა დაიცვას ნატოს მთელი ტერიტორია, ნატოს ტერიტორია ევროპაში და ამერიკის შეერთებული შტატები ბალისტიკური რაკეტებისგან თავდასხმის შემთხვევაში. თანამშრომლობის წინადადება - და ახლა კი წინადადება, დავიწყოთ თანამშრომლობა - არ არის ამ გადაწყვეტილების ნაწილი, გადაწყვეტილება მიღებულია. ნატო დაიცავს ნატოს და არა რუსეთს ან სხვა ვინმეს. ეს არის საფუძველი, რომლითაც ვხელმძღვანელობდით, როცა თანამშრომლობის პროცესი განვაახლეთ... და მნიშვნელოვანია ის, რომ ნატოს სჭირდებოდა მიეღო გადაწყვეტილება მანამ, სანამ ხელს გაუწვდიდა რუსეთს თანამშრომლობის მისაღწევად - თანამშრომლობისა, ლისაბონში 19 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ეს კი იმას გულისხმობდა, რომ ნატოს საქმე ნატოს ტერიტორიის დაცვაა“.
ნატო დაიცავს ნატოს და არა რუსეთს ან სხვა ვინმეს. ეს არის საფუძველი, რომლითაც ვხელმძღვანელობდით, როცა თანამშრომლობის პროცესი განვაახლეთ...

სხვათა შორის, რადიო თავისუფლებამ ჰკითხა აშშ-ის ელჩს ნატოში: შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ვითარება, რომ რუსეთის ხელისუფლებას სიტყვის უფლება ექნეს ნატოს თავდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებისას, ან ჩაერთოს განკარგულებების გაცემაში, ან ნატოს ანტისარაკეტო სისტემის გაკონტროლების საშუალება მიეცეს? აშშ-ის ელჩი ნატოში:

„შემიძლია დავინახო ვითარება, როცა რუსები და ნატო ერთად იმუშავებენ, მაგრამ არასოდეს იმ ფორმით, რომ ერთი სახელმწიფო ან ერთი არაწევრი ქვეყანა მიიღებს ვეტოს უფლებას, ან შეძლებს გააკონტროლოს ნატოს სისტემა. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ: ნატომ უნდა დაიცვას ნატო. ჩვენ თანამშრომლობა გვსურს: ვცდილობთ მოვძებნოთ რუსეთთან თანამშრომლობის გზები, რისთვისაც ამ სისტემების გაფართოება შეიძლება გახდეს საჭირო, მაგრამ როცა საქმე ეხება ნატოს თავდაცვას, ეს ალიანსის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობაა. ეს ის არის, რასაც თვითონვე აღასრულებს და ის მხოლოდ ნატოს ქვეყნების ხელში იქნება“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG