Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეთავაზება პედაგოგებს - რვაწლიანი აქტიურობა გამოცდის სანაცვლოდ


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მასწავლებელთა პროფესიული მომზადების ეროვნული ცენტრის თაოსნობით პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემის - იმავე ჩარჩო-დოკუმენტის - პრეზენტაცია მოეწყო. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვით კრედიტები დააგროვონ და რვა წლის შემდეგ უგამოცდოდ მიიღონ პედაგოგის განახლებული სტატუსი.

პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მორიგი ინიციატივაა, ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ, ეს დოკუმენტი, როგორც მინისტრმა დიმიტრი შაშკინმაც თქვა, საჯარო სკოლებში მასწავლებლების პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

უფრო კონკრეტულად კი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გია მამულაშვილის განმარტებით, სერტიფიცირებულ პეგაგოგებს ამ სქემაში ჩართვით შეუძლიათ დააგროვონ გარკვეული რაოდენობის კრედიტი - იგივე ქულები - და აღარ ჩააბარონ სასერტიფიკაციო გამოცდა. ამ დოკუმენტში წერია, რომ სასურველი აქტივობების რიცხვი სულ 17-ია. ყოველ მათგანს შესაბამისი რაოდენობის კრედიტი მოჰყვება. ანუ რამდენ ასეთ აქტივობაშიც ჩაერთვება პედაგოგი, შესაბამის კრედიტს მიიღებს. ვადა სასერტიფიკაციო გამოცდიდან გამოცდამდეა, ანუ რვა წელი. პედაგოგების სურვილზეა - მიიღებენ თუ არა ისინი ამ შეთავაზებას. ყველა ინდივიდუალურად წყვეტს, სჭირდება თუ არა მას ქულების მოგროვება, ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობა და ამ გზით წახალისება. უბრალოდ, აქ ერთადერთი პირობა ისაა, რომ უარის შემთხვევაში ის გამოცდაზე გავა.
ტრენინგები, სემინარები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის... გარდა ამისა, ბავშვებს ვამზადებთ ხოლმე ოლიმპიადებისთვის, კონფერენციებისთვის და ამ შრომის დაფასება მართლა გვჭირდება...

პროფესიული განვითარების სქემა 300 პედაგოგს უკვე წარუდგინეს. მათ შორის იყო 82-ე საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი მეგი როსტიაშვილი, რომლის დამოკიდებულებაც ამ შეთავაზების მიმართ ასეთია:

”ტრენინგები, სემინარები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ შემდეგ შევძლოთ დავნერგოთ ის სიახლე, რასაც მოვისმენთ... გარდა ამისა, ბავშვებს ვამზადებთ ხოლმე ოლიმპიადებისთვის, კონფერენციებისთვის და ამ შრომის დაფასება მართლა გვჭირდება..."

ეს არის გზა, - გვეუბნება ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია, - რომელიც მოტივაციას აძლევს პედაგოგს გააკეთოს მეტი, იმუშაოს საკუთარ თავზე. თუმცა, მისი აზრით, სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ პედაგოგების უმრავლესობას საერთოდ არ გააჩნია ეს ჩვევა - წაიკითხოს მეტი, გაიგოს სიახლეები თავის სფეროში და, შესაბამისად, პედაგოგთა ამ ნაწილისათვის ვერც მსგავსი სქემები იქნება წამახალისებელი. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც გაკეთებული საქმის დაფასება სჭირდებათ და მათთვის, სიკო ჯანაშიას აზრით, მსგავსი სქემების შეთავაზება, შესაძლოა, წამახალისებელიც გახდეს.

პედაგოგების კრედიტებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებული საიდენტიფიკაციო კომისია დაითვლის.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG