Accessibility links

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თამარ ჩუგოშვილი უხელმძღვანელებს


თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე

თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს - თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც იურისტის კარიერა სწორედ ამ ორგანიზაციაში დაიწყო. თავმჯდომარეობამდე მან საიას სტაჟიორობიდან ორგანიზაციის საპარლამენტო მდივნობამდე გზა გაიარა.

არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს იურისტთა ასოციაცია - ხელმძღვანელს წელიწადში ერთხელ ირჩევს და თავმჯდომარეს ერთი წლის შემდეგ კვლავ შეუძლია საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს კოლეგებს. საიას უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, თამარ ხიდაშელს, ეს ორწლიანი ვადა ამოეწურა და მედიას ახლად არჩეული თამარ ჩუგოშვილი წარუდგინა.

თამარ ჩუგოშვილი, რომელიც კარგად იცნობს ახალგაზრდა იურისტების საქმიანობას და, როგორც თავად ამბობს, პროფესიული გამოცდილება სწორედ ამ ორგანიზაციაში მიიღო, ამბობს, რომ საია თავის ჩვეულ კურსს არ გადაუხვევს:

”ჩვენ არ გადავუხვევთ იმ სტრატეგიას, რომლითაც საია წლებია მუშაობს, ვინარჩუნებთ ე.წ. ვოჩდოგის ფუნქციას და, ამასთან, დიდი ყურადღება მიექცევა სახელმწიფო სტრუქტურებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხს”.

ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ჯერჯერობით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში რჩება. ის ამბობს, რომ ერთადერთი, რაზეც გული სწყდება, ისაა, რომ ორგანიზაციის 800 წევრიდან ყველასთან ვერ მოახერხა, ჰქონოდა ინდივიდუალური ურთიერთობა. ზოგადად ბოლო ორი წლის განმავლობაში საიას მიერ გაკეთებული საქმეებით კი ხიდაშელი კმაყოფილია:

”ძალიან დატვირთული გრაფიკის გამო ყველა წევრთან ინდივიდუალურად მუშაობის საშუალება არ მქონდა, ეს ორგანიზაცია კი წევრებზე დგას და ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ. რაც შეეხება მიღწევებს, ვფიქრობ, რომ ორგანიზაციამ თავის კურსს არ გადაუხვია - ჩვენ დავამტკიცეთ, რომ აბსოლუტურად ნეიტრალური, ობიექტური ორგანიზაცია ვართ. ჩვენ შეგვიძლია რეკომენდაციაც მივაწოდოთ ხელისუფლებას და მკაცრად გავაკრიტიკოთ კიდეც”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას პოსტსაბჭოთა სივრცეში უნიკალურს და ყველაზე წარმატებულს უწოდებს მისი ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელიც. მისი აზრით, საიამ შეძლო მდგარიყო ადამიანის უფლებების სადარაჯოზე და, ამავე დროს, არ შეეწყვიტა კვლევები სხვადასხვა სფეროში, მოემზადებინა ანგარიშები და რეკომენდაციები მიეცა ხელისუფლებისათვის:

”როდესაც მე ვიყავი თავმჯდომარე, იმ წელს 40 000 ადამიანს გავუწიეთ დახმარება და ეს რიცხვი ყოველწლიურად მატულობს”.

ახალმა თავჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა კი ორგანიზაციის ხელმძღვანელის რანგში პირველი შეხვედრა 24 ნოემბერს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გამართა.

თინა ხიდაშელი, რომელიც ორგანიზაციას ჯერ 1999 - 2001 წწ-ში, შემდეგ კი 2004 წელს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ყველაზე დიდი, რაც საიამ გააკეთა, ეს არის ის, რომ იურიდიული დახმარება გაუწია ათიათასობით ადამიანს.
XS
SM
MD
LG