Accessibility links

logo-print
საქართველოში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ”ოკუპაციის” თემამ 23 ნოემბერს კიდევ ერთხელ იჩინა თავი. ამჯერად საუბარია ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩების პოზიციაზე, რომელიც, ასე ვთქვათ, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშის საპასუხოდ ჩამოყალიბდა. თბილისი იმედოვნებს, რომ რუსეთის ქმედებებისთვის ”ოკუპაციის” წოდების ტენდენცია თანდათან სულ უფრო მოიკიდებს ფეხს ევროკავშირის სივრცეში. ეს აუცილებლობა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 ნოემბერს ევროპარლამენტარებსაც შეახსენა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა პრაქტიკული შედეგის მოტანა შეუძლია ტერმინ ”ოკუპაციის” საყოველთაო დამკვიდრებას?

ამ განცხადებაში პირველად იქნა გამოყენებული ფრაზა - ’საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები...’
”გაერთიანებულ ანგარიშს საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით” ევროსაბჭოს გენერალური მდივანი წელიწადში ორჯერ ამზადებს. დოკუმენტი დახურულია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მასში ძირითადად ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილშია შეფასებული როგორც რუსეთისა და საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება, ასევე არსებული სიტუაცია, დარღვევები და გამოსავლის ძიების გზები. ბოლო ასეთი ანგარიში ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა ორგანიზაციის 47 ქვეყნის ელჩებს ნოემბრის დასაწყისში გააცნო. განხილვა კი სტრასბურგში, მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, 23 ნოემბერს შედგა. საკუთარი პოზიცია ერთობლივ განცხადებაში ასახეს ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩებმა ევროსაბჭოში. რუსეთის ”ოკუპაციასთან” დაკავშირებულმა ფრაზამ ამ განცხადების მე-4 პუნქტში იჩინა თავი:

”ევროკავშირი ემხრობა ევროსაბჭოს მეტ ჩართულობას და აქტიურობას საქართველოში. შესაბამისად, ის წაახალისებს გენერალურ მდივანს, უფრო ინტენსიური გახადოს კონტაქტი ყველა ჩართულ მხარესთან, განსაკუთრებით იმისათვის, რომ სრულად მიუწვდებოდეს ხელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე”.

”ოკუპაციის” თემის შემცველ განცხადებას, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ელჩების გარდა, ევროსაბჭოს კიდევ 8 ქვეყნის ელჩები აწერენ ხელს. ესენია: აზერბაიჯანი, მოლდავეთი, ხორვატია, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა - მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ლიხტენშტეინი და სანმარინო.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების წამოწყებას რუსეთის მისამართით წნეხის გაძლიერებად აღიქვამს.

”ამ განცხადებაში პირველად იქნა გამოყენებული ფრაზა - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა ევროპის მასშტაბით სერიოზულად იზრდება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ვითხოვთ, რომ რუსეთის სამხედრო მშენებლობა საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ფარგლებში კვალიფიცირებულ იქნეს როგორც სუვერენული ქვეყნის უკანონო ოკუპაცია...
ევროსაბჭოს წიაღში მხარდაჭერილი განცხადების გარდა, რუსეთის ქმედებებთან მიმართებით ”ოკუპაცია” 16 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც დაფიქსირდა. სიტყვა ”ოკუპაცია”, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ 16 ნოემბერს ახსენა, არაერთხელ გამეორებულა შეერთებული შტატების ლიდერების გამოსვლებსა თუ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოთა რეზოლუციებში.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველა ასეთ შემთხვევას გულმოდგინედ ითვლიან, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც, ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთი რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობების დამყარების პროცესში მოსკოვის გაღიზიანებას ერიდება. თბილისი იმედოვნებს, რომ თანდათან ”ოკუპაციის” აღიარების პროცესი სულ უფრო ინტენსიურ და პრინციპულ სახეს მიიღებს.

ამ ტერმინის ოფიციალურად დამკვიდრებისკენ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მსოფლიო თანამეგობრობას 23 ნოემბერს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოუწოდა:

„ვითხოვთ, რომ რუსეთის სამხედრო მშენებლობა საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ფარგლებში კვალიფიცირებულ იქნეს როგორც სუვერენული ქვეყნის უკანონო ოკუპაცია. ევროპის ბევრმა სახელმწიფომ, ისევე როგორც შეერთებულმა შტატებმა, ეს უკვე გააკეთა“.

რატომ არის აუცილებელი, რომ მსოფლიომ რუსეთის ქმედებებს ოფიციალურად უწოდოს ოკუპაცია? რა შეიძლება მოიტანოს ამ პროცესმა?

საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნათია კაციტაძე განმარტავს, რომ ხმელეთზე ომის წარმოების წესების შესახებ ჰააგის 1907 წლის კონვენციის მიხედვით, ტერმინ ოკუპაციაში იგულისხმება ერთი ქვეყნის სამხედრო კონტროლი მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე და, რაც მთავარია, ოკუპაციის აღიარება აუცილებლად გულისხმობს დეოკუპაციის პერსპექტივასაც:

”ეს არ არის, ასე ვთქვათ, მუდმივი მდგომარეობა და ოკუპაციის განმახორციელებელი ქვეყანა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ არის უფლებამოსილი, რომ მოახდინოს ამ ტერიტორიის ცალკე გამოყოფა ან თავის ქვეყანასთან მიერთება... იგულისხმება, რომ, როდესაც დაიდება მშვიდობის ხელშეკრულება, უნდა აღდგეს ამ სახელმწიფოს სტატუს კვო, ანუ მისი ომამდელი პერიოდის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია .”

თუმცა ვიდრე მშვიდობა დამყარდება და ოკუპაციას დეოკუპაცია მოჰყვება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კონვენციების მიხედვით, ოკუპანტი ქვეყანა ვალდებულია, უზრუნველყოს წესრიგი, უსაფრთხოება და დაიცვას ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვალდებულებებს კი შედეგებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობაც ახლავს.
XS
SM
MD
LG