Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი „სტაგნაციაზე“ საუბრობს, ოპოზიცია სკეპტიკური რჩება


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მმართველი პარტიის - „ედინაია როსიას“ - დომინაცია და პოლიტიკური კონკურენციის ნაკლებლობა „სტაგნაციას“ გამოიწვევს. ვიდეობლოგში გაკეთებულ განცხადებაში მედვედევმა დასძინა, ამგვარი ვითარება როგორც ოპოზიციისთვის, ისე საკუთრივ მმართველი პარტიისთვის არის საშიშიო. მის გამოსვლას მყისიერად გამოეხმაურნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც პრეზიდენტის გულწრფელობა აეჭვებთ.

პოლიტიკური სტატუს-კვოს უჩვეულოდ მწვავედ გაკრიტიკებისას რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მმართველი პარტიის - „ედინაია რასიას“- დომინაციას და პოლიტიკური კონკურენციის ნაკლებობას რუსეთი უძრაობისკენ - სტაგნაციისკენ - მიჰყავს. ეს კი, პრეზიდენტის აზრით, ოპოზიციისთვისაც და მმართველი პარტიისთვისაც საზიანოა.

ამგვარი შეტყობინების შემცველი ვიდეომესიჯი მედვედევმა 23 ნოემბერს განათავსა თავის ვებსაიტზე. ვიდეო რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიითაც გადაიცა:

„საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების გარკვეული პერიოდიდან გაჩნდა ერთგვარი უძრაობის სიმპტომები“, - განაცხადა მედვედევმა. - „წარმოიშვა საფრთხე, რომ სტაბილურობა სტაგნაციის გამომწვევ ფაქტორად გადაიქცევა. ასეთი უძრაობა კი ერთნაირად დამღუპველია როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური ძალებისთვის.“

თუმცა ამ უკანასკნელებმა - ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა - მედვედევის გამოსვლის მიმართ უკვე გამოხატეს სკეპტიკური დამოკიდებულება და მის გულწრფელობაშიც ეჭვი შეიტანეს.

საინტერესოა, რომ მედვედევის მიერ გამოყენებულ სიტყვა „სტაგნაციას“ - ანუ უძრაობას - რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების კრიტიკოსებიც ხშირად მიმართავენ. ამით ისინი თანამედროვე რუსეთს ადარებენ ბრეჟნევის პერიოდის საბჭოეთს, რომელიც საზოგადოების ცხოვრების შეზღუდვით, ეკონომიკის პრობლემებით და დისიდენტების დევნით გამოირჩეოდა.

რუსეთში, როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირის შემდგომი პერიოდი - ბორის ელცინის წლებიც - ცუდად ახსოვთ. ამ პერიოდს უკავშირებენ ქაოსს, ფართომასშტაბიან კორუფციას, ეკონომიკის ჩავარდნას, პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს.

ელცინის შემცვლელი - ვლადიმირ პუტინი - სწორედ ასეთ ფონზე მოვიდა ხელისუფლებაში; მის მიერ დაწყებულმა ხელახალმა ძლიერმა ცენტრალიზაციამ - იდეოლოგიის თვალსაზრისით კი რუსეთის სიძლიერის ხაზგასმამ და იმპერიალისტური ნოსტალგიის გაღვივებამ - ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან ერთად მას დიდი პოპულარობა მოუტანა. დღევანდელი რუსეთის პოლიტიკური სისტემა დიდწილად კვლავაც პუტინის პოპულარობას ეფუძნება.

სწორედ პუტინი - ამჟამად უკვე პრემიერ-მინისტრი - უდგას სათავეში მმართველ პარტიას, „ედინაია რასიას“, რომელიც დაარსებიდან, 2001 წლიდან, ქვეყნის პარლამენტში დიდ უმრავლესობას ფლობს. რუსეთის ამჟამინდელი მთავრობის კრიტიკოსები თანხმდებიან, რომ პარტიის ასეთმა ძლიერმა დომინაციამ განხვავებული შეხედულებები მარგინალურად, ოპოზიციური ძალები კი უძლურად აქცია.

დმიტრი მედვედევი, რომლის გაპრეზიდენტება პუტინის ინიციატივით მოხდა, მოვიდა პოლიტიკურ სისტემაში ღიაობის შეტანის და ქვეყნის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებული ეკონომიკის მოდერნიზების დაპირებებით. თუმცა დღეს ბევრი ამბობს, რომ მან ვერანაირი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება ვერ შეძლო.

„გარდამავალი სახელმწიფოების“ შესახებ ბოლო - 2010 წლის - ანგარიშში საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ რუსეთის საარჩევნო პროცესის ხარისხს „საშინელს“ უწოდებს. ანგარიშის თანახმად, სისტემა იმ აზრით არის მოწყობილი, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველანაირი მოულოდნელობა გამოირიცხოს.

თუმცა 23 ნოემბრის ვიდეობლოგში - 11-წუთიან გამოსვლაში - რუსეთის პრეზიდენტმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის პირველი ორი წლის მანძილზე გატარდა და მიზნად პოლიტიკურ სისტემაში ღიაობისა და მოქნილობის შეტანას ისახავს.

მედვედევის თქმით, ასეთები იყო, მაგალითად, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლა და გუბერნატორების დამტკიცების პროცესში იმ პარტიების როლის გაზრდა, რომლებიც რეგიონალურ პარლამენტებში უმრავლესობას ფლობენ. რეგიონალურ გუბერნატორებს უშუალოდ პრეზიდენტი არჩევს.

კიდევ ერთი რეფორმა, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას უწყობს ხელს, იმ ხელმოწერების რაოდენობის შემცირებაა, რომელთა შეგროვებაც პარტიებს არჩევნებში მონაწილეობისთვის ესაჭიროებათ.

თუმცა, როგორც გითხარით, ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი მედვედევის სიტყვას სკეპტიკურად მოეკიდა. „სიტყვები საკმარისი არ არის - საქმე გვჭირდებაო“, უთხრა სააგენტო ინტერფაქსს ლიბერალმა ვლადიმირ რიჟკოვმა.

სერგეი მიტროხინმა - „იაბლოკოს“ ლიდერმა - პრეზიდენტის არგუმენტაცია „აბსურდის თეატრს“ შეადარა. როგორც მიტროხინმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა, ყველა ის რეფორმა, რითაც მედვედევს თავი მოაქვს, ზედაპირული და უმნიშვნელოა:

„სინამდვილეში, ეს ყველაფერი მხოლოდ კოსმეტიკური ზომებია, რომელიც აბსოლუტურად არაფერს ცვლის. ხელმოწერების შეგროვების ინსტიტუტი ძალაში რჩება - ის ერთგვარ დაცინვად იქცა, რადგან ხელმოწერებთან ერთად საპასპორტო მონაცემებსაც ითხოვენ. ხალხს არ უნდა ამ მონაცემების გაცემა - ეშინიათ, რომ ეს მათ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული“, - ამბობს მიტროხინი და დასძენს: „პრეზიდენტმა ეს ძალიან კარგად იცის. პარტიები არჩევნებში უთანასწორო პირობებით მონაწილეობენ. ასეთ ვითარებაში როგორ უნდა აირიდონ ოპოზიციურმა პარტიებმა მარგინალიზაცია? თავად კანონმდებლობა ახდენს მათ მარგინალიზაციას და დისკრიმინაციას.“

როგორც მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსმა - მარია ლიპმანმა - სააგენტო როიტერს უთხრა, მედვედევის ვიდეობლოგი მოწმობს, რომ კრემლს რეჟიმის იმიჯის გაუმჯობესება სურს. მაგრამ, ლიპმანის აზრით, ვითარების ისეთი ცვლილება, რომ რუსეთში რეალური პოლიტიკური კონკურენცია გაჩნდეს, ახლო მომავალში არ მოხდება.

ამავე ცენტრის კიდევ ერთი ანალიტიკოსის, ნიკოლაი პეტროვის აზრით, მედვედევის ვიდეობლოგი ერთგვარი შესავალი იყო იმ ყოველწლიური სიტყვისა, რომლითაც მედვედევი რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე 30 ნოემბერს წარდგება:

„სავსებით ნათელია, რომ პრეზიდენტის ეს მიმართვა ერთგვარი პრელუდიაა, რომელიც მის საპრეზიდენტო სიტყვას უსწრებს წინ. ვხედავთ ამ მიმართვის პირველ ეტაპს - პრობლემის დიაგნოზს და უკვე გაკეთებულის ანალიზს. საპრეზიდენტო გამოსვლაში კი ალბათ მის ახალ წინადადებებსაც მოვუსმენთ გარდამავალი პოლიტიკური რეფორმების დანერგვის შესახებ, როგორც ამას ის თავად ხედავს“, - ამბობს ნიკოლაი პეტროვი.

ანალიტიკოსები ამ გამოსვლას ყურადღებით დააკვირდებიან - ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ ამ სიტყვაში გამოჩნდება, აპირებს თუ არა მედვედევი ხელმეორედ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე 2012 წელს.

ამ პოსტზე დაბრუნების თეორიული შანსი ორი წლის შემდეგ ვლადიმირ პუტინსაც ექნება, რომელსაც ბევრი რუსეთის დღევანდელ მმართველ ტანდემში რეალური ძალაუფლების მქონე ფიგურად მიიჩნევს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG