Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი კორეის საზღვარზე ვითარება დაიძაბა


იერიგის შედეგად იონპჰენდოს კუნძული კვამლში გაეხვია
იერიგის შედეგად იონპჰენდოს კუნძული კვამლში გაეხვია
დღეს დილით უკიდურესად დაიძაბა ვითარება ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე, ყვითელ ზღვაში. მიღებული ცნობების თანახმად, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნა დასავლეთის საზღვაო საზღვარზე, რასაც სამხრეთმა კორეამ ცეცხლითვე უპასუხა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სამხრეთ კორეის კუნძულ იონპჰენდოზე აფეთქდა ორმოცდაათამდე ჭურვი, რის შედეგადაც ცეცხლი წაეკიდა რამდენიმე სახლს. როგორც იუწყებიან, დაიჭრა ოთხი სამხრეთკორეელი ჯარისკაცი. ზოგიერთი ცნობით, დაიღუპა ორი სამხრეთკორეელი მედესანტე.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მიუნგ ბაკმა სეულის ერთ-ერთ მიწისქვეშა ბუნკერში მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია და განაცხადა, რომ ყოველ ღონეს იხმარს, რათა თავიდან აიცილოს ვითარების ესკალაცია. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეში კი ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი ჩრდილოეთ კორეის არმიას, რომელმაც „უკანონო პროვოკაცია“ განახორციელა.

თავის მხრივ, კსდრ-ის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ კუნძულ იონპჰენდოზე მიტანილი საარტილერიო იერიში მხოლოდ პასუხი იყო სამხრეთ კორეის აგრესიულ ქმედებებზე.

ინციდენტს მყისვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. ვაშინგტონში თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც „მკაცრად ჰგმობს“ ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს. ინციდენტი დაგმო რუსეთმაც. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მათ, ვინც ცეცხლი გაუხსნა ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის გამყოფი ზოლის რაიონში მდებარე კუნძულს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა განაცხადა, რომ თავის მთავრობასა და შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა, მზად იყვნენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის.

„ჯერ ერთი, ჩემს ხალხს ვთხოვე, ყველაფერი გააკეთონ ინციდენტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის შესაგროვებლად. და მეორეც, ვთხოვე მათ, მზად იყვნენ ნებისმიერი სცენარისთვის. აი, ეს ორი განკარგულება გავეცი“, - აღნიშნა კანმა.

შეშფოთებას გამოთქვამენ ევროპაშიც. აი, რა თქვა, მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ:

„ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო. ის გარემოება, რომ გამოყენებულ იქნა ძალა, ჩვენ, ევროპელებს, ძალიან გვაშფოთებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, რათა გაიმარჯვოს საღმა აზრმა და შერიგებისკენ მიმართულმა ძალისხმევამ“.

ამ ძალისხმევაში, ექსპერტთა აზრით, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ჩინეთს, როგორც რეგიონის მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეს. გერმანელი ანალიტიკოსის სებასტიან ჰარნიშის აზრით, პეკინი არ არის დაინტერესებული ორ კორეას შორის შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებით და ამიტომ აუცილებლად გამოიყენებს თავის გავლენას ომის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG