Accessibility links

logo-print

დიდი დავიდარაბის შემდეგ ავღანეთში არჩევნების შედეგები ცხადდება


ავღანეთის არჩევნების პლაკატი

ავღანეთის არჩევნების პლაკატი

ორთვიანი კვლევა-ძიების შემდეგ ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა ქვეყნის 34 საარჩევნო ოლქში. ხმის მიცემის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შედეგად, დისკვალიფიცირებული იქნა რამდენიმე გავლენიანი კანდიდატი. თუმცა ვნებათაღელვა განვლილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არ ცხრება. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაწყენებული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს მოუწოდა, საკუთარი სიმართლის დასადგენად „მტრულ ქმედებებს“ არ მიმართონ.

ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გაყალბებისა და სხვა დარღვევების გამო ბიულეტენების საერთო რაოდენობის თითქმის მეოთხედი გააუქმა, ხოლო დისკვალიფიცირებული იქნა 24 კანდიდატი. ფაზი აჰმად მანავიმ, ქვეყნის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო კომისია ჯერ კიდევ ელოდება საბოლოო შედეგებს ღაზნის პროვინციიდან:

“ტექნიკური პრობლემების გამო ერთ პროვინციაში, ღაზნიში, ხმის დათვლის პროცესი გრძელდება. ერთ ან ორ დღეში, მაქსიმუმ ერთ კვირაში, ჩვენ დავასრულებთ ამ პროცესს და გამოვაქვეყნებთ შედეგებს.“

თუმცა კომისიის სხვა წევრები დავობენ იმაზე, უნდა გაუქმდეს თუ არა არჩევნების შედეგი ღაზნიში. საქმე ისაა, რომ ავღანეთის ამ პროვინციაში სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას ბევრი საარჩევნო უბანი უსაფრთხოების მოტივით დაიხურა. პროვინციის პუშტუნი ლიდერები ამბობდნენ, რომ ბევრი ამომრჩეველი არ ცხადდებოდა საარჩევნო უბანზე თალიბანის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლების გამო.

პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, რომელიც წარმოშობით პუშტუნია, განაცხადა, რომ, ქვეყნის ეროვნული ერთიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, მხარს დაუჭერს განმეორებით არჩევნებს ღაზნიში. ჰამიდ კარზაიმ დღეს ასევე განცხადება გააკეთა იმ პოლიტიკური ძალების გასაგონად, რომლებიც აპროტესტებენ სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებს:

„ზოგიერთი ჩვენი კანდიდატი, რომლებმაც ვერ მოიპოვეს ადგილები პარლამენტში, არჩევნებს ასაჩივრებენ. მათ აქვთ ჩივილის უფლება. ვინც უკმაყოფილოა არჩევნებით, უნდა მიმართოს ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას და იქ წარადგინონ საკუთარი საჩივარი. ეს არის ყველაზე უკეთესი გზა გასაჩივრებისა. მაგრამ გზების გადაკეტვა და ძალადობა იმის გამო, რომ ვერ მოიპოვეს ადგილები, არ არის მართებული და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ ქმედებას წარმოადგენს. მათ ეს არ უნდა გააკეთონ.“

ამასობაში, ავღანეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა პროკურორმა დღეს ეჭვი შეიტანა საარჩევნო შედეგების გადათვლის კანონიერებაში და მხარი დაუჭირა ამ საკითხზე გამოძიების დაწყებას.

მოჰამედ ისხაქ ალაკომ განაცხადა, მომეპოვება მტკიცებულება, რომ „გადაწყვეტილება ავღანეთის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე მიღებული იქნა დუბაიში და ქაბულის სავალუტო ბაზარზეო.“ პროკურორმა განაცხადა, რომ გადადგება თანამდებობიდან, თუკი გამოძიება არ დაინიშნება. ავღანეთში არსებული არჩევნების მონიტორინგის არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ ფონდის ხელმძღვანელმა იან დად სპინგჰარმა განაცხადა, რომ უამრავი დარღვევის გამო ავღანეთის მოსახლეობა არ დაეთანხმება არჩევნების შედეგებს:

„არსებობს შეშფოთება, რომ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებს არ დაეთანხმებიან არც კანდიდატები და არც ავღანეთის მოსახლეობა. ამის გამო კი საფრთხე შეექმნება ავღანეთის პარლამენტის კანონიერებას.“

ავღანეთის საარჩევნო საჩივრების კომისიის განცხადებით, მან არჩევნების შედეგად მომხდარ დარღვევებზე 5 000 საჩივარი მიიღო, რომელთაგან ნახევარი შეფასებული იქნა როგორც „სერიოზული.“
XS
SM
MD
LG