Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 24 ნოემბერი 2010


24 ნოემბრის ქართულ პრესაში ხვალისთვის დაგეგმილ წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ ინიციატივაზე წერენ, რომელიც მან გუშინ სტრასბურგში გააჟღერა. ამ და სხვა თემების მიხედვით უფრო დეტალურად პრესის მიმოხილვა „ვერსიიდან“ დავიწყოთ. ”დიდი ოპოზიციური შეტევა იწყება” - ამ სათაურით „ვერსია“ აქვეყნებს ინტერვიუს ქართული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ეროსი კიწმარიშვილთან. მის პარტიას დღეს დამფუძნებელი ყრილობა აქვს დაგეგმილი. ეროსი კიწმარიშვილთან ინტერვიუში წაიკითხავთ:

”რეჟიმი რომ სასწრაფო არჩევნებისთვის ემზადება, ვიცით. გარანტირებულად გეუბნებით, რომ 2011 -ში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ამ კონსტიტუციის პირობებში საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ მაშინ ჩატარდება, თუ შესაბამის დღის წესრიგს შევქმნით. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ორივე არჩევნებია ჩასატარებელი, მაგრამ ყველაფრის დრამატულად შესაცვლელად საპარლამენტო არჩევნებია საჭირო. ნებისმიერ არჩევნებში ჩვენ ვიქნებით ძალა, რომელიც ხალხს ალტერნატივას შესთავაზებს”, - აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი „ვერსიასთან“ ინტერვიუში.

„ახალი თაობა“ კი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სტრასბურგში სიტყვით გამოსვლას ეხმიანება სტატიით, რომლის სათაურია ”საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას ძალით არასოდეს აღადგენს”. სტატიის ავტორი საქართველოს პრეზიდენტს და მის პოლიტიკურ გუნდს საყვედურობს ოპოზიციის იმ ნაწილის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრე იყო: ”საქართვლოს პრეზიდენტი და მისი გუნდი გამუდმებით იმას გვიმტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოს პირველი მტერია. ყველას კარგად გვახსოვს, რა რიტორიკა მოჰყვა ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლას ... თუმცა ნაციონალებს ხმა არ ამოუღიათ, როცა მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რუსეთთან უპირობო დიალოგისთვის მზად ვარო.”

„ახალი თაობა“ წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნისას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამს შეხვდა. გაზეთი ასევე წერს, რომ რუსეთისთვის მიმართვის გასაგზავნად მან ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოიყენა და რუსეთს არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა. „ახალ თაობაშივე“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის მოსაზრებაა წარმოდგენილი. მისი შეფასებით, მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე რუსეთის პირველ პირს, დმიტრი მედვედევს, უარის თქმა გაუჭირდება, რადგან მაშინ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უარის მიზეზის ახსნა მოუწევს. „ახალ თაობაშივე“ წაიკითხავთ ინტერვიუს კონსერვატორების ერთ-ერთ ლიდერთან, ზვიად ძიძიგურთან, რომელიც თავისი პარტიის წარმომადგენლებით სახალხო კრებასთან შეერთების მიზეზებს ასე ხსნის :

”ხელისუფლებას დისკომფორტი ყველგან უნდა შეუქმნა, სამართლებრივ, საერთაშორისო დონეზე თუ მანიფესტაციების გზით. ეს არის, ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი გამოსავალი და ამას ჰქვია ტოტალური ბრძოლა ყველა ფრონტზე ხელისუფლების შესაცვლელად.”

„რეზონანსი“ პირველ გვერდზე, სათაურქვეშ ”ხელისუფლებას ქართველი ხალხის ეშინია”, ინტერვიუს აქვეყნებს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან, რომელიც ვარდების რევოლუციის შვიდი წლის თავზე არსებულ რეალობაზე, სახალხო კრების იდეაზე, მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან დიალოგის სურვილსა და კიდევ რამდენიმე საკითხზე გამოთქვამს მოსაზრებას.

”დადებითი იყო მხოლოდ ინფრასტრუქტურული ცვლილებები. ერთადერთი, რაც პოლიტიკურად დადებითი მოხდა, ეს ასლან აბაშიძის საკითხის მოგვარებაა. ამას გარდა, სხვა არც ერთი გადაწყვეტილება ქვეყნის სასარგებლოდ არ მიუღია მას”,- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი მიხეილ საკაშვილის პოლიტიკური გადაწყეტილებების შესახებ „რეზონანსთან“ ინტერვიუში. ჟურნალისტის კითხვაზე, ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს რა შანსი აქვსო, პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ მიეცემა:

”ვიდრე ჩვენ კონფლიქტებს არ მოვაგვარებთ, ვიდრე არ ვიპოვით რუსეთთან საერთო ენას და ვიდრე არ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, მანამდე ჩვენ ნატოში არ მიგვიღებენ”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.

წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრები ხვალ პარლამენტის წინ 100 ათასამდე მხარდამჭერის მისვლას ელოდებიანო, წერს „რეზონანსი“. აქვე ნათქვამია, რომ კრების საინიციატივო ჯგუფმა მერიაში უკვე შეიტანა კრების გამართვის შესახებ განცხადება და ნებართვაც მიიღეს 2 კვირის განმავლობაში აქციების გასამართად.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG