Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა წარმომადგენლობითი სახალხო კრება, რომლის მონაწილეებმაც უნდობლობა გამოუცხადეს პრეზიდენტ სააკაშვილს


თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართა წარმომადგენლობითი სახალხო კრება, რომლის მონაწილეებმაც უნდობლობა გამოუცხადეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. კენჭისყრის შედეგად, უნდობლობა გამოუცხადეს ასევე ოქტომბერში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ითქვა ასევე, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნება დაუმორჩილებლობის კომიტეტები. "ხვალიდანვე დაიწყება ჩვენი მუხლჩაუხრელი ბრძოლა იმისათვის, რომ ყველა რაიონში, ყველგან, ყველა ქალაქში შეიქმნას კომიტეტები, რომლებიც მოამზადებენ დაუმორჩილებლობის აქციას", - განაცხადა წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე გამოსვლისას დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ. სახალხო კრების საინციატივო ჯგუფის წევრის, რეჟისორ რეზო ესაძის ინფორმაციით, კრებაში მონაწილეობდა 15 000-მდე დელეგატი, საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესი კი 7 000-მდე დემონსტრანტის შესახებ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო კრებაში მონაწილე მოქალაქეთა ერთი ნაწილი ჯერ არ დაშლილა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, პარლამენტის შენობასთან დარჩენილი რამდენიმე ათეული ადამიანი აცხადებს, რომ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.
XS
SM
MD
LG