Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ახალი ინიციატივა რუსეთის გასაგონად


23 ნოემბერს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ახალი ინიციატივა გაახმაურა. იმის დასტურად, რომ კონფლიქტის მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით აპირებს, საქართველო მზად არის, ასე ვთქვათ, დამატებითი გარანტიები დაურთოს 2008 წლის აგვისტოს 6-პუნქტიან შეთანხმებას. პრეზიდენტ სააკაშვილის ახალ ინიციატივას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია კრემლი, თუმცა სკეპტიციზმი უკვე გამოიხატა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერთა მხრიდან.

ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთს 23 ნოემბერს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გააცნო, მისივე თქმით, განხილული და შეთანხმებულია ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან და შესაბამისი წერილები მალე გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის ლიდერებსაც გაეგზავნებათ:

”ჩვენ ვაყენებთ ცალმხრივ ინიციატივას იმის განსაცხადებლად, რომ საქართველო არასოდეს მიმართავს ძალას რუსეთის ოკუპაციის აღსაკვეთად და თავისი კონტროლის აღსადგენად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით დეოკუპაციისა და გამთლიანების მისიის შესრულებისას. მაშინაც კი, თუ რუსეთის ფედერაცია უარს იტყვის თავისი ოკუპანტი ძალების გაყვანაზე და გააძლიერებს ადამიანის უფლებების ხელყოფას, საქართველო დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას - ახალი შეტევებისა და ინტერვენციის შემთხვევაში - ტერიტორიის იმ 80%-ზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება”.

საქართველომ რუსეთისთვის ძალის გამოუყენებლობის დამატებითი გარანტიის მიცემა იმის მიუხედავად გადაწყვიტა, რომ ამგვარ ვალდებულებას ისედაც ითვალისწინებს 2008 წლის აგვისტოს 6-პუნქტიანი გეგმა.

აგვისტოს 6-პუნქტიან გეგმაზე აქცენტით აკეთებს თავის კომენტარს შოთა უტიაშვილიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების საერთაშორისო მექანიზმის მუშაობაში. პრეზიდენტის ინიციატივას უტიაშვილი განიხილავს ახალ იმპულსად რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გზაზე:

”6-პუნქტიანი გეგმა ძალაშია და ის ითვალისწინებს, რომ არმია უნდა დაუბრუნდეს თავის ბანაკებს... ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით ამ ვალდებულებას, განსხვავებით რუსეთისაგან, რომელმაც არ შეასრულა 6-პუნქტიანი გეგმით ნაკისრი ვალდებულებები... ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც უბიძგებს რუსეთს იქითკენ, რომ დაიწყოს ვალდებულებების შესრულება. იმედია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა სწორედ ამგვარ საფუძველს მოგვცემს...”

თავად რუსეთის რეაქციები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სკეპტიკურ განწყობებს უკვე გამოხატავენ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში. კომენტარს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი აკეთებს:

”ყველაფერი ეს, რაღა თქმა უნდა, ცარიელი სიტყვებია. სააკაშვილის დაჯერება არ შეიძლება. ამ ცარიელმა სიტყვებმა მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც მიგვიყვანა... მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი არ უნდა დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან...”

ასეთივე სკეპტიკურია აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის ჟენევის მოლაპარაკებებზე ვიაჩესლავ ჩირიკბას განწყობაც. ჩირიკბა მშვიდობის გარანტიებს შეთანხმების გაფორმებაში ხედავს:

”საქმე ის არის, რომ დამოკიდებულება საქართველოს ლიდერის სიტყვიერად გამოთქმული ვალდებულებებისადმი აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც სრულიად გარკვეულია... ანუ მის მიმართ ნდობა არ არსებობს, მით უმეტეს - მისი სიტყვების მიმართ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა სიტყვიერ განცხადებებზე, სადაც უნდა კეთდებოდეს ისინი, არამედ შეთანხმებაზე აფხაზეთსა და საქართველოს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელსაც ხელს მოაწერდნენ საერთაშორისო გარანტებიც - ეუთო, გაერო, ევროკავშირი და აგრეთვე ზოგიერთი ქვეყანა”.

ვიაჩესლავ ჩირიკბას მიერ აღწერილი პოზიცია სწორედ ის პოზიციაა, რომელსაც რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა ჟენევის მოლაპარაკებებზე და რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება თბილისი. ფაქტია ისიც, რომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების თემა ჟენევის პროცესის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად იქცა - საკითხად, რომელმაც საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო რამდენიმე რაუნდი პრაქტიკულად ჩიხში შეიყვანა.

მოგვიანებით რუსეთმა ასევე წამოაყენა წინადადება, რომ თბილისმა, სოხუმმა და ცხინვალმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ "ცალმხრივ დეკლარაციებს“ მოაწერონ ხელი. სხვათა შორის, როდესაც საკითხს ამ ჭრილში განიხილავს, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა ”ეხო კავკაზასთან” საუბარში ამბობს, რომ საჭიროა, წერილი, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნის, „ჟენევის მოლაპარაკებებზე განიხილონ“.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG