Accessibility links

logo-print

ცხინვალში საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას არ ენდობიან


ცხინვალი

ცხინვალი

ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, სადაც მან ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალის გამოუყენებლობის შესახებ განაცხადა, გამოხმაურება ცხინვალშიც მოჰყვა, თუმცა ეს გამოხმაურება მყისიერი არ ყოფილა.

კოკოითის ხელისუფლება ჯერ რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს დაელოდა და მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა ცხინვალის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა მორიგი პიარ-აქცია იყო. ჯიოევი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში სააკაშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას და აცხადებს, რომ მისი განცხადება - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ - მხოლოდ დეკლარაციაა.

ოსური მხარე კვლავ დაჟინებით მოითხოვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების გაფორმებას. ჯიოევის აზრით, თუ საქართველოს სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება მართლა მშვიდობიანი გზებით უნდა, მოლაპარაკება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან უნდა დაიწყოს და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაც უნდა გააფორმოს.
ოსური მხრიდან ასეთი განცხადებები არის სპეკულაციური და მათ უნდათ, პოლიტიკა ჩადონ ამაში, ამიტომ ჩვენ ახლა ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ...

პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ოსური მხარე ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით საკუთარ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას ცდილობს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პრეზიდენტის განცხადება მხოლოდ დეკლარირების დონეზე არ უნდა დატოვოს და ქმედითი ნაბიჯები საკანონმდებლო თვალსაზრისითაც უნდა გადადგას.

„აშკარაა, ამას იმიტომ ითხოვენ, რომ საკუთარი ლეგიტიმაცია დაადასტურონ, ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვს. მე ყოველთვის მოვითხოვდი, რომ სახელმწიფოს ცალმხრივად აეღო ვალდებულება და ამით განემტკიცებინა პოზიციები, რომ ვალდებულებებს ასრულებს. მათ (ოსებს, აფხაზებს) ეშინიათ, რომ სახელმწიფო ამ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მაგრამ სახელმწიფო თუ საკუთარი ვალდებულებების შემსრულებელი არ არის, ასევე იოლად შეუძლია ორმხრივი ხელშეკრულებაც დაარღვიოს. თავისთავად, ოსური მხრიდან ასეთი განცხადებები არის სპეკულაციური და მათ უნდათ, პოლიტიკა ჩადონ ამაში, ამიტომ ჩვენ ახლა ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. საქართველოში არა მარტო განცხადების დონეზე, - არამედ აქ, პარლამენტისა და მთავრობის დონეზე, - მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტი. ეს აქტი უნდა გაეგზავნოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა ქვეყანა საკუთარ თავთან იყოს ვალდებული, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით აგრესია არ განახორციელოს“, – თქვა პაატა ზაქარეიშვილმა

ქართული და ოსური მხარეები ერთმანეთს ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე შეხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ უკვე განაცხადა, ოსური მხარე მაინც მოითხოვს დ ეფაქტო რესპუბლიკასთან თავდაუსხმელობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმებას. ქართული მხარე, როგორც ცნობილია, დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებთან ასეთი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, რადგან ეს მათი აღიარების ტოლფასი იქნება.
XS
SM
MD
LG