Accessibility links

სააკაშვილის ინიციატივებს სკეპტიციზმით ხვდებიან დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლები


საქართველოს სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლები სკეპტიციზმით შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტის წინაშე გამოთქმულ ცალმხრივ ინიციატივას, რომ საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას და დეოკუპაციისა და გაერთიანებისთვის მხოლოდ მშვიდობიან მეთოდებს მიმართავს. „საქმე ის არის, რომ დამოკიდებულება საქართველოს ლიდერის სიტყვიერად გამოთქმული ვალდებულებებისადმი აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც სრულიად გარკვეულია. ანუ მის მიმართ ნდობა არ არსებობს, მით უმეტეს მისი სიტყვების მიმართ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვიაჩესლავ ჩირიკბამ, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში: „ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა სიტყვიერ განცხადებებზე - სადაც უნდა კეთდებოდეს ისინი - არამედ შეთანხმებაზე აფხაზეთსა და საქართველოს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელსაც ხელს მოაწერდნენ საერთაშორისო გარანტებიც - ეუთო, გაერო, ევროკავშირი და აგრეთვე ზოგიერთი ქვეყანა...“ თუმცა, რუსეთის მიერ წამოყენებულ წინადადებაზე საუბრისას - რომ თბილისმა, სოხუმმა და ცხინვალმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ "ცალმხრივ დეკლარაციებს“ მოაწერონ ხელი - აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ ღვინჯიამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საჭიროა, წერილი, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნის, „ჟენევის მოლაპარაკებებზე განიხილონ“. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერ იური ძიცოითის განცხადებით კი „ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ცარიელი სიტყვებია. სააკაშვილის დაჯერება არ შეიძლება. გვახსოვს, რომ ამ ცარიელმა დაპირებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც მივედით. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი არ უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“.
XS
SM
MD
LG